თბილისელებს პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი სურთ

თბილისელებს პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი სურთ

(იბეჭდება შემოკლებით)

ახლახან სოციოლოგიური კვლევების ცენტრმა „რეიტინგი კავკასიამ“ ახალი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის წარმომადგენლების მტკიცებით, 10-14 სექტემბერს გამოიკითხა 50 თბილისელი და შედეგებმა თბილისელთა განწყობაში ახალი ტენდენციები დააფიქსირა.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ყველას შალვა ნათელაშვილმა გადაუსწრო.

კითხვაზე, თუ ვის აირჩევდნენ საქართველოს პრეზიდენტად, დღეს არჩევნების დღე რომ იყოს, გამოკითხულთა 17.8%-მა შალვა ნათელაშვილს დაუჭირა მხარი. დღევანდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 14,1%-ით მეორე ადგილზეა. 11.4%-ით მესამეზე - ასლან აბაშიძე. საბოლოოდ, პირველი ხუთეულის სია ასეთია:

შალვა ნათელაშვილი - 17.8%

ედუარდ შევარდნაძე - 14.1%

ასლან აბაშიძე - 11.4%

მიხეილ სააკაშვილი - 10.9%

ჯუმბერ პატიაშვილი - 8.0%

პარტიებს შორის პირველები არიან მემარჯვენეები. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას, ბლოკს, მოძრაობას, გაერთიანებას მისცემდით ხმას დღეს რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იყოს, 22%-მა გაჩეჩილაძე-გამყრელიძის პარტიას დაუჭირა მხარი. მეორეზე ლეიბორისტები გავიდნენ 20.7%-ით, ხოლო მესამეზე ნაციონალური მოძრაობა 15.4%-ით. გამარჯვებულთა პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ახალი მემარჯვენეები - 22%

ლეიბორისტები - 20.7%

ნაციონალური მოძრაობა - 15.4%

აღორძინება - 9.2%

მრეწველები - 7%

თბილისის მერობაზე პირველობა არავის დაუთმო ვანო ზოდელავამ. გამოკითხულთა უმრავლესობამ უპირატესობა მას მიანიჭა - 24.6%. მეორე ადგილზე ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი გავიდა - 17.2%, მესამეზე კი ნაციონალი მიხეილ სააკაშვილი - 14.1%.

ასეთია ქართული პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები დღეისათვის. იგი ადასტურებს თბილისელი ამომრჩევლის ფაქიზ დამოკიდებულებას პოლიტიკური ისტებლიშმენტისადმი და სიმპათია - ანტიპათიის რყევის მაღალ ამპლიტუდას.

მართლაც, შედეგების მიხედვით, ლეიბორისტები ისევ ინარჩუნებენ მაღალ რეიტინგს და ეს მათი ლიდერის საპრეზიდენტო კანდიდატებში პირველი და თბილისის მერიის კანდიდატებში მეორე ადგილით გამოჩნდა, თუმცა, პარტიების რეიტინგში მათ პირველობა მემარჯვენეებმა წაართვეს.

მემარჯვენეების დიდ რეზერვზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებში ლევან გაჩეჩილაძე მეშვიდე ადგილზეა, მერობის პრეტენდენტებში კი -  მეოთხე.

სტაბილურია ნაციონალური მოძრაობისა და დემოკრატთა ლიდერის პოზიციები. პრეზიდენტობის კანდიდატებში სააკაშვილი მეოთხეა, ზურაბ ჟვანია კი - მეექვსე.

აშკარაა, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ძვრებია და გამოკვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი ტენდენციების გაჩენას, რაც საბოლოო სახეს ალბათ, საპარლამენტო არჩევნებისათვის მიიღებს.