ამზადებს თუ არა პრეზიდენტი სტუდენტებს გამოსვლებისთვის?

ამზადებს თუ არა პრეზიდენტი სტუდენტებს გამოსვლებისთვის?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით სტუდენტებმა წინასაარჩევნოდ გამოსვლები მოაწყონ. ამის შესახებ კობახიძემ გაზეთ "ალიასთან" ისაუბრა.

"პრეზიდენტთან შესახვედრად მიჰყავთ სტუდენტები, რომლებსაც ნამდვილად არ სიამოვნებთ სააკაშვილის მოსმენა, ლექტორები ეუბნებიან სტუდენტებს, რომ უნდა მივიდნენ, რათა მერე პრობლემები არ შეექმნათ. გარდა ამისა, ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილის ფანტაზიებისა უკვე აღარავის სჯერა, მისი საუბარი უკვე მიუნჰაუზენის მონათხრობს ჰგავს ხოლმე. თუმცა არ უარვყოფ, შესაძლებელია წინასაარჩევნოდ რაღაც გამოსვლები მოაწყონ, სტუდენტობა ძალიან სერიოზული ძალაა და სააკაშვილი ცდილობს, ამ ვოიაჟებით "ნაციონალურ მოძრაობას" ქულები ჩაუწეროს. სხვათა 

შორის, ძალიან ცუდად მენიშნა, როდესაც სერგო რატიანი საპარლამენტო ტრიბუნიდან დაგვემუქრა, თქვენ გეშინიათ სტუდენტებისა და რექტორების, თქვენ მიიღებთ სერიოზულ გამოსვლებსო. ეს, ფაქტობრივად, მუქარაა, ცხადია, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, სტუდენტსაც და ლექტორსაც, აკადემიურ საზოგადოებასაც და როცა ამას აანონსებს "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ასევე გახლავთ ილიას უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ეს უკვე სხვა რამეზე მიანიშნებს", - აცხადებს კობახიძე. 


გუშინ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.