"უვიზო რეჟიმი გვაქვს ყველა ისლამურ ქვეყანასთან, სადაც ტერორისტული აქტები ხდება"+

საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრისა და შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი დააკავეს, რომელთა დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება პლასტიდი, ასევე ელექტროდეტონატორე­ბი, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. "საქართველოში ტერორიზმის საფრთხე თურქეთში, სირიასა და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად იზრდება. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ დაკავებულ ადამიანებს - კადიევსა და ომაროვს პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ საქართველოში ტერაქტების მოწყობასთან. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში, ანუ ქართული სინამდვილე შეთვისებული აქვთ, მეორე - ეს დაკავება, ჩემი აზრით, უფრო პიარს ჰგავს", - ამბობს ჩვენთან საუბარში ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში იოსებ ზაალიშვილი:

- დოკუ უმაროვის ორგანიზაცია "კავკასიის იმარატისგან" ტერორიზმის საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ ამ ადამიანებისგან მომდინარე საფრთხეს ეჭვქვეშ ვაყენებ. მათ შესახებ იცოდა შსს-მ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი პრეზიდენტის პირად მფრინავ ზაურ ქორთოშიძესთან ცხოვრობდნენ. ასე რომ, მათი მხრიდან ტერაქტის მოწყობის მცდელობა თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას ჰგავს. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხა­ზი, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნამდვილად არსებობს.

- მაშინ ისმის კითხვა, რატომ დააკავეს ეს ადამიანები?
- საქმე ის არის, რომ ბოლო დროს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო პრესაში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია გადაიქცა მოჯაჰედების სათარეშო კორიდორად. ჯერ კიდევ 1996-1997 წლებში "ალ-კაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამბობდა, რომ საქართველოს უნდა შეეძინა მოჯაჰედების სამოძრაო კორიდორის ფუნქცია. მან დიდი თანხები გამოყო იმისათვის, რომ აეშენებინათ თბილისი-გროზნო-ითუმხალეს გზა. ჩეჩნებმა ეს გზა აა­შენეს, თუმცა შემდეგ ქართველებმა ამაზე უარი თქვეს. საქართველოში ჩამოსული იყო ერთ-ერთი ჩეჩენი ლიდერი - მოვლადი უდუგოვი, ვერტმფრენიდან გადაიღეს ყველაფერი და სხვათა შორის, მაშინაც ზაურ ქორთოშიძე იყო მფრინავი. ის ერთადერთი პილოტია, რომელიც ჩრდილო-კავკასიის მიმართულებით ფრენდა, თან ისე, რომ რუსები ვერაფერს იგებდნენ. აქედან გამომდინარე, მას რაღაც კავშირები აქვს ჩეჩნებთან, მაგრამ შესაძლოა არც სცოდნოდა, ეს ადამიანები ტერორისტები იყვნენ თუ არა. ქორთოშიძეს ხომ არ ჩააბარებდნენ ანგარიშს? რაც შეეხება დაკავებულებს, მათ აშკარად კავშირი აქვთ "კავკასიის იმარატთან" და არა მარტო მასთან, ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იცნობდნენ 9 თვის წინ თურქეთში დაკავებულ სამ კილერს, ტერორისტებს, რომელთაც ქართული პასპორტები ჰქონდათ. მგონია, რომ ეს ერთი ხაზია და ისინი რომ არ დაეჭირათ, არ შეიძლებოდა.

- რატომ?
- ყველასათვის ცხადი იყო, რომ ისინი საქართველოში ცხოვრობდნენ. წესით, მათ ქართული პასპორტებიც უნდა ჰქონდეთ. რომ არ დაეჭირათ, მათგან საქართველოს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ შესაძლოა, ეს ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანათ. ვთქვათ, რუსეთის ან თურქეთ-სირიის მიმართულებით. ჩემი აზრით, ისინი საქართველოში ტერაქტს არ გეგმავდნენ, მაგრამ საქართველოში რომ მართლა მოძრაობენ მოჯაჰედები, ეს უკვე დადასტურებულია. ამერიკელმა ჟურნალისტმა პამელა გელერმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაწერა ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებაში, რომ ხდება მოჯაჰედების მოძრაობა. ისინი ხომ სირიაში საქართველოდან გადიან საომრად.

- ტერორისტების ან თუნდაც მოჯაჰედების დასაყრდენი ვინ არის საქართველოში?
- მათი დასაყრდენი ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები არიან. კოჰაბიტაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ძალოვან სტრუქტურებში დარჩა ბევრი ადამიანი, ვინც სააკაშვილის დროს მუშაობდა. ამ ხალხს ჰქონდა კავშირები მოჯაჰედებთან. ყველასათვის ცნობილია ეს კავშირები და ახლა ისინი ამას იყენებენ. მგონია, გამოძიება არასწორად მიდის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრი მოჯაჰედი ქართული პასპორტით მოძრაობს. მნიშვნელოვანია იმის გამოძიება, სად, როდის, ვისი ბრძანებით და რამდენი პასპორტია გაცემული ამ ხალხზე.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ საქართველოში არსებობს ტერორიზმის საფრთხე, ხომ ვერ გვეტყვით, რომელი ძალა შეიძლება იყოს ამით დაინტერესებული?
- ტერორისტებს აქვთ მთავარი მიზანი და როდესაც ქვეყანა ხელს უშლის ამ მიზნის შესრულებაში, მაშინ ისინი აწყობენ ტერორისტულ აქტს, ამით გაშინებენ, რათა მათ პრობლემა აღარ შეუქმნა.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ისლამის მიმდევარი ბიზნესმენი, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობენ მოჯაჰედები - ჩრდილოეთ კავკასიიდან თურქეთში და შემდეგ სირიაში. ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებშიც შედის, მაგრამ როგორც კი მოჯაჰედების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება, ან რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადის წარმოების პროცესი დაიწყება, თუ მათ უარს ვეტყვით გატარებაზე (იძულებული ვიქნებით ასეც მოვიქცეთ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, რუსეთთან სერიოზული პრობლემები შეგვექმნება), მაშინ შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია.

ტერორიზმთან ბრძოლა კომპლექსური საქმიანობაა. თუ მოჯაჰედების მოძრაობას კრძალავ, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საემიგრაციო პოლიტიკა, უნდა დადგინდეს, რომელ ბიზნესმენს აქვს ტერორისტებთან კავშირი, საიდან შემოდის ფული, რომელიც მოძრაობას სჭირდება; უნდა აღმოაჩინონ, ვინ არის კორუმპირებული ძალოვან სტრუქტურებში, დადგინ­დეს, საიდან აქვთ მათ იარაღი. ორი ჩეჩენი რომ დაიჭირეს, საიდან ჰქონდათ მათ იარაღი, ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ? ასე რომ, ვეჭვობ, ეს ორი ადამიანი ჩაბარდა სამართალდამცველებს, რის შემდეგაც სათქმელად ექნებათ, აი, ორი კაცი დავიჭირეთო და შემდეგი 9 თვე ისევ იმოძრავებენ. ორი დაიჭირეს, სამაგიეროდ, 50 მებრძოლი გადავიდა თურქეთში. თვი­თონ ჯიჰადისტებმა გაიღეს ეს ორი კაცი მსხვერპლად ქართველების გასაჩუმებლად, თითქოს მათ ტერაქტის მოწყობა უნდოდათ, თვითონ კი საქმეს აგრძელებენ.

- რას იტყვით დაკავებულების წარმომავლობაზე, ვისი დაჯგუფებიდან შეიძლება იყვნენ ომაროვი და კადიევი?
- სავარაუდოდ, დაკავებული ჩეჩნები იმ ჯგუფს ეკუთვნიან, რომელსაც მიაჩნია, რომ დოკუ უმაროვი არასწორად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.

- სამართალდამცველებმა დაკავებული პირებისგან პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები ამოიღეს. ტერაქტებისას ძირითადად რას იყენებენ ტერორისტები და რა ობიექტებზე მიაქვთ იერიში?
- ტერორისტები ძირითადად ასაფეთქებელ ნივთიერება ჰექსოგენს (ძირითადად აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში) იყენებენ. ის ადვილად შესაქმნელი ნივთიერებაა და ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ტროტილი. პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება კი მკაცრი აღრიცხვის, სამხედრო ასაფეთქებელი სპეცნივთიერებაა და ის არ შეიძლება მოხვდეს ჩვეუ­ლებრივი ადამიანის ხელში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ნივთიერება რომელიღაც სპეცსამსახურმა მისცა. ვიმეორებ - არ მგონია, რომ საქართველოში სერიოზული ტერაქტი იგეგმებოდეს, რადგან საქართველოს ჯერ არაფერი გაუკეთებია ჯიჰადისტების საწინააღმდეგოდ, ერთადერთი, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ საქართველოს მთავრობის წევრები დადიან ის­რაელში. ჩვენ მხარს კი ვუჭერთ ტერორიზმთან ბრძოლას, მაგრამ ხელისუფლება არადეკლარირებულად, თავისი მოქმედებით ყველანაირად უწყობს ხელს ჯიჰადისტებს, ისევე როგორც ამას აკეთებდა სააკაშვილი. ეს ხალხი აქ თავისუფლად მოძრაობს, აწარმოებს ბიზნესს... ამდენი მუსლიმანი ერთად სტამბოლის ქუჩაშიც არ მინახავს, თან, თუ დავუკვირდებით, სულ კუნთმაგარი ბიჭები არიან. ცხადია, ქვეყანაში ამდენი კუნთმაგარი მუსლიმანის ყოფნა, მაშინ როცა თურქეთ-სირიას ერთმანეთში ომი აქვთ დაწყებული, უკვე რაღაცის მანიშნებელია.

აშკარაა, რომ საქართველო ტერორიზმთან საბრძოლველად მზად არ არის, რადგან არ ჩანს ხელისუფლების ნება. წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, როდესაც გვაქვს უვიზო რეჟიმი თურქეთთან, ირანთან, თითქმის ყველა ისლამურ ქვეყანასთან, სადაც ტერორისტული აქტები ხდება. აუცილებელია, გამკაცრდეს სავიზო რეჟიმი, უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც დაექ­ვემდებარება ვერტიკალური სტრუქტურა თავისი ანალიტიკური სამსახურით.

- სულ ახლახან შსს-მ სამეგრელოში აღმოაჩინა სამალავი, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, შესაძლებელია ეს ფაქტი უკავშირდებოდეს მიმდინარე მოვლენებს?
- როგორ არ შეიძლება... ცნობილია, რომ სოჭში ზამთრის ოლიმპიადა იმართება და შესაძლოა საქართველოს წინა ხელისუფლებას სურდა, რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, ამ ხალხის გამოყენებით აფხაზეთიდან პრობლემები შეექმნა რუსეთისთვის. მოჯაჰედების მიზანია ჩაიშალოს ოლიმპიადა და იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა მათთან კარგი კავშირები, შესაძლოა ეს იარაღი და ფეთქებადი მა­სალა სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ და არეულობის გამოსაწვევად იყო გამიზნული. ჩემი ვარაუდით, აქ მოჯაჰედებისა და სააკაშვილის შს სამინისტროს კავშირები იკვეთება.