"როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, კლავდნენ, იარაღსა და ნარკოტიკს უდებდნენ, წინასწარ დასაჭერი ადამიანების სიები ედოთ, ეს ყველაფერი ფაქტობრივი მტკიცებულებებით დადასტურდა. ვისაც აქამდე არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საჭიროა მეტი სამხილი, ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის საკმარისი უნდა იყოს ყველაფერი ის, რაც ამ დღეების განმავლობაში საჯარო ხდება. მე ვფიქრობ, რომ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვლება, ახლა გეტყვით "ნაციონალების" გეგმას, რას აპირებენ. მიმდინარეობს საერთაშორისო არენაზე "ნაციონალების" ლობისტების მაქსიმალური მობილიზება, ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი ღონისძიებებისა და პიარკამპანიების მოწყობა იგეგმება. ლობისტები ცდილობენ, დასავლეთი შეცდომაში შეიყვანონ. იმ ადამიანებისთვის ეს ფაქტობრივი მასალა, ვფიქრობ, მართლაც იქნება შოკისმომგვრელი", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ეკა ბესელია: "ახლა გეტყვით "ნაციონალების" გეგმას, რას აპირებენ" / "რა კონტრდარტყმას ამზადებს "ქართული ოცნება".
"ორშაბათიდან სტრასბურგში გვეწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო სესია, "ნაციონალური მოძრაობა" იქ აპირებს ძალების მობილიზებას თავისი მხარდამჭერებით და თავისი ლობისტებით. ჩვენ ვემზადებით და ვაპირებთ, ვაჩვენოთ 26 მაისის კადრები, გადაღებული ფილმი, რომელიც ასახავს ამ ხელისუფლების სისასტიკეს, ჩვენ ყველა ფაქტობრივ მასალას ჩავიტანთ და ვაჩვენებთ. საერთაშორისო საზოგადოება წინა ხელისუფლებას მოუწოდებდა, - გამოიძიეთ 26 მაისი, გირგვლიანის საქმე, გამოიძიეთ ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და ასე შემდეგ. ამაზე არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. ჩვენ ევროსაბჭოს ვეტყვით, რომ დაიძრა ამ საქმეების გამოძიების პროცესი, ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რაც ხდება, ვერ მოინათლება პოლიტიკურ დევნად, ხელისუფლება ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ ვაპირებთ წინა პერიოდის მასალების წაღებას, რაც შეეხება ბოლო სკანდალურ ვიდეოფირს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამ ჩანაწერების ევროსაბჭოში ჩვენება, მოსაძებნია სამართლებრივი ფორმა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან და ვინც ქმნიდა დანაშაულებრივ იდეოლოგიეს, ისინი სამართალს ვერ გაექცევიან, ხოლო კოჰაბიტაცია იმ ადამიანებთან, ვინც დამნაშავეები არიან, მონაწილეები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაში, მე ვერ წარმომიდგენია. ჩვენ ვერავინ დაგვწამებს ცილს, რომ შურისძიების მანტიით მოვედით ხელისუფლებაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს. საზოგადოებას არა აქვს იგივე აზრი. ასეთ თემებს ფრთხილად ვეკიდებით, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულნი. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა უნდა გამიჯნოს დანაშაულები პოლიტიკისგან, ვერავითარი პოლიტიკური საფარი ვერ შეუქმნის ინდულგენციას იმ ადამიანებს, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ვანო მერაბიშვილი ციხიდან აკეთებს განცხადებას: ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ამ სასტიკ დანაშაულსა და წამებაში მონაწილეობდაო. რასთან გვაქვს საქმე, ტრაგიკომედიასთან?" - პასუხობს:
"ვანო მერაბიშვილი ამბობს ამას?! ჩვენ ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა მისი მინისტრობის პერიოდში? პირადად მაქვს შეტანილი პროკურატურაში ვანო მერაბიშვილზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე საჩივარი. ამიტომ ცინიზმია, როცა პრეზიდენტიდან დაწყებული, ბოლო დამნაშავე "ნაციონალით" დამთავრებული, ამბობს, უნდა დაისაჯოს დამნაშავეო. კი მაგრამ, ისინი საკუთარ თავზე ლაპარაკობენ?".