მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყეკაფის ლიცენზიების მქონე პირებს ხის დამუშავების უფლება ორი წლით გაუხანგრძლივდებათ. ეს გადაწყვეტილება მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილებით იქნა მიღებული და ძალაში უკვე შევიდა. თუმცა, დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, რის გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რაც ოპოზიციის საკმაოდ მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.
ახალი წლის შემდეგ მთავრობის ერთ-ერთი გადაწყვეტილება ხე-ტყით სარგებლობას ეხება. დადგენილებით ცვლილება შედის „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებაში“. ცვლილების თანახმად კი, იმ პირებს, ვინც ხე-ტყის დამუშავების ლიცენზიას ფლობდნენ, საქმიანობის გაგრძელების უფლება ენიჭებათ.
„2009 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, რომლებსაც ტყეკაფები დამაგრებული აქვთ 2009 წლის 1-ლი იანვრიდან 2009 წლის 11 აგვისტომდე, უფლებამოსილნი არიან, განაგრძონ ტყეკაფების ათვისება ტყეკაფის დამაგრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში“, - ნათქვამია დადგენილებაში.
ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პირები, ვინც ამ ლიცენზიებს ფლობდნენ, საქმიანობას უცვლელად გააგრძელებენ. ეს არის და ეს. სხვა რაიმე განმარტება ამ დადგენილებაში არ არსებობს და არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რამ განაპირობა.
სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ეს დადგენილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს.
„მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და, ცხადია, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დილეტანტისთვისაც კი ცხადია, რომ ის პირები, ვინც აქამდე ამ ლიცენზიას ფლობდნენ, საქმიანობას უცვლელად გააგრძელებენ. როგორც ყველამ ვიცით, ლიცენზიის მოპოვებისთვის გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო და, როგორც ჩანს, მათ ამ თანხის გარეშე უგრძელებენ ამ უფლებას. ძალიან კარგი, თუ ხელისუფლება მოსახლეობის კეთიდღეობით ისეთი დაინტერესებულია, რომ მათ ლიცენზიის გაგრძელებისთვისაც კი არ ართმევს ფულს, მაგრამ პრობლემა ის არის, თუ ამ ლიცენზიების მფლობელები ვინ არიან. მეორე საკითხი კი ის არის, თუ ეს პირები ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს როგორ ასრულებდნენ, ვინაიდან ლიცენზიის გაგრძელების მთავარი პირობა ეს უნდა იყოს. იქნებ სულაც გაანადგურეს ტყეები, უნდა ავდგეთ და გავუგრძელოთ?“ - კითხულობს ცაგარეიშვილი.
გარდა ამისა, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მთავრობის დადგენილებაში ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პირადი ინტერესები იკვეთება.
აღსანიშნავია, რომ ამაზე საუბარი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის უფლება გარემოს სამინისტროს ჩამოერთვა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ითქვა, რომ ეს სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ ტყით სარგებლობის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით დარეგულირებულიყო. თუმცა, ექსპერტები უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი დადებითი ეკონომიკური შედეგი არ მოჰყოლია და მიაჩნიათ, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პირადი ინტერესებით არის განპირობებული.
ექსპერტთა ინფორმაციით, სამრეწველო საქმიანობისთვის, დღეს უკვე მთლიანი ტყის მასივების 15-20%-ია გასხვისებული. ტყის მასივის, დაახლოებით, 100 ჰექტარი აგვისტომ ომის დროს გადაიწვა. სპეციალისტების განცხადებით, სწორედ ტყის მასიური გაკაფვის მიზეზია ის, რომ გახშირდა ღვარცოფები და წყალდიდობები, რომლის სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან საკმაო დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება. სპეციალისტების განცხადებით, გაცილებით მეტი, ვიდრე სახელმწიფო ტყეების გაჩეხვიდან იღებს.
სწორედ ამიტომ გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ხელისუფლება საკუთარი ჯიბის ინტერესს მთელი ქვეყნის ინტერესს თვალდაუხამხამებლად ანაცვალებს. ეს აქამდეც კარგად ჩანდა, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ამას უფრო მეტად ადასტურებს. დილეტანტის პოზიციიდანაც კი შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ფონდის არის ქვეყნის უსაფრთხოების საფუძველი სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა არ გახდეს სტიქიური უბედურებების მსხვერპლი. ამას ეს მთავრობა ვერ ხედავს და მხოლოდ დღევანდელი დღით საზღვრავენ, ჯიბეში ფული სქლად ექნებათ თუ არა. ეს სისქე კი რომ სუსტდება, მაშინვე იმაზე იწყებენ ფიქრს, რითი შეივსონ ჯიბის სიქის დანაკლისი“.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე ცაგარეიშვილის ამ პოზიციას იზიარებს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ტყით სარგებლობის ლიცენზიების დასაბუთების გარეშე გაცემა არ შეიძლება. რაც მთავარია, მიიჩნევს, რომ უნდა ხორციელდებოდეს ამ ლიცენზიების გამოყენების მონიტორინგი.
ხელისუფლების მხრიდან კი, ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ კეთდება და მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ლიცენზიების მქონე პირებს საქმიანობას ორი წლის განმავლობაში უპრობლემოდ და ყოველგვარი ოფიციალური გადასახადის გარეშე შეძლებენ.