უთანხმოება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის ღრმავდება. ჩხარტიშვილის მხარე პატარკაციშვილის ქვრივს – ინა გუდავაძეს მის წინააღმდეგ “შავი პიარის” აგორებაში ადანაშაულებს. ვანო ჩხარტიშვილი ინა გუდავაძეს დავის გადაჭრას სამართლებრივი გზით სთავაზობს. იგი ამბობს, რომ შესთავაზა პატარკაციშვილების მხარეს მსოფლიოს საუკეთესო ხუთი აუდიტორული ფირმიდან ინა გუდავაძის მიერ არჩეული ერთი რომელიმეს დაქირავება და იმ ვერდიქტის უსიტყვოდ შესრულება, რასაც ამ ფირმის წარმომადგენლები გადაწყვეტენ.
ერთი შეხედვით, ვერაფერს იტყვი. სახეზეა ორი კერძო სუბიექტის დაპირისპირება და იგი სამართლებრივ სივრცეში უნდა გადაწყდეს. თუმცა ჩანს, რომ პატარკაციშვილების მხარეს უდაო არგუმენტები საქმის სათავისოდ გადასაწყვეტად არ გააჩნია. ამას ცხადყოფს როგორც დღემდე დაფიქსირებული უცხოური და ქართული კომპეტენტური სტრუქტურების გადაწყვეტილებები, ისე სასამართლოს განჩინებები. ინა გუდავაძეს ხელს არ აძლევს ასეთი ვითარება და პროცესები არაფორმალურ სიბრტყეში გადააქვს. ამ პროცესში კი გამოჩნდნენ კერძო პირები – გია ხუხაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და სხვები. ისინი, ძირითადად, გუდავაძის, პატარკაციშვილის ქვრივის ინტერესების დამცველები არიან. ჩხარტიშვილის მხარე მიიჩნევს, რომ მათი ზრახვები არცთუ უანგაროა და ჩხარტიშვილისგან ამოღებული თანხებიდან რაღაც სიკეთეს მოელიან. აქედან გამომდინარე, ჩხარტიშვილი მათ აღარ ენდობა და საშუამავლო მისიამაც კრახი განიცადა.
ძნელი სათქმელია, რა ტენდენციის დამკვიდრების მცდელობასთან გვაქვს საქმე. სასამართლო ბიზნეს-დავების განხილვას ვერ ახერხებს, არბიტრაჟი ფაქტობრივად არ არსებობს, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, მართალია, კერძო სუბიექტებს შორის დავებზე არ მსჯელობს, მაგრამ ისიც ორი თვეა არ შეკრებილა და ეფექტიანად ვერ მუშაობს. კანონიერი ქურდები, მადლობა ღმერთს, ბიზნესმენების საქმეებს აღარ არჩვენ და რახან “წმინდა ადგილი” თავისუფალი არ რჩება, მათ ადგილს “ავტორიტეტები” იკავებენ.
კერძო პირი ბიზნესმენს კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს – ახალი ქართული რეალობა
გასაოცარი რამ თქვა ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, იგი გაეცნო ამ დავის პერიპეტიებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩხარტიშვილს პატარკაციშვილების ოჯახისათვის რაღაც თანხა თუ ქონება დასაბრუნებელი აქვს. უფრო ზუსტად, “კომპენსაცია” აქვს გადასახდელი. ესეც შენი ახალი მთავრობა! პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საქმეს ურჩევს მილიარდერის ქვრივს და მილიონერს. პოზიციასაც აფიქსირებს და ვერდიქტიც გამოაქვს, თავის “ქურდულ სიტყვასაც” ამბობს და მტყუან-მართალსაც ადგენს. სადოური კანონია და წესია და აქოური. ამის შემდეგ ივანიშვილის მრჩეველი “ამ საქმიდან” ხელებს იბანს... მას ბანს “პარაშუტისტი” ლევან გაჩეჩილაძე აძლევს და ისიც, ჰოი, საოცრებავ, ბიზნესმენ ჩხარტიშვილს ამუნათებს, მაგრამ ამჯერად “პარაშუტის” ფასს არ ასახელებს და არც “კომპენსაციის” მოცულობას ადგენს.
ესენი, ბუნებრივია, არაფერ შუაში არიან, მაგრამ ამ განცხადებების პარალელურად, გასული ორშაბათიდან ზათქი აიწია – თითქოს უხილავი დირიჟორის ხელით, ერთბაშად და ერთ დღეს, “პრაიმ-ტაიმმა”, სააგენტო “პირველმა” და სააგენტო “GHN” - მა ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო წერილები გამოაქვეყნეს. იმავე დღეს ვანო ჩხარტიშვლმა გაცხადება გააკეთა და პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ბრალი დასდო მის წინააღმდეგ “შავი პიარის” აგორებასა და დაფინანსებაში.
ივანიშვილის წინასწარმეტყველება ახდა - ყოფილი პოლიტპატიმრები ცალკეული პირების დაშანტაჟებას იწყებენ
ბიძინა ივანიშვილმა არ მოიწონა “სპორტის სასახლეში” ყოფილი პოლიტპატიმრების და მათი მხარდამჭერების მრავალრიცხოვანი აქციის გამართვის ფაქტი და იქ შეკრებილთა მიერ ხელისუფლებისადმი მოწოდებების შემცველი დოკუმენტი. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დაუშვებელია პარალელური ხელისუფლებების და უკონტროლო გავლენის სფეროების შექმნის მცდელობები. ივანიშვილის ინტუიცია აქაც უცდომელი გამოდგა. ერთმა, ყოფილ პოლიტპატიმართაგან, მელორ ვაჩნაძემ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოფისთან ათიოდე მხარდამჭრთან და ორიოდე დაზარალებულ მეანაბრესთან ერთად აქცია გამართა. ყველა, “ფეისბუქზე” და აქციაზე მის მიერ წარმოთქმული აზრი იყო მცდარი, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ტენდენციური. არც ერთი ჭკუათმყოფელი ეკონომიკის ექსპერტი საქართველოში, ჩხარტიშვილისადმი არაკეთილგანწყობილი ნოდარ ჯავახიშვილის ჩათვლით, ვანო ჩხარტიშვილს ანაბრებთან მიმართებაში უბრალოდ და უდანაშაულოდ მიიჩნევს. სხვათაშორის, თუ გახსოვთ, ასეთივე იყო 2004 წელს, იმხანად პარლამენტარ ვანო ჩხარტიშვილის საბჭოთა ანაბრების გაუფასურებასთან და, საერთოდ, საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პრობლემის მიზეზების შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. ამას ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჩნაძე არად დაგიდევთ. არც ის აინტერესებს, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში დავა ორ კერძო სუბიექტს შორის სამართლებრივ სივრცეში უნდა გადაწყდეს და არა ვიღაცის დაკვეთით, როგორც ამას ჩხარტიშვილის მხარე მიიჩნევს, ორგანიზებული აქციების მეშვეობით, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის პატივისა და ღირსების შემლახველ ლოზუნგებსა და გამონათქვამებს. ჩანს, ჩხარტიშვილის ადვოკატებიც ასე ფიქრობენ, რადგან მათ ყოფილ პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ცხადია, ვაჩნაძეს არც ის აინტერესებს, რომ ჩხარტიშვილს, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, წონადი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დასრულებაში.
ყოფილი პოლიტპატიმარი აშკარად ერთ მხარესაა და ეს მხარე პატარკაციშვილის ოჯახია. მას, ეტყობა დრო არ დარჩა იმის გასაგებად და გასაცნობიერებლად, თუ როგორ იშოვა ფული ბადრი პატარკაციშვილმა რუსეთში, გაცილებით მეტი და გაცილებით კრიმინალურ ბიზნეს-გარემოში, სადაც კანონიერად ბიზნესის კეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
თუ ვიქნებით ობიექტურები, უნდა ვთქვათ, რომ პატარკაციშვილზე გაცილებით ნაკლები ჩხარტიშვილმა საქართველოში იშოვა, გაცილებით ნაკლებად კრიმინალურ გარემოში, ვიდრე ეს რუსეთში იყო, როცა ის აქ ფულს “აკეთებდა”. საყოველთაოდ ცნობილია ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის პრობლემები რუს სამართალდამცავებთან. ამიტომ ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში გაიქცა, ხოლო პატარკაციშვილი საქართველოში ჩამოვიდა. შევარდნაძე იხსენებდა, პუტინს ვუთხარი შეხვედრისას, პატარკაციშვილი ჩამოვიდა და მივიღე, რამე ხომ არ გაქვს საწინააღმდეგოო. პუტინმა, შევარდნაძის თქმით, უპასუხა: “ნეტ, ბადრი ხაროში” - ო...
როცა საქართველოში ჩხარტიშვილი ბიზნესს აკეთებდა, აქ გაცილებით ნაკლები იყო კრიმინალი, შევარდნაძის დროსაც და სააკაშვილის დროსაც, ვიდრე იმავე პერიოდის რუსეთში.
აბა, ვის აქვს უკანონოდ ნაშოვნი ფული: პატარკაციშვილების ოჯახს, თუ ვანო ჩხარტიშვილს? საკითხავი აი, ეს არის!
მელორ ვაჩნაძეს ეს ყველაფერი ეტყობა ფეხებზე ჰკიდია, ისე როგორც, თავის დროზე სააკაშვილმა დაიკიდა ფეხებზე თავად ის და უდანაშაულო ახლგაზრდა კაცი ციხეში გამოკეტა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ქართული პოლიტელიტა და ინტელექტუალები და, რაც მთავარია, ქართველი ხალხი, რომელიც 2007 წლიდან ფაქტობრივად აჯანყების მდგომარეობაშია, მელორ ვაჩნაძე კიდევ ბევრ წელს ოთხ კედელს შორის გაატარებდა.
ასეთი ფორმით თვითდასაქმება, ასეთი ბიოგრაფიის გასაფუჭებლად არ ღირდა.
ეს ივანიშვილის გადასაწყვეტი საკითხია
დღემდე პრეზიდენტი იყო კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტი. როგორი გარანტიც აღმოჩნდა, ყველამ კარგად ვნახეთ.
დღეს ივანიშვილია პირველი პირი ამ ქვეყანაში და არც ახალი უსამართლობები უნდა დაუშვას და არც უსამართლოდ ადამიანის, თუნდაც ბიზნესმენის დაჩაგვრა.
სხვების დაპირისპირებაზე ხელის მოთბობაც არ უნდა დაუშვას.
სხვა შემთხვევაში, საქართველოში მის გარდა ბიზნესმენი აღარ დარჩება.
მხოლოდ მდიდარი ადამიანები და მათი სიმრავლე შექმნის საქართველოს კეთილდღეობას. ერთი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს ვერ გაწვდება.
ასეა – მძიმეა “მონომახის ქუდი” და ყველაფერზე პასუხს იგი, ბიძინა ივანიშვილი აგებს, მათ შორის, სამართლიან სამართალზე ყველა სფეროში და ყველას მიმართ.