"როგორ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოება ვანდოთ გივი თარგამაძეს, რომელიც ზოგიერთ
ქვეყანას #1 მტრად ჰყავს გამოცხადებული?"
"ნაციონალური მოძრაობა" ძველი კავშირებით, ახალი და ძველი გადახდილი ფულით, ყველანაირად შეეცდება ბრძოლას, თანაც ის გამოცდილი ოპოზიციაა, რომელიც ხელისუფლებაშია ნამყოფი. გვებრძოლონ და მათთან პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ გამოვიბრძმედებით", - აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.
- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც უმრავლესობის 11-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებას, პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ მათ მხარი დაუჭირეს რექტორებად თევზაძისა და კვიტაშვილის დარჩენას. რით არ მოგეწონათ მთავრობის ინიციატივა?
- კოალიციიდან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს არა მარტო რესპუბლიკელებმა, არამედ "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ქართული ოცნებისა" და "ფორუმის" წარმომადგენლებმა. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცამ მხარი დაუჭირა თევზაძის რექტორობას... ვინც ასეთ შეფასებებს აკეთებს, აზრზე არ არის, რა წერია ამ კანონპროექტში. თევზაძე როგორ უნდა გავათავისუფლოთ რექტორობიდან, ხარისხი არა აქვს თუ რა? 30 წლისა იყო დოქტორი. კანონის იმ მუხლთან არაფერი მაქვს სადავო, რომელიც ამბობს, რექტორს აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდესო. ლაპარაკია უნივერსიტეტის ავტონომიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ჩვენ ამის შეზღუდვაზე არა ვართ თანახმა.
- განათლების მინისტრი ნათლად ამბობს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანი არ არის უნივერსიტეტების ავტონომიის შეზღუდვა და მხოლოდ ფორს-მაჟორის შემთხვევაში უნდა მიეცეს პრემიერს რექტორის დანიშვნის უფლება.
- თუ პრემიერი დანიშნავს რექტორს, ე.ი. ეს არ არის ავტონომიის შეზღუდვა? მარგველაშვილმა რაც უნდა თქვას, ეს არ არის ავტონომიის შეზღუდვაო, არის და შამანობა ხომ არ უშველის ამ საქმეს?
- აქამდეც აკადემიური საბჭოები ირჩევდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რექტორებს, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ რექტორებად პრეზიდენტის სასურველ კანდიდატებს ირჩევდნენ.
- რა თქმა უნდა, აკადემიური საბჭოები პრეზიდენტის გავლენის ქვეშ იყვნენ. თუ ისინი წინა ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ, დაემორჩილებიან ახალსაც.
- თუ ასეა და აკადემიური საბჭო მაინც პრემიერის სასურველ რექტორს აირჩევს, ბარემ თვითონ ივანიშვილს დაენიშნა რექტორები.
- კანონი არ უნდა გაფუჭდეს. 2006 წლიდან უნივერსიტეტებს მოპოვებული აქვთ ავტონომია და მათ პრეზიდენტი აღარ ნიშნავდა. ის, რომ სააკაშვილი კანონს არღვევდა, არ გვაძლევს საფუძველს, რომ კანონი გავაფუჭოთ.
- 11 დეპუტატის გადაწყვეტილება პრემიერის წინააღმდეგ წასვლად შეფასდა.
- პრემიერის წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა ოპოზიციაში წასვლა და ეს რომ გვინდოდეს, პრეზიდენტის ვეტოებს არ დავძლევდით ყოველ კვირას 92 ხმით. ჩვენ პრემიერის გუნდიდან ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამდენი კანონიც შემოვა, პარლამენტმა უხმოდ უნდა მიიღოს.
- რექტორების არჩევა ის იშვიათი თემაა, როდესაც პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" ნაწილის შეხედულებები დაემთხვა ერთმანეთს.
- ჩვენი შეხედულებები ემთხვევა რუსეთთან, ტერორიზმთან დამოკიდებულებაში. პრეზიდენტისადმი ზიზღისა და "ნაციონალური მოძრაობისადმი" უსიმპათიობის გამო ცუდ კანონებს ვერ მივიღებთ.
- აშშ-ის კონგრესის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობაზე. Nეს შეფასდა როგორც "ქართული ოცნების" მკაცრი გაფრთხილება.
- ეს შემაშფოთებელი ფაქტი არის ნიშანი იმისა, რომ სამუშაო გვაქვს კონგრესში. ბევრს უნდა განვუმარტოთ, არის თუ არა სინამდვილეში საქართველოში პოლიტიკური დევნა. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, მაგრამ მსოფლიომ არ იცის. ამიტომ იყო საჭირო, პარლამენტში თავიდანვე შეგვექმნა საგამოძიებო კომისია და ეს პროცესი გამჭვირვალედ წავიდოდა. ახლა ეს საქმე პროკურატურაშია და როდესაც ყველა დანაშაული გამოიკვეთება, როდესაც დაინახავენ, ვინ ვინ არის და ლაპარაკი იქნება ვანო მერაბიშვილის საქმეებზე იმ მტკიცებულებებით, რასაც მოვიპოვებთ, კონგრესშიც და სხვაგანაც სხვა სალაპარაკო გვექნება. ჩვენ თანამიმდევრულები ვიქნებით და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ეს პოლიტიკური დევნა კი არა, დამნაშავეების დასჯაა.
"ნაციონალურ მოძრაობას" გვინდა მივცეთ შანსი, რომ დარჩეს როგორც პარტია, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, ვერ დარჩებიან. ადგილობრივ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ეს პარტია გაქრება.
თუ ვანოს ჩაჰყვებიან საფლავში და წმინდანად გამოგვიცხადებენ ბაჩანა ახალაიას და ვანო მერაბიშვილს, ეს პარტია ვერ გაძლებს. სამარცხვინოა საერთაშორისო დონეზე ვანოზე ამხელა ამბის ატეხა, რადგან მათ კარგად იციან, ვინც არის ვანო მერაბიშვილი და რა როლი მიუძღვის მას რობაქიძისა და გირგვლიანის საქმეში, სადაც მთელი ოჯახითა და სისტემით იყო ჩართული. ამ საქმეში არსებობს სატელეფონო საუბარი იმ ტყიდან, სადაც სანდრო გირგვლიანს აწამებდნენ. 43 წუთის განმავლობაში შარდენზე სუფრასთან მსხდომნი ისმენდნენ, როგორ აწამებდნენ გირგვლიანს.
ამის მერე გვეუბნებიან, რომ ვანო კარგია და მისი ცოლი შუშანიკის მერე მეორე ქართველი წმინდანია.
"ნაციონალური მოძრაობა" ვანოსთან ერთად ჩაიძირება.
- მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისგან მუდმივი მოწოდებაა "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანაცხოვრებისკენ, "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის დაპირისპირება უფრო და უფრო მწვავე ხდება.
- კოაბიტაცია ჩვენ მაინც გვაქვს. აბა, ვინ მიიღო ერთობლივი განცხადება საერთაშორისო საქმეებზე? ერთად არ შევცვალეთ კონსტიტუცია? ხშირად პარლამენტში კანონები 120 ხმით გადის. პარლამენტში კოაბიტაცია არის, მაგრამ ჩვენ გვექნება დაპირისპირება დანაშაულთან. ვანო მერაბიშვილთან კოაბიტაცია მაშინ იქნება, როდესაც დანაშაულს აღიარებს, მოინანიებს და დაისჯება. ამ პარლამენტში გავიდა ოპოზიციის რამდენიმე კანონპროექტი და კიდევ გავა. ეს არის სწორედ კოაბიტაცია და ასეთი რამ სააკაშვილის პარლამენტში არასოდეს მომხდარა.
- ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს წინა ხელისუფლების მიერ ჩადებულ ნაღმებზე და ისე ჩანს, რომ მეტწილად ამ ნაღმების გაუვნებლებლობით დაკავებული.
- მართლაც ბევრი პრობლემაა. თუ ვიღაც წითელი ცირკულარით იძებნება, როგორ შემოდის საქართველოში და გადის? ძალიან სერიოზული კითხვები გვაქვს ლაფანყურის ოპერაციაზე და გვაინტერესებს, რანაირად მონაწილეობდა ამაში ქართული ხელისუფლება. კითხვები გვაქვს 2008 წელთან დაკავშირებითაც. ყოფილი ხელისუფლება კი ძალიან ღელავს, ამ კითხვების დასმა არ შეიძლებაო და იმასაც კი ბედავს გივი თარგამაძე, რომ თავის აზრებს გვახვევს თავს. "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ გივი თარგამაძე შეიყვანონ ნდობის ჯგუფში. ხომ შეიძლება ისეთი ვინმე შემოეთავაზებინათ, ვისაც შეიძლება ენდობოდე? როგორ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოება ვანდოთ გივი თარგამაძეს, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას #1 მტრად ჰყავს გამოცხადებული? ხომ ხედავთ, როგორი ნაღმები დაგვიტოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". აგერ თბილისში კინაღამ ტერაქტი მოგვიწყვეს, მაგრამ ეს მათი უთავობის ბრალია და არა იმის, რომ სააკაშვილია ტერორისტი.
- წინა ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შექმნითაც იყო დაკავებული. მათგან მემკვიდრეობით მიღებული ვიდეოფაილები პრობლემა გახდა ახალი ხელისუფლებისთვის.
- "ნაციონალური მოძრაობა" გვეუბნება, რატომ გაქვთ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, გავანადგუროთო, მაგრამ არავინ ღელავს, საიდან აღმოჩნდა ეს დღევანდელი ხელისუფლების ხელში. "ნაციონალური მოძრაობის" ლოგიკა ძალიან უცნაურია, - ჩვენ ცუდად ვიქცეოდით და ეს თქვენი ბრალიაო. ამის მართლა სჯერათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ტვინი გადაბრუნებული აქვთ. მთავარი ის არის, რომ ეს მასალები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზეცაა შექმნილი. დაახლოებით ვხვდები, როგორ უჭირავთ ერთმანეთი ხელში ამ ჩანაწერების მეშვეობით. ეს პარტია ოქტომბერში ოფიციალურად მოკვდება, როდესაც მათი ლიდერი პრეზიდენტი აღარ იქნება. სააკაშვილის გარდა მათ ხომ ელვარე ლიდერი არ ჰყავთ.
- სამართლიანობის აღდგენის გზაზე ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადახალისება მიიჩნეოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საბჭო ძირითადად ისევ კოტე კუბლაშვილის სასურველი პირებით დაკომპლექტდა. ეს არ შეუქმნის პრობლემას სამართლიანობის დამკვიდრებას?
- მოსამართლეებმა არ აირჩიეს ღირსეული პირები, მაგრამ რადგან ისინი მაინც აირჩიეს, აქვთ შანსი, იყვნენ უკეთესები და გათავისუფლდნენ მონობისაგან. ცუდი ხალხის არჩევა იმის ბრალია, რომ კარგი ხალხი ჩაიჭრა და ვერ იბრძოლა. მიუხედავად ამისა, არჩევნები მაინც ჯობია დანიშვნას. ადრე თუ გვიან, ეს იუსტიციის საბჭო მაინც გააკეთებს საქმეს.