მგზავრთა ბედნიერება

მგზავრთა ბედნიერება

მართალია, დედაქალაქის მესვეურები ყვითელ ავტობუსებსა თუ მეტროპოლიტენში მგზავრობის გაძვირებისთანავე დაგვპირდნენ ფეხით მოსიარულე საზოგადოებას, რომ „მეტრომანს“ შემოიღებდნენ, რის შეწევნითაც, ყოველი მომდევნო მგზავრობის ღირებულება შეგვიმცირდებოდა, თუმცა ციური მანანის მომლოდინე საზოგადოებას ხელში მხოლოდ „მეტრომანი“ შერჩა და, რა თქმა უნდა, გაძვირებული მგზავრობა.

მაგრამ, რაკი ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია, გასულ კვირას გაირკვა, რომ დედაქალაქის მესვეურებმა (თავად ძვირად ღირებული ავტოებით მოსრიალენმა) ფეხით მოსიარულეებს ახალი ინიციატივა შესთავაზეს. ინიციატივის არსი შემდეგნაირია: ყველა იმ მგზავრს, ვინც „მეტრომანით“ სარგებლობს, შესაძლებლობა ეძლევა, რომ საათ-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალური ტანსპორტით სულ რაღაც 50 თეთრად იმოძრაოს.

კერძოდ, თუკი მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასურ 50 თეთრს „მეტრომანით“ გადაიხდით, საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა თუ ავტობუსის სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავრებთ.

ბუნებრივია, ინიციატივა მისასალმებელია (აბა, როგორ არ იქნება, როდესაც კონკრეტულად დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მილიონამდე ადამიანი სარგებლობს), თუნდაც, ყვავისა და კაკლის პრინციპით, თუმცა დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, ყური ხალხის ხმისთვის მიეგდო. სახელდობრ, ეს ინიციატივა მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება და, თუკი 15 000 თბილისელის მხარდაჭერას მიიღებს, „მეტრომანით“ საათ-ნახევრის განმავლობაში, სულო და გულო, რამდენი ავტობუსითაც გაგვიხარდება, 50 თეთრად იმდენს ვიმგზავრებთ.

მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, „ენ დი აის“ მონაცემებით, გამოკითხულთა 67 პროცენტს თავი დაუსაქმებლად მიაჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაინცდამაინც არც სამგზავროდ აქვთ საქმე და არც მგზავრობისთვის საჭირო თანხით აქვთ დამძიმებული ჯიბეები, სავარაუდოა, რომ ზემოხსენებულ ინიციატივას რელაქსაციის დატვირთვაც აქვს: ბოლოს და ბოლოს, საათ-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 50 თეთრად „ვიკატავებთ“!