„თუ „ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს, დარწმუნებული ვარ, ის ამომრჩევლის ნახევარსაც კი დაკარგავს“

„თუ „ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს, დარწმუნებული ვარ, ის ამომრჩევლის ნახევარსაც კი დაკარგავს“

იმუშავებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაცვის ახალი სტრატეგია და მიიღებს თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის შეთავაზებას, თავისუფლება პოლიტიკის სანაცვლოდ? რას იზამს ლიდერის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ ბელადი თავის გადარჩენის სანაცვლოდ მათ უარყოფას აპირებს?

სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას, ბოლო რამდენიმე დღეა მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები ავრცელებენ, თუმცა პოლიტიკურ მომავალზე თავად მიხეილ სააკაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს. სწორედ ეს ხდის ამ ინფორმაციას უცნაურს და იძლევა იმის თქმის ვარაუდს, რომ სააკაშვილი ადვოკატების მეშვეობით ხელისუფლებისთვის პირის მოსინჯვას ცდილობს. როგორც დაცვის მხარე და მსჯავრდებულის დედა ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი გეგმების შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში სასამართლო პროცესზე გააკეთებს.

ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და გამოჯანმრთელების შემდეგ, პოლიტიკური მომავალი მხოლოდ უკრაინას დაუკავშიროს. თქვეს ისიც, რომ არ უკვირთ სააკაშვილის თანაგუნდელების განწყობები, რის გამოც დაცვის მხარეს მეორე დღეა თავის მართლება უწევს.

სწორედ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატებისგან გაიგეს პარტიაში, რომ მათი ლიდერი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. სააკაშვილი ქართული პოლიტიკის მიღმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილისთვის იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადვოკატების ნათქვამის დაჯერება თავდაპირველად გაუჭირდათ. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის განუყოფელი ნაწილია და ახლა მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხია. ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ერთადერთი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ადვოკატების განცხადებები, მათი სტრატეგიის ნაწილი იყო და ის არ იზიარებს.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ადვოკატების სტრატეგია მიხეილ სააკაშვილს პასუხიმგებლობას ვერ აარიდებს და ვერც სასჯელს შეუმსუბუქებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის მსჯავრდებული პრეზიდენტის უფლებადამცველების განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თუ რამის თქმა საჯაროდ სურს და სურდა, ამას ყოველთვის აკეთებდა, ამიტომ ახლა ძალიან საინტერესოა ამ ინფორმაციას ადვოკატების მეშვეობით რატომ ახმოვანებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა მისი მხრიდან ხელისუფლების პოზიციის მოსიჯვა იყოს და ამით ცდილობდეს გაიგოს, წამოვა თუ არა მსგავს ნაბიჯზე „ქართული ოცნება“. მან ამის გახმოვანება ჯერ შვილის, ედუარდ სააკაშვილის მეშვეობით დაიწყო, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ადვოკატებს დაადასტურებინა.

„როგორც ჩანს, სააკაშვილი ჯერ ნიადაგს სინჯავს. ამით ცდილობს გაიგოს, როგორც ხელისუფლების, ასევე საკუთარი პარტიის პოზიცია. მას აინტერესებს ამ მოსაზრებას ორივე პოლიიტკური ძალისგან რა სახის გამოხმაურება მოჰყვება. როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილებას და განცხადებასაც ამის შემდეგ გააკეთებს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ პოზიციას, რომელსაც ეს განცხადება ადვოკატების სტრატეგიად მიჩნია, ლოგიკურია, რადგანაც სააკაშვილი თუ ამ განცხადებას თავად გააკეთებს, ეს ყველაზე დიდ დარტყმას პარტიას მიაყენებს.

ამიტომ ამ მიმართულებით მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებენ. თუ პარტიაში სააკაშვილის ეს პოზიცია არ იციან, წინ რა უდგას იმას, რომ შეხვდენენ და გაარკვიონ რა ხდება?! ან სააკაშვილი ამას რატომ ახმოვანებს ადვოკატების პირით და არა, მაგალითად, პარტიის რომელიმე ლიდერისგან? - ეს ხომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ვფიქრობ, ის პარტიაზეც განაწყენებულია და როგორც აღვნიშნე, ამით ხელისუფლების და ენმ-ის პოზიციაც აინტერესებს“, - აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გაუადვილდება თუ არა მას სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირების შემთხვევაში მის საზღვარგართე სამკურნალოდ გადაყვანა, ან შეწყალება, ძაბირაძე ამბობს, რომ „ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლება ჯერჯერობით არაფერში წაადგება და მის ჯანმრთელობას, როგორც ჩანს, ძალიან კარგად აკონტროლებენ.

„ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან საზღვარგართე გაყვანის გადაწყეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის ჯამრთელობის მდგომარეობას საფრთხე რეალურად დაემუქრება. რაც ადვოკატებს და მის ოჯახს უნდა, ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილს ძალიან კარგად უვლიან და ამ საფრთხეს ხელისუფლება ვერ ხედავს. ამიტომაც წყნარად და მშვიდად არიან. რაც შეეხება დასავლეთის როლს და ჩართულობას, თუ მათ ამ საქმეში ჩართვა უნდოდათ, აქამდე ჩაერთვებოდნენ.

ახლა ხელისუფლების და დასავლეთის ურთიერთობა იმდენად რთულად არის, რომ არ ველი სააკაშვილის გამო მათ „ოცნებას“ რაიმე სახის მოთხოვნები წაუყენონ. მით უმეტეს ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭებას ერიდებიან. არც იმას ველი, რომ ვინმე სააკაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებას ქვეყანაში პოლარიზაციის დასასრულად მიიჩნევს. ამიტომ რთულია იმის პროგნოზირება, ვინ როგორ მოიქცევა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხელ სააკაშვილი და მისი ადვოკატები ამ ტაქტიკის გამოყენებით ცდილობენ ხელისუფლება წაიყვანონ დათმობაზე, რათა მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა მოხდეს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ არა აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკიდან დისტანცირებული იქნება თუ არა, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას მისი ამომრჩეველი დიდ შეცდომად ჩაუთვლის, რომელიც შესაძლოა „ოცნებას“ მხარდამჭერების დაკარგვის ფასადაც კი დაუჯდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ისევ კოაბიტაციაშია და წლების განმავლობაში დაპირებული სამართლიანობა ვერ აღადგინა.

„ადვოკატები თამაშობენ ასეთ სქემას, რომ თუკი სააკაშვილის დაპატიმრების მთავარი მიზანი პოლიტიკურია, მაშინ ის პოლიტიკიდან გავა და ხელისუფლებას საშუალებას მისცემენ, რომ მისი გათავისუფლება თუ სასჯელის გადავადება პოლიტიკურად მისთვის ზიანის მომტანი არ იყოს. ანუ, თუ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაშინ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის დასჯის ინტერესი აღარ უნდა ჰქონდეს. ამისთვის კი ნიადაგს სინჯავენ და სააკაშვილის პირდაპირი განცახდების მაგივრად, ამას მისი ადვოკატები აკეთებენ. რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, რომ მისთვის ეს არ იქნება მარტივი გადაწყვეტილება. თუ „ოცნება“ ამაზე წავა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლის ნახევარსაც კი დაკარგავს. ეს მის მხარდამჭერებში ძალიან დიდ უკმაყოფილებას წარმოქმნის და ხელისუფლებას განუდგებიან. ამიტომ ამ რისკებს, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ხვდება და აანალიზებს, ამიტომ არ ველი, რომ ამ შეთავაზებას მიიღებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის პარტიისგან და პოლიტიკიდან დისტანცირება ყველაზე დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება. მართალია, ამ პარტიას რამდენიმე ჯგუფი გამოეყო, მაგრამ ის არ დაიშალა იმიტომ, რომ მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილის სახით პარტიაში რჩებოდა. ამიტომ ენმ-ის ბედი ისევ იმაზეა ადამოკიდებული, სად იქნება სააკაშვილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ ის მართლაც პარტიისგან დისტანცირდა, მინიმუმ, პარტიის ორად გაყოფა მოხდება. მელიას გუნდის და სააკაშვილის ძველი თანამებრძოლების დაშორება გარდაუვალია. აქაც ის ჯგუფი დაიმსახურებს სააკაშვილის მხარდამჭერების გულს, რომლებიც კვლავ მისი სახელით ისაუბრებენ და იმოქმედებენ.

 

Aburjga Tasmanieli ოცნებამ როგორ უნდა გაათავისუფლოს? ოცნება არის პოლიტიკური პარტია, ხოლოსააკაშვილი დაპატიმრებული ჰყავს მართლმსაჯულებას - გსამართლებული და სასამართლოსაგან აქვს მისჯილი, რასაც იხდის ხან საპატიმროში ხან საავადმყოფოში!
1 კვირის უკან
Maverick შენიშვნა:
ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის განუყოფელი ნაწილია ( ჩემი, იგივე Maverick-ის გონივრული ეჭვით გაძარცვული ხაზინიდან მითვისებული ფინანსების გამო!)და ახლა მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ (მითვისებული ფინანსების და არა - Maverick) ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხია.
1 კვირის უკან