რუსეთმა ზეპირი თანხმობა დოკუმენტურადაც დაადასტურდა და ამიერიდან, 3 პორტის საშუალებით, უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით საერთაშორისო ბაზრებზე გაიგზავნება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რის სანაცვლოდ დათახმდა რუსეთი პორტების განბლოკვას ან რა დაუთმეს მოსკოვს მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებმა. ამჯერად აქცენტი მხოლოდ იმაზე კეთდება, რომ გამოთავისუფლებული მარცვლეული გლობალური შიმშილობის საფრთხეს დიდწილად გაანეიტრალებს და მკვეთრად გაზრდილ ფასებს სარძნობლად შეამცირებს.
უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. დოკუმენტს თურქეთთან და გაეროსთან ხელს რუსეთიც აწერს, რომელსაც თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ წარმოადგენს, თუმცა უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის დოკუმენტის ხელმოწერა არ მომხდარა.
მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ექსპორტის სამი პორტის საშუალებით განხორციელებას ითვალისწინებს.
„ექსპორტი განხორციელდება სამი პორტით: ოდესის, პივდენისა და ჩერნომორსკის პორტებით“, - განაცხადა პარლამენტარმა და დასძინა, რომ შემუშავებულია უსაფრთხო მარშრუტები და ყველა გემმა ამ მარშრუტებით უნდა იმოძრაოს.
ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებსა და ხომალდებს. თურქეთი გაეროს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ხომალდების შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი საშუალებით იარაღის ტრანსპორტირება.
„იმედი გვაქვს, მომავალში სიის გაფართოებას შევძლებთ. საზღვაო ძალების, შეიარაღებული ძალების ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს. არის უსაფრთხო დერეფნები, მარშრუტები, რომლებიც სამხედროებთან ერთად შევიმუშავეთ და ყველა სამოქალაქო გემი ამ მარშრუტებით წავა. ჩვენ ყველას მივყიდით მარცვლეულს და ყველა გემს, რომელიც ამ მითითებებს მიჰყვება, შეუძლია ჩვენთან ჩამოსვლა“, - აღნიშნა უმეროვმა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაეხმარება მილიარდობით ადამიანს, რომლებიც შიმშილის წინაშე არიან.
შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება გლობალურ ინფლაციას შეამსუბუქებს და შეთანხმების განხორციელებას, ზედამხედველობას სტამბოლში არსებული ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.
პარალელურად ერდოღანმა რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს.
სტამბულში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე, დილიდან ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასი, რაც არის გლობალური ბაზრის მთავარი საორიენტაციო ნიშანი, 3%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო საფქვავი ხორბლისა კი – 4%-ზე მეტით დაეცა.