სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებისგან სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ფარული ჩანაწერების განსაჯაროებას მოითხოვს და ამბობს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე.
- ბატონო მამუკა, რატომ მიიჩნევთ აუცილებლობად სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროებას, არ ფიქრობთ, რომ ამით ადამიანების უფლებები დაირღვევა?
- ძალიან ადვილი შესაძლებელია კადრების ისე გავრცელება, რომ მსხვერპლის იდენტიფიცირება არ მოხდეს. რაც შეეხება დამნაშავეებს, მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება და შესაბამისადაც უნდა დაისაჯონ. კაცების გაუპატიურება ამაზრზენია და ამ დანაშაულის ჩამდენები, თუ დამკვეთები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. თუ ხელისუფლება კადრებს არ გაასაჯაროვებს და დამნაშავეებს არ დასჯის, საზოგადოებაში ეჭვის სერიოზული საფუძველი გაჩნდება და ეს ამბავი მმართველ გუნდს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.
- რა ეჭვს გულისხმობთ?
- იმას, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ეს ტრაგედია გამოყენებულია პოლიტიკური კონიუნქტურისა და ახალი მონოპოლიზებული სისტემის შექმნისათვის. როგორც ჩანს, ”ქართულ ოცნებას” სურს, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიცია ”გასვრილი” იყოს და ამის ფონზე თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.
- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?
- წესით, ხელისუფლებას ან საერთოდ არავისთვის არ უნდა ეჩვენებინა ეს კადრები, ჯერ სამართლებრივად გამოეძიებინა საქმე, დაედგინა და დაესაჯა კონკრეტული დამნაშავეები თუ დამკვეთები და შემდეგ ჩაეყენებინა საქმის კურსში საზოგადება. ამის ნაცვლად ხელისუფლება სერიალების მსგავსად გვაწვდის ინფორმაციას და ხალხის ნერვებზე თამაშობს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის მთელი ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ის სექტორი, რომელსაც ამ მასალებს აცნობენ. რატომ გვიტოვებენ ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას მხოლოდ მათი მოყოლილით აღშფოთების უფლებას? ჩვენ მოქალაქეები ვართ და არა ტელემაყურებლები. ხელისუფლებამ თავისი ქმედებით გვითხრა, რომ როცა დასჭირდება, აღგვაშფოთებს, როცა დასჭირდება - კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებს. თუ ეს კადრები ისეთი შოკისმომგვრელია, როგორც ამბობენ, მაშინ ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის დასრულება უნდა გამოაცხადოს და თქვას, რომ ამ ”ნაციონალებთან” თანამშრომლობა შეუძლებელია.
- ფიქრობთ, რომ ახლა ”ქართულ ოცნებას” პოზიციების გამყარება სჭირდება?
- კი, ასე ვფიქრობ, რადგან ამ კადრების გახმაურებას წინ უძღვოდა ამერიკის კონგრესის საკმაოდ მწვავე კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებისადმი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში უსუფაშვილს საყვედური უთხრეს. აშკარაა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ამ კადრებით ნაციონალებს ”რევანში” აუღო. მე ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ "ოცნების” აქტივისტებს, დეპუტატებს და სხვა პოლიტიკოსებს წვდომა ჰქონდათ იმ მასალებზე, რომელიც მეორე დღეს შსს-ს უნდა გამოექვეყნებინა. საინტერესოა, რატომ აანონსებს თინა ხიდაშელი იმას, რა უნდა თქვას მეორე დღეს შს მინისტრმა. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურები გაიგივებულია და მოაზრებულია ერთიან გუნდად. ეს ერთიანი გუნდი კი ცდილობს, მსოფლიო საზოგადოებას დაანახვოს თუ რა საშინელი ხალხია ”ნაციონალურ” პარტიაში. მინისტრები გამოდიან და ამბობენ, აბა ახლა დაიცვას დასავლეთმა ”ნაცმოძრაობაო”, ე.ი გამოდის, რომ ეს კადრები ”ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ, დასავლეთისთვის გამოიტანეს სააშკარაოზე. ანუ ევროპელებსა და ამერიკელებს ”ქართული ოცნება” რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ დანაშაულზე ხმასაც არ ამოიღებდნენ? ჩემი აზრით, ეს არანაკლებ დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რაც ”ნაციონალებმა” ჩაიდინეს.
- ”ნაციონალები” ამ დანაშაულს საკუთარ თავზე სულაც არ იღებენ...
- დიახ, ასეა. ”ნაციონალები” ამ მარაზმში მონაწილეობას უარყოფენ. ხელისუფლება კი მხოლოდ სატელევიზო ეთერიდან და პრესის ფურცლებიდან ადანაშაულებს მათ. თანაც დაფინანსებას უზრდის ”ნაციონალურ” პარტიას და საშუალებას აძლევს, როგორც პოლიტიკურმა ძალამ დიდხანს იცოცხლოს. ამ ყველაფრის ფონზე თუ ხელისუფლება არ დაამტკიცებს, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან და არა რამდენიმე გიჟისა თუ მანიაკის ქმედებასთან, თუ შესაბამისად არ დასჯის დამნაშავეებს, ანუ ამ საქმეზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს, ხალხი მიხვდება და სერიოზული პროტესტი გაჩნდება...