"ის ძალიან კარგი პრეზიდენტი იქნებოდა" - ვინ არის "ახალი დონალდ ტრამპი?"

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "თაკერ კარლსონი - ახალი დონალდ ტრამპი?" (ავტორი - დევიდ სმიტი), რომელშიც განხილულია საკითხი აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. ზოგიერთი ვარაუდით, ის შეიძლება ტელეარხ Fox News-ის წამყვანი თაკერ კარლსონი გახდეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ის ტრიბუნაზე აღტაცებული ადამიანების აპლოდისმენტების თანხლებით გამოვიდა, უღიმოდა მასპინძლებს, მაყურებლებს თავის პოლიტიკური ხედვებს აცნობდა და საკუთარი სახელის მქონე ატრიბუტიკას ყიდდა. აიოვას შტატში თაკერ კარლსონის გამოჩენა ძალიან მოგვაგონებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არჩევნები არ იყო, ყოველ შემთხვევაში - ოფიციალურად. ტელეარხ Fox News-ის წამყვანი თაკერ კარლსონი მთავარი მომხსენებელი გახდა "ოჯახურ ლიდერთა სამიტზე", სადაც 1800-ზე მეტი კონსერვატორი იყო შეკრებილი. სამიტი, ტრადიციულად, დე-მოინში ტარდება ხოლმე, აიოვას შტატში, რომელიც, ასევე ტრადიციულად, ყოველთვის პირველი აძლევს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის წარდგენას.

სხვათა შორის, აიოვაში 7 წლის წინ ჩატარებულ ამავე ფორუმზე ბიზნესმენმა და რეალითი-შოუს ვარსკვლავმა დონალდ ტრამპმა აუდიტორია დაარწმუნა, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ოდესღაც ვიეტნამელთა ტყვეობაში იმყოფებოდა, მაინცდამაინც "ომის დიდი გმირი" არ არის და ამით არჩევნებში მისი მარცხი განაპირობა.

პოლიტიკურ საქმიანობაში გამოუცდელ, მაგრამ, იმავდროულად, ცნობილ 53 წლის ტელეწამყვანს დონალდ ტრამპის პოტენციურ მემკვიდრედ თვლიან, რომელსაც აქვს უნარი, საპრეზიდენტო სავარძლისათვის იბრძოლოს, პოპულიზმისა და თეთრი იდენტურობის პოლიტიკის "ცეცხლი გააჩაღოს". იგი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და, რაც უფრო აღმაშფოთებლად ჟღერს მისი ნათქვამი, მით უკეთესი. გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" თაკერ კარლსონის შოუს Fox News-ის ეთერში "ყველაზე რასისტული" უწოდა საკაბელო ტელევიზიის ისტორიაში. და ამ დროს მისი რეიტინგები პრაიმ-თაიმში რეკორდებს ამყარებს.

თაკერ კარლსონი თეთრკანიანების უპირატესობაზე ლაპარაკობს და აქტიურად რეკლამირებს თეორიას, რომლის თანახმად, ამერიკისთვის ყველაზე ეგზისტენციალურ საფრთხეს სწორედ ეთნიკური და სოციოკულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს. იგი წინა პლანზე აყენებს ულტრამემარჯვენე თეორიას "დიდი ჩანაცვლების" თაობაზე, რომლის მომხრეები თვლიან, რომ დასავლური ელიტები თანდათანობით ზრდიან იმიგრანტ ამომრჩეველთა რაოდენობას თეთრი მოსახლეობის შეზღუდვა-შევიწროვების მიზნით.

თაკერ კარლსონი, მართალია, შოვინისტური და ლიბერალების დამცინავი მოძრაობის - "ისევ გადავაქციოთ ამერიკა დიდებულ ქვეყნად", ატრიბუტიკით სარგებლობს, მაგრამ, იმავდროულად, სიფრთხილეს იჩენს და დონალდ ტრამპთან მიმართებით დისტანციას იცავს. ამის შემხედვარე ზოგიერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ იგი თავისი დამოუკიდებელ გზით მიდის.

"იგი, ალბათ, კარგი პრეზიდენტი იქნებოდა", - ამბობს ოჯახური ლიდერობის სამიტის მონაწილე, 70 წლის კენტ პრაუდფიტი, - "არ ვიცი, წამოაყენებს თუ არა თავის კანდიდატურას, პოპულარული კი ნამდვილად არის. მისი ტელეშოუ აშშ-ის საკაბელო ტელევიზიებში უდიდესი მოწონებით სარგებლობს. მართალი გითხრათ, მე პირადად მას ხმას მივცემდი".

კენტ პრაუდფიტს, რომელიც ადრე სამედიცინო კურიერად მუშაობდა, თავზე კეპი ახურავს წარწერით - "ტრამპის რევანშ-ტური-2024". მას არ ადარდებს თაკერ კარლსონის პოლიტიკური გამოუცდელობა: "ყველაფერი ხომ პოლიტიკოსობაზე არ არის დამოკიდებული... ახლა შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს, რომელიც საქმიანი წრიდანაა გამოსული, მაგალითად, ისეთი, როგორიც დონალდ ტრამპი იყო. თაკერ კარლსონი კარგად ერკვევა ბიზნესში და სხვა ბევრ საკითხში, ამიტომ მე სწორედ ასეთი კანდიდატისკენ ვიხრები".

თაკერ კარლსონამდე სამიტზე აიოვას გუბერნატორი კიმ რეინოლდსი და შტატის უხუცესი სენატორი ჩაკ გრასლი გამოვიდნენ, რომლებმაც კმაყოფილება გამოხატეს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით - აბორტებზე კონსტიტუციური უფლების გაუქმების შესახებ. თვითონ თაკერ კარლსონს გამოსვლის დროს მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა, ლურჯი უჯრედებიანი პერანგით, ზოლებიანი ჰალსტუხით და ნაცრისფერი შარვლით. მისი გამოსვლა 42 წუთს გრძელდებოდა და ძალიან მოგვაგონებდა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის საჯარო პრეზენტაციას. მან გაიხსენა ბავშვობა ("მეექვსე კლასში ჩემი პოზიციით უკვე სხვებისგან გამოვირჩეოდი და ისევე არ ვიყავი პოპულარული, როგორიც ახლა ვარ"), კომპლიმენტები მიუძღვნა მასპინძლებს ("სასიამოვნო იყო თქვენი შტატის 99 ოლქში ყოფნა") და დემოკრატები გააკრიტიკა ("ისინი ახლა, ალბათ, იმუქრებიან და ხალხის დაშინებას ცდილობენ").

თაკერ კარლსონი შეეცადა, განმარტება გაეკეთებინა თავის წინა გამონათქვამებთან დაკავშირებით - ბევრს არ მოეწონა მისი მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანისადმი და რუსეთის მიმართ უკრაინის ომში.

"მე ვლადიმერ პუტინს არ ვიცავ, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ", - თქვა მან, - "მე მის მიმართ გულრილი ვარ, ის ხომ ჩემი პრეზიდენტი არ არის, ის ჩემს ქვეყანას არ ხელმძღვანელობს. იმ პოლიტიკას, რასაც იგი უკრაინის მიმართ ატარებს, ისტორიისათვის და უკრაინელებისათვის მისი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ჩემთვის ბენზინის ფასზე უფრო ნაკლები მნიშვნელობა აქვს".

აპლოდისმენტების გრიალში თაკერ კარლსონმა განაგრძო: "წიაღისეულ საწვავზე ფასების ზრდა მხოლოდ უხერხულობას არ გვიქმნის, ეს მთელი ისტორიაა... იაფი ენერგორესურსები და იაფი წიაღისეული საწვავი - აი, ამითიც განსხვავდება აიოვაში ცხოვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრებისაგან".

თაკერ კარლსონის გამოსვლის სტილი დონალდ ტრამპის გამოსვლას გვახსენებდა: ძუნწი შენიშვნები, ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა, სარდონული იუმორის პერიოდული "აფეთქებები" - ეს უფრო შუაღამით ბარში თავისუფალ ფილოსოფიურ საუბარს მოგვაგონებდა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებას, ტელესუფლიორის მეშვეობით

თაკერ კარლსონის რწმენით, რესპუბლიკელებს ისეთი კანდიდატი ჭირდებათ, რომლისთვისაც სამოქმედო მიმართულება ამომრჩეველთა მთავარი პრობლემების მოგვარება იქნება - მაგალითად, მათი ოჯახისა და შვილების კეთილდღეობა...

ტელეწამყვანმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა იმ ქალებისთვის "ეკბინა", რომლებიც აბორტებს იკეთებენ, აგრეთვე სპორტსმენ-ტრანსგენდერების მიმართაც, შემდეგ კი რეზიუმე გააკეთა: "ტვიტერს არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. ტვიტერში გაუბედურებული და პირადი ცხოვრების არმქონე ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც ამაზრზენ პოლიტიკურ მიზნებს აჟღერებენ. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ისარგებლოთ კონსტიტუციური უფლებით - ყველა პრობლემა თქვენს წარმომადგენლებამდე მიიტანოთ, რომლებიც ამ საკითხებზე თქვენი სახელით ილაპარაკებენ".

თაკერ კარსლსონის გამოსვლას უპირატესად თეთრკანიანი აუდიტორიის კონსერვატიული მონაწილეების აპლოდისმენტები და აღფრთოვანებული შეძახილები მოჰყვა. ყოფილმა მასწავლებლის, 77 წლის ჯიმ ჰოკინსის თქმით, "ეს გაბედული ადამიანი ბევრ ცრუ ჭეშმარიტებებს ამხელს და ფარდას ხდის. სრულიად ვეთანხმები, რომ მთელი ჩვენი პრესა ლიბერალიზმისაკენ არის გადახრილი... თაკერ კრლსონი ბევრ ოპონენეტს აჯობებს ტავისი ინტელექტით. მე მხარს დავუჭერდი მის კანდიდატურას... მაგრამ ვინ შეცვლის მას, რასაც ახლა აკეთებს?".

მერი ჯეინ კოლარსი (71 წლის) ყოველ საღამოს უყურებს თაკერ კარლსონის შოუს: "მე მომწონს მისი პატიოსნება. იგი ამხელს კორუფციულ ფაქტებს და არ ეშინია ილაპარაკოს იმაზე, რაც ნამდვილად ხდება კულუარებში... თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ მე მისი პრეზიდენტობა მსურს. დაე, ისევ დონალდ ტრამპი იყოს ქვეყნის მეთაური. თაკერ კარლსონმა უკვე იპოვა თავისი ადგილი, სადაც წარმატებულად გამოდის. მე ვერ ვხედავ მასში ისეთ ადამიანს, რომელიც ქვეყნის მართვას შეძლებს, ისეთი ურთიერთობა ექნება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და ისეთ გარიგებებს დადებს, როგორებიც დონალდ ტრამპს შეუძლია", ამბობს ყოფილი პედაგოგი.

62 წლის სინდი მენინგმა კი ასეთი პოზიცია გამოხატა: "რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წამოყენება შეიძლება. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენად პასუხობს ეს მის ინტერესებს, მაგრამ მჯერა, რომ კარგი კანდიდატი იქნებოდა. კი, მას რაღაც-რაღაცები აკლია, მაგრამ ამ საკითხებს მისი გუნდი გადაწყვეტს".

დემოკრატებისაგან განსხვავებით, რესპუბლიკელები, როგორც ჩანს, მზად არიან უარი თქვან ტრადიციაზე, რომ აიოვამ პირველი მისცეს ხმა საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენების დროს. 2024 წლის არჩევნები ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ შტატში უკვე უამრავი პოტენციური პრეტენდენტი ჩადის, მათ შორის - ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სენატორი ტომ კოტონი.

ზოგიერთი დამკვირვებლის ვარაუდით, თაკერ კარლსონისათვის იოლი არ იქნება აიოვას კონსერვატიულად განწყობილ მოსახლეობას საკუთარი კანდიდატურა მოაწონოს - იგი ხომ სან-ფრანცისკოში მცხოვრებ მდიდარ ოჯახში დაიბადა და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ როდ აილენდის სკოლა-ინტერნატში სწავლობდა.

გაზეთ Storm Lake Times-ის რედაქტორი არტ კალენი თვლის, რომ "ტომ კოტონი და მაიკ პენსი აიოვასათვის უფრო მისაღებია, ვიდრე თაკერ კარლსონი - კაცი, რომელიც ადრე "პეპელა-ჰალსტუხს" ატარებდა, ელეგანტურ კოსტიუმს იცვამდა და ა.შ. იგი [ყველგან ცნობილ] დე-მოინში ჩადის, ტომ კოტონი კი პატარა, ყველასაგან მივიწყებულ ქალაქში, სადაც ბევრი ევანგელისტი ცხოვრობს".

გარდა ამისა, ის, რომ თაკერ კარლსონს თეთრკანიანი ნაციონალისტის იარლიყი აქვს მიწებებეული, აიოველი ამომრჩევლებისათვის ეს უმნიშვნელო არ არის: "ჩვენთან, აიოვაში, სხვებისგან განსხვავებით, ღია რასიზმის ფაქტებს ვერ იპოვით. ამიტომ თაკერ კარლსონის გამონათქვამები შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს".

თაკერ კარლსონის თქმით, ემიგრანტები ამერიკას "აღარიბებენ, აჭუჭყიანებენ და ანაწილებენ". მან ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის გამო 2020 წელს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს "დამნაშავეთა ბრბო" უწოდა. მან, ასევე, ეჭვი დათესა კორონავირუსის ვაქცინაციის მიმართ და კაპიტოლიუმზე (კონგრესის შენობაზე) 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი შეტევა "სამთავრობო ოპერაციად" შერაცხა, "უცხო დროშის ქვეშ".

მთლიანობაში თაკერ კარლსონის ყოფნა აიოვაში, ალბათ, ადასტურებს ხმებს მის წამოყენებაზე რესპუბლიკელების კანდიდატურის რანგში. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მრჩეველმა კურტ ბარდელამ მას ჭკვიანი და ნიჭიერი შოუმენი უწოდა, რომელსაც შეუძლია პარტიის ცუდი განზრახვებიც განასახიეროს.

"იგი თეთრკანიანების იმ უკმაყოფილების ცოცხალი გამოხატულება იქნებოდა, რასაც ახლა რესპუბლიკელების პლატფორმაზე ვხედავთ. ყოველ საღამოს მის ერთსაათიან გადაცემაში თეთრი მოსახლეობის საჩივრები ისმის. პარტიის შიგნით ნაციონალიზმის ელემენტი ძლიერდება, ფესვებს იდგამს, სულ უფრო ხმამაღლა ჟღერს, გავლენიანი და შესამჩნევი ხდება. მას შეეძლო, საკუთარი თავისთვის ბუნებრივი ტრამპლინი და ელექტორატის მიზიდვის საფუძველი გამხდარიყო", - ამატებს კურტ ბარდელა, - "მაგრამ იგი სტივ ბენონის (დონალდ ტრამპის ყოფილი უფროსი მრჩევლის - ს.კ.) ელეგანტურ ვერსიას წარმოადგენს და ასახიერებს ყველა იმ დამანგრეველ ელემენტებს, რაც მას აქვს, თუმცა თაკერ კარლსონი ამას უფრო პრეზენტაბელურად და დახვეწილად აკეთებს".