შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგს, რომლის დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს სამარხებში აღმოჩენილი „გაუპატიურების ვიდეოები" უჩვენა, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი „დიპლომატიური მიზეზებით" არ დაესწრო. ვითომდაც სხვა (ესე იგი უფრო მნიშვნელოვანი!) შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
დიპლომატიის ენაზე ასეთი დემარში იმას ნიშნავს, რომ არ სურდა დასწრება. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს ამით ყოფილ ხელისუფლებას და აწ უკვე დაპატიმრებულ ექს-შინაგან საქმეთა მინისტრს დაუდასტურა მხარდაჭერა, ან ახალ ხელისუფლებას გამოუცხადა უნდობლობა. უბრალოდ, ჩვენი დასავლელი მეგობრები თანდათან იღლებიან ქართული შიდაპოლიტიკური მარაზმით, გაუთავებელი ურთიერთბრალდებებით, და აღარ სურთ პოზიციის დაფიქსირება ამა თუ იმ საკითხზე, რაც ამ მარადიულ დაპირისპირებას უკავშირდება.
ამერიკა ზესახელმწიფოა და პირველმა ეს სწორედ მან გვითხრა, მაგრამ თუ მეტისმეტად ხშირად ჩატარდა ამგვარი ბრიფინგები - სხვა ელჩებიც მოიმიზეზებენ „მოუცლელობას". დაუვიწყარი აბონ ციციაშვილის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზით - „რეიგანს დავიწყებია ქართული ანდაზა . . . ", - ამერიკის ელჩი მეორე ქართულ ანდაზას გვახსენებს: „მკვდარი ძაღლი ძაღლის პატრონმა უნდა გადაათრიოსო".
თუ ღარიბაშვილის ბრიფინგი იმის პასუხი იყო, რომ ამერიკის კონგრესმა სამხედრო სანქციები დაგვიწესა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე უარს გვეუბნება (მაშინ, როდესაც ქართველი ბიჭები იღუპებიან ავღანეთში, ხოლო თბილისიდან 35 კილომეტრში რუსული ტანკები დგანან!), „შოკისმომგვრელი" ვიდეო ამ მხრივ ბევრს ვერაფერს შეცვლიდა.
უცნობია, დიპლომატიური კორპუსის რამდენი წარმომადგენელი განეკუთნება „ლგბტ" საზოგადოებას (პეტრე მამრაძის მტკიცებით, „მათი წილი არაპროპორციულად დიდია"), მაგრამ ამაზრზენი კადრების ხილვა, თუ როგორ აუპატიურებენ პოლიციელები 2009-2010 წლების ტერორისტულ აქტებში, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებაში, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს (შესაძლოა სრულიად უდანაშაულოს), არც ერთ მათგანს არ ესიამოვნებოდა - სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.
ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვისას, მაინც გაუგებარია, რაში დასჭირდა ან მეგიზ ქარდავას, ან მის ხელქვეითებს ამ სიბინძურის დოკუმენტირება და მისი შენახვა? კი ინახავდნენ, მაგრამ რატომ, რა მიზნით? ბოლოს და ბოლოს, „თუ მაინცდამაინც" განა არ იქნებოდა საკმარისი, საბრალო მსხვერპლისთვის ეთქვათ, რომ შენახულია და სინამდვილეში გაენადგურებინათ, რათა ასეთი სამხილი არ დაეტოვებინათ საკუთარი თავის წინააღმდეგ? ეს ალბათ უფრო მანიაკალური ფსიქოზის სპეციალისტებმა უნდა განსაჯონ. თუმცა, მეგიზ ქარდავას სახელმა პრეზიდენტის ერთი განცხადება გაგვახსენა, როდესაც „პორნოარქივის" თაობაზე ჰკითხეს და „მეგიზ ქარდავა ვინ არის საერთოდ არ ვიციო" - მიუგო ჟურნალისტს ჩვეული თავდაჯერებით. დაახლოებით იგივე „ხაზს ატარებენ" ყოფილი მმართველი პარტიის „სფოუქსმენები" ამგვარი რეფრენით: „ქარდავა ვინ არის არ ვიცით, ერთი-ორი მანიაკის ნამოქმედარზე ჩვენ რატომ უნდა ვაგოთ პასუხი?". „აჰ, ახლა აღარ იცით ვინ ვარ? ის ხომ კარგი იყო, მაშინდელი ტერაქტები რომ სწრაფად გაიხსნა?" - შეიძლება უპასუხოს ქარდავამ უჩინარი საფარიდან.
„ქენი რაც გინდა, გამოტეხე როგორც გინდა, მაგრამ ეს ტერაქტები უნდა გაიხსნასო" - „ქარდავებისთვის" ამგვარი ბრძანების გამცემთ რატომღაც ჰგონიათ, რომ ახლა მხოლოდ ჯალათებს შეაწმენდენ თეთრ თათმანიან ხელს. არადა, მართლა ძალიან საინტერესოა, რას უპასუხებენ, ქარდავამ თუ მიუგო: „ჰოდა გამოგეძიებინათ უჩემოდ, - მაგ თეთრი თათმანებით - მე რას მავალებდითო?!".
„შავ კომედიას" ემსგავსება თანდათან მსჯელობა იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს ყოველივე „სისტემური დანაშაული". ანუ, თურმე, „შინაგან საქმეთა მინისტრი რა შუაშია?" მას ხომ არ უბრძანებია ეჭვმიტანილი გააუპატიურეთო? არა, ნამდვილად არ უბრძანებია. მხოლოდ და მხოლოდ ტერაქტთა საქმის გახსნა უბრძანა და გამოძიების დისკრეციაში არ ერეოდა - დაკითხვა ხომ მეტად „ინტიმური" პროცესია! ახლა თუ იტყვის, „აბა მე რა შუაში ვარ, - მე მხოლოდ გამოძიება დავავალე და არა ეჭვმიტანილის გაუპატიურებაო", სამართლებრივად ბევრ ვერც ვერაფერს წაუყენებენ: „სამსახურეობრივი გულგრილობა და სამსაურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულება" - მაქსიმუმია. და ესეც საკამათო გახდება სასამართლოზე, რადგან მინისტრამდე კიდევ ბევრი ინსტანციაა და ამ ინსტანციათა ზოგიერთი იმდროინდელი თავკაცი ახლაც მყარად ზის თანამდებობაზე.
ოღონდ, დემოკრატიას ის მრისხანე თვისება აქვს, რომ პოლიტიკურ და სამართლებრივ ლოგიკას ხშირად აშორებს ერთმანეთს. დავით ბაქრაძის განცხადება: „მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთანო", ამ ცდომილების პირველი გამოვლინებაა. დავაკვირდეთ: უმაღლეს დონეზე თანამშრომლობისთვის არიან მზად, მაშინ როდესაც ადრე ამბობდნენ: „ვიღაც მანიაკთა ნამოქმედარზე რა პასუხი უნდა ვაგოთო". ბაქრაძის ამ ფრაზაში უკვე სულ სხვა ლოგიკა სჭვივის, ვიდრე „აბა ჩვენ რა შუაში ვართ, თუ საათივით აწყობილ სისტემაში რამდენიმე მანიაკი აღმოჩნდა . . . და ა.შ".
თუკი ესოდენ მაღალ თანამდებობებზე მანიაკები, სექსუალური მოძალადეები და „ჭვრეტის სინდრომით" შეპყრობილი ავადმყოფები ჰყავდა, მინისტრის მინუმუმ (ან მინიმუმ მინისტრის) გენიალურობაშიც ხომ უნდა შეგეპაროს ეჭვი ბოლოს და ბოლოს? ალბათ სწორედ ამის შედეგია, რომ მიუხედავად ადრე გაჟღერებული განცხადებებისა: „პრამიერიზს ვაპირებდით, თუმცა ვანოს დაპატიმრების შემდეგ . . . . ." ბოლოს მაინც პრაიმერიზი არჩიეს. და ეს პოლიტიკურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. და იმ პრაიმერიზში თუ ვანომ ვერ გაიმარჯვა, მაშინ რა გამოდის?