საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობმა მკვეთრი გაიაფება დაიწყო. ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულება - 93-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა; ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნავთობის ღირებულება კი 88 დოლარამდე დაეშვა. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი უკვე ოფიციალურად ჩამოსცდა ომამდელ ნიშნულს. პოზიტიური პროგნოზი კეთდება საქართველოშიც. იმპორტიორები ადასტურებენ, რომ ბენზინისა და დიზელის გაიაფება საცალო ქსელშიც დაიწყება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე 1 ბარელი „ბრენტის“ ფასი 94 დოლარი იყო, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა.
ნავთობის ფასების შემცირების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა. აღნიშნულ მოსაზრებას კი განსაკუთრებით აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აშშ-ის ეკონომიკა შემცირდა, ხოლო პოზიტიური პროგნოზი ანალიტიკოსებს არც მეორე ნახევართან დაკავშირებით აქვთ.
რეცესიისა და ეკონომიკის კრიტიკულად შენელების რისკები, ბუნებრივია, ნეგატიურ ზეწოლას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე, რადგან აღნიშნული სცენარის განვითარება მნიშვნელოვნად შეამცირებს საწვავზე მოთხოვნას და მოსახლეობის გადახდისუნარიანობას.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ომის დასაწყისში ინვესტორები და ტრეიდერები ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვების სრულ პარალიზებას პროგნოზირებდნენ, რაც ფასებზეც შესაბამისად აისახა, თუმცა ფაქტია, რომ რუსული ნავთობის ნაწილობრივი ჩანაცვლება მოხერხდა, უახლოეს მომავალში კი მოსკოვის მხრიდან მიწოდების სრულად შეწყვეტის რისკი საკმაოდ დაბალია.
პარალელურად „ოპეკი“, როგორც იქნა, დათანხმდა ნავთობწარმოების ზრდას. მართალია, ეს ყოველთვიურად მცირე მოცულობაა, თუმცა საერთაშორისო ბირჟებისთვის საკმარისი სიგნალია, რათა ადკევატურად იმოქმედონ.
როგორც იქნა, საწვავის მიმართულებით, საქართველოშიც პოზიტიური გზავნილები კეთდება. იმპორტიორები გაიაფებაზე ალაპარაკდნენ. ყველაფერთან ერთად ვითარების საგრძნობ გაუმჯობესებას ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებაც უწობს ხელს, რომელიც 2,70-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაიაფებამ საქართველოს საბითუმო ბაზარზე ფასის კორექტირება უკვე გამოიწვია. კომპანია „სენტა პერტოლეუმის“ დამფუძნებლის, ზაალ იაკობიძის ინფორმაცით, საწვავზე ღირებულებამ 20-25 თეთრით იკლო და თუ ზემოთ აღნიშნული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება, ფასის კლება კიდევ მოხდება.
„ფასის კლების მიმართულებით ცვლილებები მოსალოდნელია და მეტიც, საბითუმო ბაზარზე ღირებულების შემცირება უკვე მოხდა. კონკრეტულად, საწვავი, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება დიზელს, აქაც, დაახლოებით, 20-თეთრიანი ფასის კლებაა საბითუმო ბაზარზე. საცალო ქსელშიც მოხდება მისი ასახვა, ცოტა ხანში დაკორექტირდება ფასები.
ამჟამად, საბითუმო ბაზარზე ბენზინი ღირს 2.85 ლარი, ხოლო დიზელი, დაახლოებით, 4.30 ლარი და თუ კურსის გამყარებისა და მსოფლიოში ნავთოპროდუქტების გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ ფასი კიდევ დაიკლებს“, - განაცხადა იაკობიძემ.
დადებითი ტენდენციის შეანარჩუნება კი ნამდვილად მოსალოდნელია, როგორც ლარის კურსის, ისე ნავთობზე ფასის კლების, ანდა იმ ნიშნულზე დარჩენისა და სტაბილიზაციის კუთხით, როგორც ბოლო დროს არის მსოფლიოში.
უფრო მეტიც, დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სამომავლო, ანუ ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში ინვესტორები ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტ ვარდნას პროგნოზირებენ.
„ბიემის“ ინფორმაციით, სანავთობო ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით ასე გამოყურება:
2022 წლის ოქტომბერი - 87 დოლარი
2022 წლის ნოემბერი - 86 დოლარი
2022 წლის დეკემბერი - 85 დოლარი
2023 წლის იანვარი - 85 დოლარი
2023 წლის თებერვალი - 84 დოლარი
2023 წლის მარტი - 83 დოლარი