"შსს-ს განცხადებას სამეგრელოში სპეციალური სამალავის აღმოჩენის შესახებ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამალავში იპოვეს იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, პატიმართა წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და არქივი წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემებით. შსს-ს ცნობით, აღნიშნული სამალავი მოწყობილი იყო მიწისქვეშ ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "საიდუმლო სამალავი ბაჩო ახალაიამ გასცა".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამალავის აღმოჩენას დიდი სპექტაკლი უწოდეს. დეპუტატმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეს იყო თავდაცვის სამინისტროს სამალავი და შსს-მ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა, რაც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უარყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, სამალავი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ არის მოწყობილი", - აღნიშნავს გამოცემა.
"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არჩევნებამდე სამეგრელოში შეიქმნა გაუგებარი შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც უშუალოდ ბაჩო და დათა ახალაიები, მეგის ქარდავა და თავდაცვისა და შს სამინისტროების მაშინდელი სხვა მაღალჩინოსნები კურირებდნენ. რა თქმა უნდა, ეს უშუალოდ თბილისიდან დავალებით ხდებოდა. ამ ფორმირებებს ჰქონდათ იარაღი, ასევე სამალავიც, რომელიც სხვაგან მდებარეობდა. ჩემი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა და მიხეილ სააკაშვილმა ძალისმიერ სცენარზე უარი თქვა (თუ ათქმევინეს), ფორმირებები დაშალეს, თუმცა იარაღის შენახვა გადაწყვიტეს. შესაბამისად, არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც კვლავ "ნაციონალები" აკონტროლებდნენ ხელისუფლებას, შექმნეს იარაღის ახალი სამალავი. მოგვიანებით კი იქ მიიტანეს ვიდეომასალა და სააარქივო მასალები თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის თუ სხვა ქალაქების კუდ-ისა თუ სოდ-ის სამმართველოებიდან. ეს სამალავი ნელ-ნელა "ივსებოდა", შემდეგ, როგორც ჩანს, შედარებით დაბალი რანგის სამართალდამცველებმა იქ ნარკოტიკებიც შეზიდეს. ამ სამალავის არსებობის შესახებ შსს-ს ბევრმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თუ საშუალო რგოლის წარმომადგენელმა იცოდა. ამიტომაც ძნელი სათქმელია, ვინ გაამჟღავნა მისი ადგილსამყოფელი. ისე კი, დარწმუნებული ვარ, წვრილ-წვრილი ჩინოსნები ამას ვერ გააკეთებდნენ. რატომღაც მგონია, რომ ეს საიდუმლო გასცა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც გამოძიებას "ძვალი" გადაუგდო. მისივე ოჯახის წევრებისგან იყო ამის შესახებ მინიშნება. თუმცა შეიძლება ვცდებოდე... სხვათა შორის, სამალავის არსებობის შესახებ საქმის კურსში იყო ვანო მერაბიშვილიც, რომელიც უშუალოდ კურირებდა მსგავს საკითხებს. იქნება თუ არა ეს მისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი, არ ვიცი... სავარაუდოდ, სამალავში არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ პირებზეა მასალები, არამედ მოიპოვება კომპრომატები ყოფილ მაღალჩინოსნებზეც. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა, სწორედ ამ სამალავში იყოს მონაცემები "ნაციონალების" "შავი ფულის" მოძრაობის შესახებ, ასევე ვიდეოკადრები, თუ როგორ ნებივრობს ზოგიერთი გუბერნატორი მეძავებთან, ფარული სატელეფონო ჩანაწერები - როგორ სძალავდნენ ბიზნესმენებს თანხებს და ა.შ. მოკლედ, გამოძიებას ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოადგება", - აცხადებს ყოფილი მაღალჩინოსანი.
"ყველა სიახლე" სამალავში აღმოჩენილი ვიდეომასალის შინაარსითაც დაინტერესდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შსს ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც ერთ-ერთი სამართალდამცავი სტრუქტურიდან სარწმუნო წყარომ გვაცნობა, ვიდეომასალების ნაწილი იმ ჩანაწერების ასლებია, რომელთა განადგურებასაც შსს აპირებს: "აღმოჩენილი ვიდეომასალა მართლაც ამაზრზენია. მაგალითად, როგორც ვიცი, ერთ-ერთ ვიდეოზე ასახულია ადგილობრივი ბიზნესმენის გაუპატიურების იმიტაცია, ასევე პატიმრების წამება _ ოღონდ ვერ გეტყვით, რომელ ციხეში. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, "ზონდერები" შიშველ ადამიანს აიძულებენ იმღეროს და ა.შ. მეტს ვერაფერს გეტყვით". რაც შეეხება იმას, თუ რომელ ოპოზიციონერებზე ინახებოდა მასალები, არსებული ინფორმაციით, ლაპარაკია "ქართული ოცნების" სამეგრელოს აქტივისტებზე. იმედია, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მალე დასრულდება და ინფორმაციაც გასაჯაროვდება, რათა საზოგადოებაში დამატებითი კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს", - დასძენს გამოცემა.