"რასაკვირველია, ცალსახად ექნებათ სააკაშვილზე კომპრომატები"

"რაც შეეხება იმას თუ ვინ გასცა ინფორმაცია სამალავების შესახებ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის "ჩაშვებული" თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან. ჩემი ინფორმაციით, ის დღემდე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. ზუსტად იმიტომაც გააკეთა ეს, რომ მდგომარეობა შეენარჩუნებინა. ვისაც ენდობოდა წინა ხელისუფლება ძალოვან სტრუქტურებში, ისინი ჩართულები იყვნენ იარაღის საწყობების მომზადების საქმეში. იარაღი შეძენილი იყო თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სქემებით, მე ვერ გეტყვით, ეს იარაღი აღურიცხავი იყო თუ არა, ეს არის გამოძიების თემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაღაც ნაწილი იყო აღურიცხავი. სხვათა შორის, დღემდე ვცდილობ, გამოვიკვლიო, საიდან მოხვდა მათ ხელში ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანების იარაღი. ზღაპარია, რომ უცხოეთიდან შემოვიდა მათთვის იარაღი, აქ დაურიგდათ, ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ", - აცხადებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რას პასუხობს მამუკა არეშიძე "ალიას".

"გამოძიება იძულებულია, ბევრი რამ არ გაამხილოს, რათა ხელი არ შეეშალოთ, მაგრამ გამოძიება ნელ-ნელა ფართოვდება და ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი, ვინც თანამდებობაზე დარჩნენ, ზოგიერთი კი, აღარ არის თანამდებობაზე, იძულებულია ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ჰყვებიან, კიდევ სად იმალება იარაღი. თუ გახსოვთ, როცა ირაკლი ღარიბაშვილი ახალი დანიშბული იყო, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს იარაღის საწყობი საკმაოდ ახალი და მაღალი მოდიფიკაციის, ეს უფრო საპოლიციო იარაღი იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ამ ჩანაწერებში ასახულია ადამიანების არაადამიანური წამება და სექსუალური ძალადობის განხორციელება მამაკაცებზე. ბუნებრივია, ეს ჩანაწერი ნანახი არ მაქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბინძური ჩანაწერი სჭირდებოდათ ან თავისიანების დასაშანტაჟებლად, ან იმ ადამიანების სამართავად, ვისაც აპატიურებდნენ და ოპოზიციის მხარეს იყვნენ. სექსუალური ძალადობა კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ ხორციელდებოდა და მათ აშანტაჟებდნენ და ამ ბინძური ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. ვინ იცის, მათ ბინძური დავალებისთვის იყენებდნენ ან გამოყენებას აპირებდნენ. ჩვენ ამ ბინძური ჩანაწერების კონკრეტული შინაარსი არ ვიცით, ამიტომ ძნელია იმის თქმა, რატომ არ გაანადგურეს ჩანაწერი. შეიძლება იქ ისეთი ვიდეომასალებია, რასაც მომავალში გამოიყენებდნენ მათ სასარგებლოდ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"სამეგრელოს აკონტროლებდა დათა ახალაია და მისი გუნდი, შესაბამისად, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა იყვნენ ახალაიების კლანის წევრები, ნომინალურად, ალბათ, ემორჩილებოდნენ ვანო მერაბიშვილს. თუ ასე დავყოფთ, ვანო მერაბიშვილი მთლიანად აკონტროლებდა სამცხე-ჯავახეთს, ხოლო ლილუაშვილის მეშვეობით მერაბიშვილი აკონტროლებდა ქვემო ქართლს. მათ გაყოფილი ჰქონდათ გავლენის სფეროები, კეზერაშვილს ჰქონდა გავლენის სფერო, რომელსაც ვერც ერთი ვერ ეკარებოდა, ეს იყო პრეზიდენტის პირადი ფინანსური დაინტერესება. თუკი ვინმე "ნაციონალი" ჩაყოფდა ცხვირს უადგილო ადგილას, ტეხავდნენ დიდ სკანდალს. გახსოვთ, გიგი წერეთელს სურვილი გაუჩნდა იოდიზებული მარილი შემოეტანათ, კინაღამ პარლამენტის ტრიბუნიდან თავზე დაამხვეს ყველაფერი, თითქოს, არც ერთ მათგანს არასოდეს არაფერი არ მოუპარავს და არ გაუკონტროლებია", - ამბობს მამუკა არეშიძე და შელითხვას - "როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილზეც აქვთ კომპრომატი?" - პასუხობს:

"რასაკვირველია, ცალსახად ექნებათ სააკაშვილზე კომპრომატები. საერთოდ, ასეთი ჩანაწერების გროსმაისტერი იყო კუდ-ის ყოფილი ჩინოსანი ლილუაშვილი და მისი გუნდის წევრები. მე არ ვიცი, რატომ დადის ეს პიროვნება თავისუფლად, ლამის გუბერნატორად დანიშნეს, ეს ვერ გააკეთეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორმა კირკიტაძემ ჯერ შვებულება აიღო, მერე მივლინება მიაყოლა და უბრალოდ, შვებულებაში მყოფი ადამიანის განთავისუფლება არ შეიძლება. ასე რომ არ ყოფილიყო, ლილუაშვილი დანიშნული იქნებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორად".