"რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეების - რიზვან ომაროვი და მიკაილ კადიევი დააკავებას - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ასეთი ადამიანები ხვდებიან, ეს მიმართულება რუსეთის შესაბამისი სამსახურებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუ დაკავებულებს მართლაც აქვთ კავშირი ტერაქტის მზადებასთან, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების აქტიური თანამშრომლობა შესაძლებელია. პუტინი მიიჩნევს, რომ ერთობლივი ძალებით მუშაობა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია, უსაფრთხოება კი ფართო საკითხია და როგორც ჩანს, ტერორიზმთან ბრძოლასაც ითვალისწინებს. მოსკოვი მზად არის ამ საკითხზე დიალოგისთვის, მიუხედავად ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რაც შეეხება სავიზო საკითხს, ვფიქრობ, ამ პრობლემის განსახილველად პუტინი კიდევ უფრო ღიაა, ვიდრე მისი ხელქვეითები. ეს ადასტურებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები კრემლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ასე რომ, მათ განვითარებას ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ", - აცხადებს რეგიონული უსაფრთხოებისა და კავკასიის პრობლემების ცენტრის ექსპერტი ნიკოლაი სილაევი გაზეთ "ყველა სიახლისთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პუტინი საქართველოსთან ნდობის აღდგენის გზებს ეძებს".
"ვფიქრობ, ეს აღიარება გარდაუვალი ნაბიჯი იყო იმ ძალზე დრამატულ სიტუაციაში. რაც შეეხება აღიარების უკან წაღებას, ამგვარი პრეცედენტის არსებობა საერთაშორისო პრაქტიკაში ჩემთვის უცნობია, რუსეთი ამაზე არ წავა. ახლა უფრო არა სტატუსზე, არამედ პრაქტიკულ საკითხებზე უნდა ვილაპარაკოთ: ეკონომიკურ პრობლემებზე, საზღვრის გადაკვეთაზე, შეიარაღებულ ინციდენტებზე. ჩემი აზრით, როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკოლაი სილაევი.
"ახლა თითოეული მხარე ცდილობს, მეორისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს. ნორმალური და ლოგიკურია, რომ ქართული ღვინო ისევ გამოჩნდა ჩვენი მაღაზიების თაროებზე, რადგან ქართული ღვინო შესანიშნავია და ის რუსეთში უყვართ. არანორმალური ის იყო, წლების განმავლობაში რომ არ შემოჰქონდათ; ღვინის ექსპორტის განახლება მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, თუ ეს ყურძნის შემსყიდველ ფასს გაზრდის, ამით ქართველი გლეხი მოიგებს. ღვინის გარდა სხვა ქართული სპირტიანი სასმელიც უნდა შემოვიდეს, მხოლოდ ღვინით შემოფარგვლა შეცდომაა. რაც შეეხება ონიშენკოს განცხადებებს, არ ვიცი, რატომ აკეთებს ის ამგვარ განცხადებებს, როგორც ვიცი, ონიშენკო საერთოდ არ სვამს და რის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა? შესაძლოა, იყო ფალსიფიკაციის შემთხვევები, რამდენიმე წუნდებული პარტიაც შემოვიდა, მაგრამ რაში სჭირდება ონიშენკოს ტექნიკური საკითხის პოლიტიკურად ქცევა? ეს მისი პირადი სტილი უფროა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, ჰუმანიტარულ ფაქტორს, სახალხო დიპლომატიას დიდი როლი ეკისრება, რუსი ლიდერები, მათ შორის პუტინი და მედვედევი ეძებენ გზებს, საფუძველს, რაზეც ორ ხალხს, საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა გახდება შესაძლებელი. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ რუსულ საზოგადოებას ყოველთვის ჰქონდა და აქვს ემოციური დამოკიდებულება საქართველოსადმი, "ემოციური" აუცილებლად "თბილს" არ ნიშნავს. ასე რომ, წინ დიდი გზაა გასავლელი", - ამბობს ნიკოლაი სილაევი.
"ჯერჯერობით პროცესები თურქეთის საზღვრებს არ გასცილებია. პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ოპოზიცია რიტორიკაში ძლიერია, პოლიტიკურად _ საკმაოდ სუსტი. თუმცა, ერდოღანის რეჟიმის სიმტკიცის საკითხი უკვე დადგა დღის წესრიგში, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკაში თურქეთის აქტიურობის შემცირება მოჰყვეს. თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ ბოლოხანს ის ცდილობს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა გაატაროს, რაც ზოგიერთს არ მოსწონს. ამასთან, დღეს თურქეთის გავლენა საქართველოზე დიდია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თბილისიც და ანკარაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, და თუ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გეზი გაგრძელდება, თურქეთი იქნება ის ხიდი, რომელიც თბილისს ნატოსთან მიიყვანს. ჯერჯერობით კი თურქეთში ისეთი არაფერი ხდება, რომ რეგიონში არსებული სტატუს-კვო რომელიმე სხვა ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვალოს", - დასძენს რესპონდენტი.