მოსწავლე მეგის ქარდავას ერთი დღე

მოსწავლე მეგის ქარდავას ერთი დღე

08:00 – ვიღვიძებ და ვემზადები სკოლაში წასასვლელად. საპნით ვიბან ხელ-პირს და ვიხეხავ კბილებს.
08:30 – მივდივარ სკოლაში. გზაში ვღიღინებ საბჭოთა ჰიმნს, რომლის ცოდნაც ყველა პიონერის ვალია. მასწავლებელმა შემაქო, რადგან ყოველთვის ყველაზე ადრე მივდივარ სკოლაში და ჩემს წითელ ბლოკნოტში ვიწერ, ვინ აგვიანებს.
09:00 – იწყება გაკვეთილი. მასწავლებელმა პირდაპირ ჩემს კლასელ დათოს მოთხოვა გაკვეთილის მოყოლა (ალბათ მე რომ გავაფრთხილე, არ უმეცადინია-მეთქი, გაითვალისწინა), შემდეგ მე მომაყოლა. მეც ზეპირად მოვუყევი გმირი პავლიკ მოროზოვის ცხოვრება. პავლემ ხომ ჩვენი ნათელი მომავლისათვის ყველაფერი გააკეთა. ყოჩაღ, პავლიკ!
11:00 – მესამე გაკვეთილის მსვლელობისას, ორი თითის აწევით მასწავლებელს საჭირო ოთახში გასვლას ვთხოვ. საჭირო ოთახში დიდი ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და მთხოვეს, არავისთვის მეთქვა
11:15 – დიდი ბიჭები დირექტორის კაბინეტში დაიბარეს.…ნეტავ რატომ?!
11:20 – დირექტორმა კარგი ყოფაქცევისათვის მადლობა მითხრა.
12:00 – გაკვეთილები დამთავრდა. მე და ჩემი მეზობლები მივდივართ სახლში. ბაჩამ და დათამ კატის კნუტები დაიჭირეს და აწვალეს. მე არ მაწვალებინეს, მითხრეს ჯერ პატარა ხარო. დამპლები.
12:22 _ ვჭამ და ვამზადებ ხვალინდელ გაკვეთილებს. თუ მალე ვისწავლი, შეიძლება ბურთიც ვითამაშო, მაგრამ დიდმა ბიჭებმა მითხრეს, გარეთ არ დაგინახოთ გამოსულიო. ნეტავ რატომ?
13:00 – ვკითხულობ კლასგარეშე ლიტერატურას – "თემური და მისი რაზმი" (მართლაც ჭეშმარიტი პიონერია თემური, ძია ლენინს როგორ მოეწონებოდა თემურის საქციელი).
14:00 _ მივდივარ როლანდი ბიძიასთან _ ბაჩასთან და დათასთან სათამაშოდ. დღეს შეიძლება კნუტები გამაწვალებინონ!
14:20 – კნუტები ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ერთად ვითამაშეთ კუკუდამალობანა. მე და დაა ყოველთვის ისე ვიმალებით, ვერავინ გვპოულობს. ბაჩოს ჰგონია, რომ დაასტუკებს და გამოდის ხოლმე სამალავიდან.
15:00 – მივდივარ სახლში და ვაგრძელებ კითხვას. დიდი რომ გავიზრდები, მეც ყველას უნდა დავეხმარო. მერე თემურივით ყველა ჩემზე ილაპარაკებს.
16:00 – გაკვეთილები დავისწავლე და ვამზადებ სკოლის ჩანთას.
16:15 – მე, როლანდი ბიძიას შვილები ბაჩა და დათა და დასასვენებლად ჩამოსული მეზობლის ბიჭი ვანო მივდივართ ბილიარდის სათამაშოდ. როლანდი ბიძია გვეუბნება, რომ მომავალში გამოგვადგება. ბილიარდის თამაში არ გამოგვივიდა და კიებით ვიხმალავეთ. ორი ერთზე იყვნენ და მომერივნენ, შემარჭვეს კია... ძალიან არ მტკენია ოღონდ. ვანომ ყველაფერი თავის პოლაროიდზე გადაიღო და მაბრაზებს და მეუბნება, რომ ჩემ მასწავლებელს და კლასელებს ანახებს, თუ...
17:00 – ხვალისთვის ვამზადებ წითელ ყელსახვევს, მინდა, ჩემი ყელსახვევი ყველაზე წითელი იყოს. წითელი ხომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ლამაზი ფერია?!
17:10 – ვავსებ ჩემი თანაკლასელის მეგობრობის დღიურს (გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერ გავეცი პასუხი კითხვაზე – რას ვერ აპატიებდი მეგობარს?)
18:00 – ვოცნებობ. უფროსებმა მითხრეს, შეეშვი ოცნებას, რადგან შენ ოცნება კარგს არაფერს მოგიტანსო, მაგრამ არ დავუჯერე. მე ოცნება არაფერს მავნებს.
18:20 – მოვმართე ხაზის რადიო და ვუსმენ რადიო სპექტაკლს – "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"
19:00 – ღობიდან, ჩუმად ვუსმენ მეზობლის კაცების ლაპარაკს. დათა და ბაჩოც ჩემთან არიან. დათა ამბობს, რომ გავიზრდებით, მაშინაც მოვუსმინოთ ხოლმეო. რა სასაცილო რაღაცების თქმა უყვარს ამ დათას.
20:00 – გადავიმეორე გაკვეთილები. ხვალ ღია გაკვეთილი გვაქვს, სკოლის დირექტორი და სხვა მასწავლებლები უნდა დაგვესწრონ და თავი უნდა გამოვიჩინო.
21:00 – დავლიე ჩაი და ვწვები დასაძინებლად.
01:10:12. – კოშმარი დამესიზმრა, გამეღვიძა და ვერ ვიძინებ.... ვანო მესიზმრა, შერჭობილი კიის სურათს დირექტორს აჩვენებდა. ყველანი ჩემზე იცინოდნენ და თითს იშვერდნენ.