"არ გამოვრიცხავ ვანო მერაბიშვილს სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს"

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე დაკავებულ 9 პირს შესაძლოა 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღვეთა მიესაჯოს. ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლია, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

"ამ შემთხვევაში მესამე ნაწილთან გვაქვს საქმე, რომელიც გულისხმობს, რომ ამ ყველაფერს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფი სჩადის. ეს ნაწილი კი 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს არ არის არაადამიანური მოპყრობა, ეს არის წამება. გაუპატიურება წამების, ძალადობის და ღირსების შელახვის მიზნით, ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე არ იქნება განხილული. იქნება გაუპატიურება წამების მიზნით, რაც მკვლელობის შემდეგ ყველაზე მძიმე დანაშაულია. ბედუკაძეს ამას ნუ შევადარებთ. ის იყო გადამღები და წამების მონაწილე არ ყოფილა. ის იყო სისტემის მამხილებელი, მან გახსნა დანაშაული და უამრავი ადამიანი წამებას გადაარჩინა. ამ ნაძირალა ჯალათებს უნდა მიეცეს გარკვეული შეღავათი, რომ ჯალათური სისტემა იქნას მხილებული და მსგავსი არასოდეს განმეორდეს",- აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო.

"მთელი ვერტიკალი ალბათ პრეზიდენტამდეა მისული, მინიმუმ შს მინისტრამდე. დღესაც უნდა აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუმცა ამის არც გამბედაობა ჰყოფნით და არც კაცობა. მაგრამ მოვა დრო და ეს პოლიტიკური პასუხიმგებლობა სამართლებრივ პასუხისგებაში გადაიზრდება",- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

შესაძლოა თუ არა მაშინდელ შს მინიტრს ვანო მერაბიშვილს ამასთან დაკავშირებით ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს ამას ადვოკატი არ გამორიცხავს.

"მას მკვლელობის შეკვეთაზე აქვს ბრალი წაყენებული, ასევე წამების შეკვეთაზეც. ვნახოთ ამ საქმეში მისი ბრალეულობა თუ გამოიკვეთება. შემსრულებლები ამას საკუთარი სურვილით არ სჩადიოდნენ, მათი დამკვეთები "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იყვნენ და ვანო მერაბიშვილი ამ პარტიის "ხერხემალი" იყო. შესაბამისად არ გამოვრიცხავ მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს",- აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.