საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯგუფი „ელდრაინი“ და „ბრავო რექორდსი“ მუსიკალური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ჯგუფი „ელდრაინი“ პირველ სოლო ალბომს გამოუშვებს, რომელიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს მიეძღვნება. პროექტს დახმარებას უწევენ ასევე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროები.
პროექტის პრეზენტაცია დღეს „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში გაიმართა. პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას თამარ ქაროსანიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ჯგუფის წევრებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჯგუფი „ელდრაინი“-ს წევრები ISAF-ის მისიიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდნენ და ჯარისკაცებთან გასაუბრების შემდეგ დაწერეს სიმღერის ტექსტები.
პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფმა „ელდრაინმა“ ის კომპოზიცია შეასრულა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს მიუძღვნეს. ამჟამად, „ბრავო რექორდსში“ სტუდიური ჩაწერები და ალბომის დიზაინზე მუშაობა მიმდინარეობს. ახალი ალბომის პრეზენტაცია 5 ივლისს ჯგუფ „ელდრაინის“ კონცერტზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება.