სააკაშვილის ბოლო კოზირიც გაჭრილია - ხელისუფლებას მისი პოლიტიკიდან წასვლის ფიცის არ სწამს

სააკაშვილის ბოლო კოზირიც გაჭრილია - ხელისუფლებას მისი პოლიტიკიდან წასვლის ფიცის არ სწამს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან კიდევ ერთი სცენარის გათამაშების მცდელობას აქვს ადგილი, იმისათვის, რომ როგორმე სასჯელს თავი აარიდოს და საპატიმრო დატოვოს. ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია. მისი თქმით, თუკი ყოფილი პრეზიდენტი „ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო“.

„სუსტად არის, ერთადერთი გეგმა აქვს, რომ ჯანმრთელობას მიხედოს, პოლიტიკური გეგმები მას არ გააჩნია, პირიქით, ამბობს, რომ პოლიტიკასთან ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ სურს. ის ძირითადად, წევს. საუბრის უნარი როგორ არ აქვს, მიცვალებული კი არ არის, სააკაშვილია, მაგრამ იმის აჩრდილი არის, რაც იყო, წოლით რეჟიმშია, მალე იღლება, ვერ საუბრობს იმ ტემპით, როგორც საუბრობდა, მოდუნებულია, ამდენი წამალი და პროცედურები ნებისმიერ ადამიანს დაასუსტებდა. სააკაშვილი აღარ გამოიყურება ისე, როგორც იცნობდით, უკვე სულ სხვა ადამიანია. 

დამიკონკრეტა, ჩემთან თქვა, თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო. მან თქვა, რომ როგორც შეეძლო, მთელი ცხოვრება ქართველ ხალხს ემსახურა, ახლა გადადგა ნაბიჯი და ჩაჯდა ციხეში და ესეც ქართველი ხალხის გამო გააკეთა, ვინაიდან დიდი ნაწილი ითხოვდა - ჩამოდი, ჩამოდიო, ზოგი მშიშარას არქმევდა, ზოგი სხვა იარლიყებს აწებებდა. მან მითხრა, ეს ნაბიჯიც კი გადავდგი, ჩემი სიცოცხლე დავაყენე საფრთხის ქვეშ, რომ ქართველ ხალხს არ მისცემოდა იმის თქმის უფლება, რომ რაღაცას გავურბოდი, ან მეშინოდაო“, - განაცხადა გელბახიანმა.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ ხელისუფლებაშიც. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, არ აქვს მნიშვნელობა, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დარჩება თუ მის მიღმა. ვოლსკის აზრით, მთავარია დამოკიდებულება პოლიტიკური ძალების, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით „დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ“.

„იცით, არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი პოლიტიკაში არსებობს თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდი და „დაღმაშენებლის სტრატეგია“ კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც არ უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს არ ცვლის. დამოკიდებულებაა მთავარი იმ ვითარების მიმართ, იმ პოლიტიკური ძალებისა, რომელიც შეიძლება ერთი სიტყვით „დაღმამშენებელთა გაერთიანებად წარმოვაჩინოთ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს იაფფასიან ხრიკს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად გაკოტრებულია. როგორც ანალიტიკოსმა For.ge-სთან საუბარში თქვა, სააკაშვილი დღეს აღარ არის პოლიტიკური ფაქტორი და მისი საქართველოში ყოფნა არაფერს შეცვლის.

„თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იაფფასიანი ტრუკი, რადგან სააკაშვილი არ არის ის ადამიანი, თავისი სიტყვა შეინახოს და სიტყვის კაცი იყოს. ის არის ჩვეულებრივი თაღლითი, ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანი. ის, უბრალოდ, ცდილობს, ციხეს როგორმე თავი დააღწიოს. დღეს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსი, მას და მის პარტიას რეალურად არავითარი მომავალი არ აქვს. ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნიშნულზეა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. მას ჰქონდა საშუალება თავის დროზე, რომ არ ჩამოსულიყო ამ ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკას გარიდებოდა. აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ არეულობა მოეწყო და ხელისუფლება დაებრუნებინა. მისი ქვეყნიდან გაშვება-არგაშვების საკითხი მის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნაზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მის ჯანმრთელობაზე. სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების პრეცედენტი არ არსებობს. 

მას თუ აქვს იმედი, იტყვის, რომ პოლიტიკაში არ იქნება და მის თავისუფლებას გამოივაჭრებს, ეს სრული აბსურდია. თუ მის ქვეყნიდან გაშვებას რაციონალური ახსნა არ ექნება, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად ამოუხსნელი იქნება ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რატომ უნდა მოხდეს ასეთი საშიში დამნაშავის გაშვება, თუ ამის რეალური საფუძველი არ არსებობს. თუ არსებობს რეალური დასკვნა და შესაბამისად, კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს, შეიძლება, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ეს მიუღებელი და უკანონოა. დღეს სააკაშვილი აღარ არის ფაქტორი და მისი აქ ყოფნა არაფერს შეცვლის“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გაუშვებს, რადგან ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორს, როგორც საფრთხობელას, ისე იყენებს. ძაბირაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნება, შესაძლოა, ოპოზიციის გაერთიანება მივიღოთ, რაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად ხელს არ აძლევს. 

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს გაუშვებენ საზღვარგარეთ. ვფიქრობ, ამ ნაბიჯს ხელისუფლება არ გადადგამს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას, ესეც ნაკლებად დამაჯერებელია. ის დღეს შეიძლება მართლა ცუდად არის, მაგრამ როგორც კი გამოჯანმრთელდება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის გარეშე ვერ გაჩერდება. მას ცოტა მოთმინება რომ ჰქონოდა, ამ დღეში არ აღმოჩნდებოდა, არც დროზე ადრე დაიწყებდა პოლიტიკით თამაშს. 

ხელისუფლება ხვდება, რომ ის პოლიტიკიდან არ წავა, ამიტომ შეეცდება ბოლომდე, მისი პოლიტიკური კაპიტალი გაანიავოს. ქართულ პოლიტიკაში და რეალობაში, ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან მისი რეიტინგი, როგორც ოპოზიციის ლიდერის, მთლიანად განადგურებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მისი მხარდამჭერები არიან, მაგრამ ის ვერ იქნება ოპოზიციის ლიდერი. საქართველოს პოლიტიკაზე მისი გავლენა მინიმალურია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, სააკაშვილის თემა გადავიდა მეორე პლანზე და მისი საინფორმაციო საშუალებებიც კი ძალიან იშვიათად ინტერესდებიან და „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებშიც აღარ არის მის მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ომამდე. ოპოზიცია შეეცდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნა მის გამარჯვებად ჩათვალოს. 

თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც წავიდა საზღვარგარეთ, ეს „ოცნებისთვის“ კარგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ფიგურა მის სასარგებლოდ გამოიყენოს. თუ სააკაშვილი საქართველოში არ იქნება, შესაძლოა ქვეყანაში ოპოზიცია გაერთიანდეს, რაც მინიმუმ 55%/45%-ზე უგებს „ქართულ ოცნებას.“ ამიტომ, სააკაშვილის შენარჩუნება, ხელისუფლების გეგმებში ნამდვილად შედის, როგორც პოლიტიკური საფრთხობელა, რომელიც რეალურად ბევრს ვერაფერს ცვლის, მაგრამ უზრუნველყოფს იმას, რომ ოპოზიციის ერთიანობა არ იყოს. ამიტომაც მეეჭვება, რომ გაათავისუფლონ სააკაშვილი, თუ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.