"ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ, შესაძლოა, იყოს ემოციური ნათქვამი და შეიძლება ფიგურალურად იყოს გაგებული, თუ ივანიშვილი მართლაც ასე ფიქრობს. ეს არის მსხვილი პოლიტიკური შეცდომა, რადგან ის არის ერთადერთი მაკონსოლიდერებელი ფიგურა, თუნდაც იმ კოალიციისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია. ამ ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც კოალიციის დაშლის საფრთხის გამო, არ შეიძლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს დაპირებების დიდი პაკეტი, რომელიც გაიცა კოალიციის მიერ. დაპირებების შესრულებას სჭირდება სერიოზული პროცესების დაწყება. რასაც ჯერჯერობით ვხედავთ, ეს არის კონტურები", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის".
"ბიძინა ივანიშვილი ვერ გააკონტროლებს ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორიდან. ასეთი რამ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ჭირს. მიაქციეთ ყურადღება, ბიძინა ივანიშვილს ასეთი თვისება აქვს, - აყენებს წინადადებას და ქმნის ზონდაჟის ველს, ამით ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, რის შედეგადაც ის თავად იღებს გადაწყვეტილებას. მან ბევრი საკითხი დატესტა ასე და მოისმინა საზოგადოებრივი აზრი, დაწყებული ტრანსკავკასიური რკინიგზით და დამთავრებული წვრილმანი საკითხებით. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტიპის განცხადება ზუსტად ზონდაჟს ემსახურება. ეს არის ერთგვარი ტესტირება, საზოგადოებრივი აზრის ტესტირება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეგობარ თუ მოწინააღმდეგე ქვეყნებში პოლიტიკური ელიტის აზრისა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"რაც შეეხება იმას თუ ვინ შეიძლება დატოვოს მემკვიდრედ, ეს საკითხი არ მაინტერესებს, მიმაჩნია, რომ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში შექმნას სტაბილურობა, არის ივანიშვილი. ამ ეტაპზე ასეთი ფიგურა სხვა არავინ არის. ასე რომ, ჩემთვის ეს გეგმა ნონსენსია და გამორიცხულია. ამიტომ ვთვლი, რომ ივანიშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება კონტრპროდუქტიული და მეტიც, შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ვინმემ ისე კი არ გამიგოს, რომ დითირამბებს ვუმღერი ივანიშვილს, ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული, საქმიანი შეხედულება, რომელიც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარეობს. ამიტომ ვამბობ ხაზგასმით, მე არ მაინტერესებს, ვინ შეიძლება ამ ეტაპზე შეცვალოს ივანიშვილი. ორი წლის შემდეგ შესაძლოა, სხვა პოლიტიკური ვითარება იყოს, ახლა ივანიშვილი არსად არ უნდა წავიდეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"პრემიერს რომ პოლიტიკიდან წასვლა უნდა, ამის თაობაზე პირველივე დღიდან იყო ცნობილი, ამას დაბეჯითებით არავინ აღიქვამდა და ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ერთგვარი მანევრი. რაც შეეხება ალასანიას, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით, მისი ქმედება პრემიერის სავარაუდო ნაბიჯებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე ვფიქრობ, პოლიტიკურ ველზე ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდება, ამას გეუბნებით აბსოლუტური დაბეჯითებით. მართალი გითხრათ, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე ვამბობ. პოლიტიკური სივრცე არის ცარიელი, ასე მარტივად პოლიტიკურ სივრცეს არ დათმობენ, ბრძოლა იქნება ძალიან სერიოზული პრეზიდენტის სავარძელისთვის, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ეს საკითხი დამთავრებულია. როცა მეკითხებით, რა შეიძლება გააკეთოს კიდევ სააკაშვილმა, არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ისეთი საპრეზიდენტო ახალი კანდიდატი, რომელიც დაძაბავს პოლიტიკურ სიტუაციას", - დასძენს მამუკა არეშიძე.