შინაგან საქმეთა მინისტრთან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ტელეკომპანია "პირველი არხის" ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ, დავით პაიჭაძემ და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელმა - კახა კოჟორიძემ, ნინო ლომჟარიამ და ეკა გიგაურმა დატოვეს. როგორც ჟურნალისტებს ეკა კვესიტაძემ განუცხადა, მისი პროტესტის მიზანი გახდა "ცირკი", რომელიც შეხვედრაზე ირაკლი კაკაბაძემ და შალვა რამიშვილმა მოაწყვეს. მედიის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება გამოიწვია საკითხმა, ეჩვენებინათ თუ არა დღევანდელ შეხვედრაზე ვიდეოკადრები. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომლებმაც მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხსენებული წარმომადგენლების გაღიზიანება გამოიწვიეს. შევეცადეთ, უფრო კონკრეტულად გაგვერკვია, თუ რა მოხდა შეხვედრაზე...
ირაკლი კაკაბაძე:
- არ ვიცი, რა აწუხებთ ეკა კვესიტაძესა და დათო პაიჭაძეს, ან ვისზე რა აქვთ სათქმელი, როდესაც წლების განმავლობაში სააკაშვილის საჟურნალისტო ბორდელში მუშაობდნენ... რა კომენტარი უნდა გავუკეთო მის სიტყვებს, მათთან საუბარი საერთოდ უღირსობაა. ისინი მონანიების ბანაკში უნდა წავიდნენ, რათა წლების განმავლობაში მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანიონ. ორივენი, კვესიტაძესა და პაიჭაძეს ვგულისხმობ, სისხლის სამართლით უნდა გასამართლდნენ... სინამდვილეში იცით რა მოხდა, მათ ამ შეხვედრის ჩაშლა უნდოდათ და ამაში ყველა ის ადამიანი დამეთანხმება, ვინც მათი პოლიტიკის გამზიარებელი არ არის. ისინი პროვოკატორობდნენ და ცდილობდნენ, აქცენტები სხვა რამეზე გადაეტანათ. არადა, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მინისტრთან, ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა, სანამ ისინი პროვოკაციას დაიწყებდნენ, მაგრამ რა ქნან, მიშას რეჟიმის ნარჩენები არიან და ასე უნდა გაგარძელონ, რათა თავიანთი არსებობა გაამართლონ.
- როგორ დასრულდა შეხვედრა, ნახეთ ის კადრები? რა შთაბეჭდილებით დატოვეთ იქაურობა?
- შეძრწუნებული ვიყავი, რადგან თვალებს არ ვუჯერებდი ისეთ საშინელები ვნახე... ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სანამ სასამართლო პროცესები არ დაიწყება, არ გავჩერდები. მინისტრსაც ვთხოვე, შეიქმნას "სიმართლის კომისია", სადაც ის ყველაფერი გამოაშკარავდება, რაც 9 წლის განმავლობაში კეთდებოდა... კონკრეტული გვარებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს იყო სააკაშვილის სისტემის დანაშაული. რომელიც კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ისე კი, კვესიტაძისა და პაიჭაძის ადგილზე, ღმერთმა დამიფაროს მათ ადგილზე ვიყო, სირცხვილით თავს ვერ გამოვყოფდი...
შალვა რამიშვილი:
- ვწუხვარ, ქალბატონზე რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეკა კვესიტაძე ალბათ ფსიქიური აშლილობის ზღვარზეა, იმიტომ, რომ ღმერთი, რჯული, მე არანაირი მონაწილეობა იმ კამათსა და დავიდარაბაში არ მიმიღია. პირიქით, მე ერთ პირს, რომლის სახელისა და გვარის გამხელისგან თავს შევიკავებ, მთელი ძალისხმევით ვაჩუმებდი და ვეუბნებოდი, რომ ქალბატონთან ასეთი ემოციური საუბარი არ ღირდა. მე ჩუმად ვიყავი და მისი მისამართით, ხმაც არ ამომიღია, თუ იმ გაჩუმების მცდელობას არ ჩავთვლით. ამიტომ, მგონია კვესიტაძის მხრიდან, როდესაც მე რაღაცაში მადანაშაულებს, რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე, შეიძლება ისე არის ჩემით მოცული, რომ ყველგან რამიშვილი ელანდება. ეს მისი პრობლემაა...
- მაშ რატომ დატოვეს ამ ადამიანებმა შეხვედრა?
- რაც შეეხება იმას, თუ რატომ დატოვეს, კვესიტაძემ, პაიჭაძემ, კოჟორიძემ და სხვებმა შეხვედრა, ისინი, გულის სიღრმეში გრძნობენ, რომ წლების განმავლობაში "აპრავებდნენ" იმ რეჟიმს, რომელიც ასეთ რაღაცებს ჩადიოდა. ამიტომაც მე მესმის მათი, ისინი ფისქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან და ასეთ შემთხვევაში, როდესაც სულ უფრო ბევრი ირკვევა და ადეკვატური შეფასება მიეცემა იმ ხელისუფლების "ღვაწლს", მათი მდგომარეობა მძიმდება. რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათი გაღიზიანება იმით იყო განპირობებული, რომ მათ ასეთი პრობლემის მიმართ განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. შეიძლება მათ სურდათ, რომ როდესაც ამ საკითხზე მსჯელობას დაიწყებდნენ, ემოციურად დაცულები ყოფილიყვნენ.
- "კონსტიტუციის 42 მუხლის" წარმომადგენლის თქმით, ვიდეოფირების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო...
- ძალიან მძიმე საყურებელი კადრები იყო. ყველა სახე სრულად იყო დაფარული და თუ მანამდე არ იცოდი, ამ კადრების აღბეჭდილი ადამიანი ვინ იყო, მისი ინდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.