წერს თუ არა მერაბიშვილი ლექსებს ციხეში

წერს თუ არა მერაბიშვილი ლექსებს ციხეში

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თითქმის ერთი თვეა, რაც N9 დაწესებულებაში (მატროსოვის ციხე) იმყოფება. პატიმრობიდან 28-ე დღეს ბრალდებულმა მერაბიშვილმა ტელევიზორის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართა. ყოფილმა პრემიერმა თავისას მიაღწია და მას ტელევიზორს შეუტანენ.

გიორგი ჩივიაშვილი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი:
- "კოდექსი პატიმრობის შესახებ" პირდაპირ ითვალისწინებს, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს ჰქონდეს როგორც ბეჭდურ მედიაზე, ასევე ტელევიზორსა და რადიომაუწყებლობაზე წვდომა. შიმშილობის მეორე მიზეზი ისაა, რომ მან მოითხოვა მეუღლისთვის მინდობილობის გაკეთება, რათა ოჯახის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ მისი დანაზოგით, რომელიც დეკლარირებულია და ერთ-ერთ საბანკო ანგარიშზე აქვს. არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ამავდროულად, სამიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ დაყადაღდა ვანო მერაბიშვილის ყველა საბანკო ანგარიში. არც კი მოიკითხეს და გაარკვიეს, ჰქონდა თუ არა მას ანგარიშები.

- ისე, ამას წინათ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ივანე მერაბიშვილი საკანში თუ კარგად მოიქცევა, ტელევიზორს კი არა, რადიომიმღებსაც შეუტანენო…
- მე ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას ამ კომენტარზე, უბრალოდ, იმას გეტყვით, რომ წულუკიანი არ წყვეტს ტელევიზორის დადგმა-არდადგმას, ეს მას საერთოდ არ ეხება. ეს საკითხი პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს გადასაწყვეტია. 

- მერაბიშვილი როგორ გრძნობს თავს? 

- ბატონი ვანო შიმშილობის დაწყების დღეს ვნახე, არავითარი ავადმყოფობის ნიშნები არ ეტყობა, არის მხნედ, შემართებით და დარწმუნებულია, რომ იბრძოლებს ბოლომდე და თავის სიმართლესა და უდანაშაულობას დაამტკიცებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა საკანში 80 წიგნის შეტანა მოითხოვა. რატომ მაინცდამაინც 80?
- ეს არასწორი ინფორმაციაა, მას ციფრი არ დაუსახელებია. ბატონ ვანოს 100 წიგნზე მეტი აქვს შეგზავნილი და წაკითხულიც, ამ მხრივ შეზღუდვა დაწესებული არ არის. არ ვიცი, ვინ და რატომ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. მასთან კვირაში ორჯერ შეაქვთ 20-30 წიგნი, რომლებსაც კითხულობს, ოჯახი და მეგობრები უგზავნიან.

- თუ იცით, რას კითხულობს ამჯერად?
- წარმოდგენა არ მაქვს...

- პირობებით თუა კმაყოფილი და როგორია მისი კვების რაციონი?
- მისი გადმოცემით ვიცი, რომ ნორმალური პირობებია, ჩემთან მას არაფერზე, მათ შორის არც საკვებზე გამოუთქვამს პრეტენზია.

- როგორია მისი დღის რეჟიმი?
- მე-9 დაწესებულება დახურული ტიპის დაწესებულებაა. ბატონ ვანოს აქვს კანონით მინიჭებული დრო, როდესაც სეირნობს. ის ჩვეულებრივი ციხეა, სადაც სხედან ადამიანები სასჯელის მისჯამდე. მატროსოვზე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არიან მოთავსებული.

- პატიმრებისგან წყენა ხომ არ შეხვე­დრია?
- მან ჩემთან საუბარში თქვა, რომ ძალიან კარგად ექცევიან, უფრო სწორად, ისე ექცევიან, როგორც უნდა ექცეოდნენ ნორმალურ პირობებში მყოფ პატიმარს, შესაბამისად, პატიმრებისა და ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ გამოუთქვამს.

თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პრაიმერში მონაწილეობას თუ აპირებს?
- ვერ გეტყვით...

- ამბობენ, ლექსებს წერსო.
- რას წერსო?

- ლექსებს
- (იცინის) პირველად მესმის. არა, არა, ტყუილია. 
დავინტერესდით, როგორი რეჟიმით ცხოვრობს მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალური პასუხი ასეთია. 

"ბრალდებული ივანე მერაბიშვილი მე-9 დაწესებულებაში შემოყვანის დღიდან გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ თავაზიანობით, იცავს რეჟიმს და დღის განრიგს, არ არის აგრესიული და იქცევა მშვიდად. იძინებს ღამის 00:00 საათისთვის. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დგება მოსაწევად.

დღის განმავლობაში ორჯერ ხვდება ადვოკატს. სარგებლობს კუთვნილი გასეირნების უფლებით (ყოველდღე 1 საათი) და სისტემატურად ვარჯიშობს. ეწევა სიგარეტს. საშუალოდ, კვირაში ერთხელ ყიდულობს 10 კოლოფ რვა ნომერ "კენტს".

მისთვის განკუთვნილი დღის მენიუდან იღებს ყველაფერს, გარდა რძის ნაწარმისა და პურისა. სარგებლობს დაწესებულების მაღაზიით, სადაც ყიდულობს შემდეგ ნივთებს: პირველადი მოხმარების საგნებს, სიგარეტს, ძეხვს, თევზეულს, წყალს, მინერალურ წყალს, "სანდორას" წვენებს, "ნატახტარის" ლიმონათს, ყავას, ჩაის, ყველს, შოკოლადს, ბოსტნეულს, ასაწონ ნამცხვარს, პურს, მაიონეზს, ჰერკულესს, ჩიფსს, არაჟანს, ყავისფერ შაქარს, სანთელსა და ნახშირს.

კითხულობს სისტემატურად, ხშირად შემოსდის წიგნები საფოსტო გზავნილის სახით და ამანათი.
დაწესებულებაში შემოყვანისას პატიმარი შემოწმდა ექიმის მიერ, სხეულის გარეგანი დათვალიერებისას ახალი ტრავმა ან რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამჟამად მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია".


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/80229-patimar-merabishvilis-dghis-rezhimi-qidzinebs-thormet-saathze-ramdenjerme-dgeba-mosatsevad-yidulobs-herkuless-yavisfer-shaqars-santhels-da-nakhshirsq.html#ixzz2We59TfAf