ლარის მკვეთრი და შეუქცევადი გამყარების მიუხედავად, პროდუქცია არ იაფდება. მომხმარებელი ძალიან გაბრაზებულია, იმპორტიორები კი თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ. სადამდე გაგრძელდება სამომხმარებლო ბაზარზე გაურკვევლობა და როდის დაიწყება ფასების კლება?
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამტკიცებს, რომ ახლო მომავალში ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ, მიუხედვად იმისა, რომ ლარი მკვეთრად მყარდება და მომავლშიც შეინარჩუნებს დადებით დინამიკას. ყველაფრის მიზეზია საქონლის გაზრდილი თვითღირებულება და ლოჯისტიკის მაღალი ფასი.
„ყველაზე მნიშვნელოვანია და ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, რატომ არ იაფდება სურსათი, ლარის გამყარების პარალელურად. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ლარი თავისებურად ამოუცნობ ობიექტად იქცა. გვინახავს წინა წლებში, 40 პუნქტით გამყარებული ლარი და მერე, ისევ უცებ გაუფასურებული.
ჩვენ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე დავაკვირდებით ტრენდს. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდა 2.70-2.80-ის ფარგლებში, ეს დადებითად აისახება ფასებზე, ანუ მეტად აღარ გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ პროდუქციის ფასი მხოლოდ კურსით არ არის განპირობებული. საერთაშორისო ბაზარზე, მკვეთრი მატებაა. სურსათზე 20-დან 40%-მდე იყო გაზრდილი თვითღირებულება. ლოგისტიკის ნაწილში კი, 50-დან რიგ შემთხვევაში 150-200%-მდეც კი იყო მატება“, - განაცხადა ჭყონიამ გადაცემაში „საქმე“.
მას ნაწილობრივ ეთახმებიან ეკონომისტები. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, პრობლემას ქმნის არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ბიუროკრატიული ბარიერები, ასევე ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა, რაც საქონლის გაიაფების შესაძლებლობას არ იძლევა.
„საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით ისევ მაღალი ფასებია. ამას განაპირობებს ლოგისტიკის სიძვირე, მოთხოვნის გაზრდა და სხვა ნიუანსები. ნებისმეირ შემთხვევაში, როცა სიძვირე გვაწუხებს, უნდა დავსვათ კითხვა, ხომ არ არის რამე რეზერვი, რომ საქონელი ალტერნატიული გზით მივიღოთ? ხომ არ არის ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ხელს უშლის ფასების შემცირებას? შეგვიძლია თუ არა, რომელიმე პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შემოვიტანოთ და რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა?
არის რამდენიმე საქონელი, რომლის შემოტანაც გართულებულია, მაგალითად, ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გაძნელებულია. თანაც გარკვეული პრივილეგიებია მსხვილი მეწარმეებისთვის, რაც აძვირებს პროდუქტს და ცხოვრებას გვირთულებს. პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც საბოლო ჯამში ფასის კლებას გამოიწვევს.
წლებია ვიცოდით, რომ წამლები თურქეთში უფრო იაფია და როგორც კი გამოინახა გამოსავალი, მედიკამენტები საქართველოშიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ანალოგიურად უნდა მივუდგეთ სხვა პროდუქტების იმპორტსაც“, - განაცხადა შეშელიძემ და დასძინა, რომ ბიუროკრატიული ბარიერები უნდა გამარტივდეს, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზეც მოახდენს გავლენას და მოსახლეობის მდგომარეობას მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს.
„დღეს დღგ-ს ბევრი მეწარმე გაუყიდავ საქონელზე წინმსწრებად იხდის. ბევრი ბიუროკრატიული შეზღუდვაა, რაც ფასების კლების საშუალებას არ იძლევა. სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდება არის შეზღუდული, არჩევანიც ნაკლებია და რაც შემოგვაქვს, საკმაოდ მაღალი ღირებულებით აღწევს ქართულ ბაზრამდე. ბევრი ისეთი საკითხია, რის შეცვლაც რეალურად შესაძლებელია, თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება“, - დასძინა შეშელიძემ.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმპორტის მოწოდების ვადებზეც.
„ზეთის ფასი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 5-10%-ით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ 1-ელი აგვისტოდან საბაჟო გადასახადი რუსეთმა გაზარდა. იგივე სიტუაციაა შაქარზე, თუმცა იქ სხვა, ლოგისტიკის პრობლემაა. ფოთის და ბათუმის პორტებში ჭირს შემოსვლა. პროდუქტს, რომლის ჩამოტანასაც 3-დან 5 დღემდე სჭირდებოდა, დღეს 2-3 კვირა სჭირდება. ამ პერიოდში, იგივე გადარიცხულ თანხას საბანკო პროცენტი ერიცხება. ეს ქმნის ნეგატიურ ფაქტორებს და ეს იწვევს, რომ ლარის გამყარების პროპორციულად, ვერ მცირდება პროდუქციის ფასი“, - განაცხადა ჭყონიამ.