თაღლითობა საპატრიარქოს სახელით?!

თაღლითობა საპატრიარქოს სახელით?!

საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სკოლებში პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის 23-ე და მე-20 საჯარო სკოლებში მუყაოს ფურცლებზე დაბეჭდილი ხატიანი მოწმობები შეიტანეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უცნობები ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ მოწმობის აღებისთანავე “საქართველოს ერთსულოვან მამულიშვილთა ლაშქარში” გაწევრიანდებოდნენ. მშობელთა მონათხრობით, მოწმობა 30 თეთრი ღირდა. მოწმობის გამყიდველები მოწაფეებს, თურმე, ეუბნებოდნენ, რომ მათ, ვინც აღნიშნული მოწმობა იყიდა, პატრიარქი ლოცვებში მოიხსენიებს. მშობელთა თქმით, დირექტორებს მოსთხოვეს, აეხსნათ, თუ რატომ ირღვეოდა სკოლის შინაგანაწესის ის პუნქტები, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ნებისმიერი სახის პოლიტიკური და რელიგიური პროპაგანდა, ასევე, ფულის შეგროვება და ვაჭრობა იკრძალება.

მე-20 სკოლის დირექციაში ირწმუნებიან, რომ ზემოხსენებულ სიაში მხოლოდ პედაგოგები და მათი ოჯახის წევრები ირიცხებიან და არა _ სკოლის მოსწავლეები. დირექციის განმარტებითვე, ბარათები საპატრიარქოსგანაა და სკოლაში, განათლების სამინისტროს ბრძანებით, ჟურნალ “ქაროზის” რედაქტორმა მიიტანა.

მე-20 სკოლის პედაგოგები მიიჩნევენ, რომ სკოლაში რელიგიური მასალის რეალიზაციით სკოლის შინაგანაწესი არ დარღვეულა, ვინაიდან მასალის გავრცელება მხოლოდ მასწავლებლებს შორის მოხდა.

“ქართული სიტყვა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ სამინისტროს მოწმობების დარიგებასა და რეალიზიაციაზე ნებართვა არ გაუცია. “ამ ინფორმაციის მოკვლევა უკვე დაწყებულია და უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”, კერძოდ, ის მუხლები, სადაც სკოლებში რელიგიური პროპაგანდის დაუშვებლობაზეა საუბარი”, _ განმარტავენ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

იმის გასარკვევად, მართლაც, საპატრიარქოს, ასე ვთქვათ, კუთვნილებაა თუ არა ზემოხსენებული ბარათები, “ქართული სიტყვა” საპატრიარქოს პრესცენტრის თანამშრომელ მარიამ გაგუას ესაუბრა.

“როდის იყო, საპატრიარქო სკოლებში რაღაც მასალების გასაყიდად დადიოდა? ეს ხომ აბსურდია? ჯერ ერთი, როცა სკოლაში მიდის უცნობი ადამიანი, მას საბუთი უნდა მოსთხოვო, ასევე, უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, ვისგანაა გაგზავნილი და რა მიზანი აქვს. სამწუხაროდ, საპატრიარქოს სახელით ბევრი ბოროტად სარგებლობს და, როგორც ჩანს, ეს გამიზნულად ხდება, რადგან საპატრიარქოს რეპუტაცია შეულახონ და ეკლესია შეურაცხყონ. პირველ რიგში, ამ ადამიანების ვინაობა უნდა დადგინდეს, რადგან სამწუხაროდ, ეს შემთხვევა არც პირველია და არც _ უკანასკნელი. ამასწინათ, სკოლებში, საპატრიარქოს სახელით, თურმე ყულაბები იდგმებოდა ეკლესიების მშენებლობისთვის. ვინც ამას აკეთებს, პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამის თაობაზე განცხადება გაზეთ “საპარტრიაქოს უწყებანშიც” გამოვაქვეყნეთ და მრევლი გავაფრთხილეთ, რომ თვითმარქვია ხალხს არ ენდოს და ხელი არც ფულის შეგროვებაში შეუწყოს. საერთოდ, არ ვიცით, ვინ დგას “საქართველოს ერთსულოვან მამულიშვილთა ლაშქრის” უკან, თუმცა ფაქტია, რომ ეს ხალხი საპატრიარქოს სახელს ბოროტად იყენებს. მართალია, შემწყნარებლები ვართ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, _ აცხადებს საპატრიარქოს წარმომადგენელი მარიამ გაგუა.

ცნობისთვის: თუკი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბავშვთა დღედ 1 ივნისი ითვლება, 1989 წლიდან მთელ მსოფლიოში ბავშვთა დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავენ _ ამ დღეს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვთა უფლებების კონვენცია მიიღო, რითიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებზე ზრუნვის ახალი ხანა დაიწყო. საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს ამჟამად მსოფლიოს 129 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც აღიარებს, რომელმაც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა...