9 ივნისს ქართულმა მართლმსაჯულებამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩაატარა. საზოგადოების ნაწილმა ეს ფაქტი დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა ვერ შეძლეს ესარგებლათ მინიჭებული თავისუფლებით.
მოსამართლეთა უმრავლესობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 9 ივნისს შვიდი მოსამართლე აირჩია, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო მოსამართლეთა იმ გუნდის წევრი, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა ახალი ასოციაცია დააფუძნა და სასამართლოს მოქმედი ადმინისტრაციისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილი...
შექმნილ სიტუაციაზე იურისტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მინდია უგრეხელიძეს ვესაუბრეთ.
- ბატონო მინდია, თქვენი აზრით, რა სიახლეებს ჰპირდება მოსამართლეთა არჩევნები ქართულ მართლმსაჯულებას?
- პირველი სიახლე ის არის, რომ ფარული კენჭისყრით ასეთი არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. ეს ადრე არასდროს მომხდარა. მეორეა ის, რომ ამას ადრე მოსამართლეები არ აკეთებდნენ. სასამართლო მთელი თავისი უფლებამოსილებით ჩაბარებული ჰქონდა კოტე კუბლაშვილს და იმას, რაც ახლა მოსამართლეებმა გააკეთეს, ადრე ის ერთი ჯადოქარი კაცი - ბატონი კუბლაშვილი წყვეტდა. ასე რომ, ესეც დადებითი სიახლეა. ამიტომ ამ პროცესებს მივესალმები, მაგრამ ეს პროცესები არაფერია, თუ არ დადგა გადაწყვეტილება, რომელიც სინდისითა და ნამუსით იქნება ნაკარნახევი. იყო თუ არა მოსამართლეთა მოქმედების საფუძველი ნამუსი, მე ვერ გეტყვით.
- ანუ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მოსამართლეთა არჩევნები მომავალში მათი სინდისიერი მუშაობისთვის საკმარისი არ არის?
- არა, რა თქმა უნდა, და იცით რატომ?.. თუ მოსამართლის სულსა და გულში წლების განმავლობაში დაბუდებულია შიში, ძრწოლა, მუხლების კანკალი და იმ ადამიანების რიდი, რომლებიც მოუშორებელ ჭირად მიაჩნიათ, შეიძლება მაინც ვერ მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ძნელია იმის თქმა, არის თუ არა გამოდევნილი მათი სულიდან და ხორციდან არაობიექტურობა, ეს დროთა განმავლობაში, მათი მუშაობის პროცესში გამოჩნდება, მაგრამ მე არ მგონია, ეს ბოლომდე მოხდეს...
- რატომ?
- იცით, არ მინდა სკეპტიკურად გამომივიდეს, მაგრამ ზოგი მოსამართლე ისეთი ბნელეთის მოციქულია, მასში თუ რაიმე სასწაული გარდატეხა არ მოხდა, რისიც ნაკლებად მჯერა, არა მგონია სინდისმა გაიღვიძოს და არაობიექტურობის განცდა სამუდამოდ გაუქრეს... ამის თქმის საფუძველს წლების განმავლობაში მათი უსამართლო საქმიანობა მაძლევს... თუმცა მაინც ვიტოვებ იმედს, რომ პროგრესი იქნება.