გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?

გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი?

"ალიას" ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა პრემიერს თხოვნით მიმართა - ამ მძიმე უწყებიდან მისი სხვა პოსტზე გადაყვანის თაობაზე. პრემიერი სუბარს თავდაპირველად დასთანხმებულა, თუმცა საბოლოოდ ის მაინც სასჯელაღსრულების მინისტრად დატოვა. ამიტომ გავრცელდა ხმები სოზარის ამ პოსტიდან წასვლასთან დაკავშირებით. აქვე ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც გეტყვით. ძალიან ბევრს ძიობდნენ ჟურნალისტები, ვინ დაიკავებდა განათლების მინისტრის - გიორგი მარგველაშვილის თანამდებობას. ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სოზარ სუბარი სწორედ ამ პოსტზე მოიაზრა, თუმცა აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ვიდრე ოფიციალურად არ დარეგისტრირდება ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში სოზარ სუბარი პრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე გადაიყვანოს.

სუბარის უწყება დღეს აქტუალურია, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ჩინოვნიკები, ალბათ, ნელ-ნელა გაავსებენ "კამერებს", პარალელურად, იზრდება "ნაცებით" მოსყიდული დასავლეთის ნაწილის აგრესია, ახალი ხელისუფლების მიმართ. წინა კვირას ჩვენ ვნახეთ კონგრესმენთა მიმართვა, სადაც ისინი ვანო მერაბიშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივნის დააპატიმრება მოხდა პოლიტიკური მოტივებით, ისინი ერთი წამითაც არ უშვებენ, რომ ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და ასევე, იმ უდანაშაულო მომიტინგეების სიცოცხლე ადევს კისერზე, რომელიც 26 მაისს დაიღუპნენ, სხვა შავ საქმეებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. დღითი დღე იზრდება ვანო მერაბიშვილის ფანკლუბის წევრთა რიცხვი, ხოლო თავად მერაბიშვილი შიმშილობას აცხადებს. მას კომუნიკაციის ტვინის ნაოჭები გაეხსნა და დღეს, როგორც არასდროს იხვეწება, ინტერვიუები ჩამომართვით, მანამდე ამისთვის არ მეცალა, ჩაკეტილი ვიყავი და თქვენ "გისმენდითო". მისი შიმშილობის დედააზრია საკანში ტელევიზორის შეტანა, დაყადაღებული ანგარიშების გახსნა, რადიომიმღები და ცოტა ხანში ალბათ, ინტერნეტსა და ნანოტექნოლოგიებს მოგვთხოვს. "გაღლეტილ ვანოს" ავიწყდება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად იმ კანონით მოქმედებს, რაც "ნაციონალებმა" დაწერეს და რითიც თავად ხელმძღვანელობდა ამ წლების განმავლობაში.

"ალიას" კითხვებს ამ და სხვა საკითხებზე პასუხობს სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი:

- ბატონო სოზარ, მაქვს ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეიძლება განათლების მინისტრად გადაგიყვანონ...
- ვერ გეტყვით, ჯერჯერობით სასჯელაღსრულების მინისტრად ვრჩები.

- ახლა "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ საქმეზე მიპასუხეთ, როგორ შეჰყავთ ციხეში სექსმუშაკები, ქალბატონები, რომლებიც ციხის ზედამხედველებთან ღამეები რჩებიან და მათ 1000 ლარს უხდიან, ხოლო სექსმუშაკები შენიღბულნი არიან მონიტორინგის ჯგუფის წევრების ეგიდით.
- ახლა რომ გითხრათ, თემა მოგონილია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ეს ხდებოდა და დღესაც ხდება. გამონაკლისი ქართული ციხე არ არის, პატიმარი ცდილობს, ხელი მოაწეროს ქალბატონებთან, რომელსაც თქვენ სექსმუშაკად მოიხსენიებთ, ხდება ფიქციური ქორწინება, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ პატიმრებს ამ საქმეში არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები არ ეხმარებიან, შესაბამისად, მათ ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებული გრძელვადიანი პაემნებისა.

- ვანო მერაბიშვილი მსოფლიოს საზრუნავი გახდა, ძალიან შეწუხებულია კონგრესმენთა ნაწილი და ისინი თვლიან, რომ ვანო ციხეში პოლიტიკური პატიმარია. იმოქმედებს თუ არა დასავლეთის ზეწოლა და გათავისუფლდება თუ არა ვანო მერაბიშვილი გირაოთი.
- ეს არის მუშა დოკუმენტი, მანამდე მსგავსი ჩანაწერი არ ყოფილა, სადაც ნახსენები არ არის ვანო მერაბიშვილი, შესაბამისად ჯერ ადრეა ტექსტის შეფასება, ვინაიდან ამას დოკუმენტის სახე არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი აღარ იარსებებს. ძალიან უცნაურია, როგორ გაჩნდა ეს ჩანაწერი ბოლო დღეს, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ პირველ ვარიანტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდა. არ მინდა კონკრეტულ გვარ-სახელებზე ვილაპარაკო, ვის შეეძლო გავლენა მოეხდინა კონგრესზე და როგორ გაჩნდა მერაბიშვილის გვარი ამ დოკუმენტში. კარგად მესმის, როცა წინა მთავრობის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება ხდება, ეს ყოველთვის იწვევს ინტერესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა ითვლება ამერიკის მეგობრად, სტრატეგიულ პარტინიორად, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ყველანი კანონის წინაშე თანაბარნი ვართ და ამა თუ იმ პიროვნების დანაშაულს ადგენს პროკურატურა და სასამართლო. დარწმუნებული ვართ, ის ბრალი, რაც ვანო მერაბიშვილს აქვს წაყენებული, არის მეათედი იმ დანაშაულისა, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა. სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო დანაშაულებრივი ხელისუფლების ე.წ. ხერხემალი. ასე, რომ დაველოდოთ სასამართლოს და ყველა დაინახავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, რა კოშმარი ტრიალებდა საქართველოში.

- კი მაგრამ, ევროპელ უფლებადამცველებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსებს ძალიან კარგად ახსოვთ, რა ხდებოდა წინა რეჟიმის ციხეებში. ლევან ბერძენიშვილმა კიდევაც გაიხსენა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს უფლებადამცველები ჩამოვიდნენ, მათ ნახეს ნაწამები, გაუბედურებული, სიგარეტებით ამოშანთული კონტროლის პალატის ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი, ხოლო ივანე მერაბიშვილთან მისულმა უფლებადამცველთა ისტებლიშმენტმა ნახა დეპრესიული ვანო, რომელსაც მოენატრა ტელევიზორი, რადიო და 50 წიგნი. ვანო მერაბიშვილი ასევე ავრცელებს საგანგებო განცხადებსა და სთხოვს ჟურნალისტებს, რომ მას გავიგზავნოთ კითხვები, რადგან მანამდე არ მეცალაო...
- პრემიერ-მინისტრისა და ზოგადად, მინისტრების პირდაპირი მოვალეობაა ჟურნალისტებთან და ხალხთან კომუნიკაცია და ხალხს უნდა ჩააბარო ანგარიში, თუ რას აკეთებ. ვანო მერაბიშვილი რომ ამდენი ხნის მანძილზე დუმდა და იტყებოდა, ეს ჩვენი ბრალი არ არის, მათ ეგონათ, რომ ხელისუფლებაში მარადიულად იქნებოდნენ და შერჩებოდათ ის ყველაფერი, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა გააკეთა სხვა არჩევანი, მათ ტერორსა და ავტორიტარიზმს უთხრა "არა" და აირჩია ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ტელეფონზე საუბრის არ შეეშინდება და განსვავებული აზრის გამო არ დასჯიან ... საპატიმროში ყველა ერთნაირ პირობებში ცხოვრობს და ციხე ყველასთვის ერთია. არც ერთი პატიმარი დღეს პირობებს არ უჩივის და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, როგორც წესი ვრეაგირებთ და ხშირია, როცა პატიმრების მოთხოვნის საფუძველი სხვა რამეა. რაც შეეხება ინტერვიუებს, ვანოს ჰყავს ადვოკატი, შეგიძლიათ კითხვები გაუგზავნოთ და მიიღოთ პასუხები. მერაბიშვილი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ვერასოდეს იქნება განსხვავებულ პირობებში. ეს არ არის ის კანონები, რომლებიც მათ მიიღეს. ზოგჯერ ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით ჩვენც და ისინიც. როდესაც ატყდა ხმაური, ვანო მერაბიშვილთან შედიოდა ძველბერძნული და ძველრომაული მითების წიგნები, საიდანაც ციხის ზედამხედველმა ამოხია რუკა, ამაზე ატყდა ამბავი, როგორ გაბედეს და წიგნიდან ფურცლები როგორ ამომიხიესო. მეც დავინტერესდი ამ საქმით და აღმოჩნდა, რომ ციხის ზედამხედველები ხელმძღვანელობდნენ იმ კანონით, რომელიც 1962 წელსაა შემუშავებული საბჭოთა კავშირის მიერ, რომლის მიხედვითაც რუკის შეტანა ციხეში აკრძალულია. ციხის ზედამხედველმა კარგად იცოდა კანონი, როგორც ჩანს, ძველი, მათი გამოწვრთნილი თანამშრომელი იყო და რუკა ამოხია, თვითონ რომ არ წასულიყო ციხეში და ვანოს რომ არ დამატებოდა. ახალი მუხლი - აკრძალული ნივთის ფლობა ციხეში. ჩვენ ამ მუხლს აუცილებლად შევცვლით, მაგრამ სანამ არსებობს ეს ჩანაწერი, მანამდე კეთილი ინებონ და კანონს დაემორჩილონ. მაგალითად, კიდევ არის ასეთი სულელური კანონი: თუ სანთებელა გაქვს სამ წელს გიმატებენ. ეს "ნაციონალების" დროს არის გაკეთებული, მსოფლიოში არსად არ ხდება, რომ სანთებელას გულისთვის შეიძლება სამი წელი დაგიმატონ.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ციხეში ბუნტი მოხდეს, თქვენ მინისტრად დანიშვნას ეს თემა წითელ ზოლად მიჰყვება. რამდენად შესაძლებელია, რომ ვანო მერაბიშვილმა შეიტანოს ციხის ბუნტის მოწყობაში წვლილი?
- ციხეში არავითარი მსგავსი რამ არ იგეგმება, თუმცა არავინ არაფრისგან შეზღუდული არ არის, არც ციხე, არც უნივერსიტეტი, არც დევნილთა დასახლება... ჩვენ რომ ვთქვათ, არასდროს არაფერი არ მოხდება, ნამდვილად არ ვიქნებით მართლები.

- ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი დაინტერესებულია, საქართველოში შექმნას მართვადი ქაოსი. ჩვენ ვნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორ დაიჭირა ორი პირი ტერორიზმის ბრალდებით, თუმცა გაუგებარია, რატომ დაედოთ ბრალი იარაღის შენახვაში და არა ტერორიზმში. ასევე ვნახეთ, რომ შსს-მ აღმოაჩინა სამეგრელოში დამარხული სამალავები, იარაღით, ნარკოტიკით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე. თქვენი ინფორმაციით, რა პროვოკაცია იგეგმებოდა?
- თქვენი კითხვის პირველ ნაწილს მინდა გავცე პასუხი, ტერორისტები დაიჭირეს და საბოლოოდ ბრალი არ წაუყენეს, როგორც ტერორისტებსო. ამ ეტაპზე ბრალის წარდგენა იმისთვის, რომ ამღკვეთი ღონისძიება განისაზღვოს, ხდება იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც არის დადასტურებული. გამოძიებისთვის დადასტურებული იყო, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ იარაღი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. კარგად გვახსოვს ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში იყო პირველი მუხლი - ეკონომიკური დანაშაული, გზადაგზა სხვადასხვა მუხლები დაემატა ...

- აქვე ჩაგეკითხებით, - მიკაილ კადიევი და რიზმან ომაროვი ინტერპოლის მიერ ძებნილები არიან და რუსეთი ითხოვს, საქართველომ გადასცეს პატიმრები. აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთისთვის მათ გადაცემას?
- ჯერჯერობით ოფიციალურად რუსეთიდან მოთხოვნა არ ყოფილა, ზოგადად კი ჩვენ ევროსასამართლოს ქვემდებარე ვართ და ვხელმძღვანელობთ ევროსასამართლოს წინაშე გადაწყვეტილებებით, ასეთ გადაცემებს ფრთხილად ეკიდებიან ისინი. გადაცემა დასაშვებია, ოღონდ გარკვეული პირობების შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე მათი გადაცემა მოხდება თუ არა, ამას ვერ გეტყვით. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, თუ რისთვის სჭირდებოდათ დამარხული იარაღი და ნარკოტიკები, თითოეული ჩვენთაგანი ხომ ვართ დარწმუნებული, ამ ქვეყანაში ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ადგილი არ დარჩებოდა, თავისუფალი პრესით დაწყებული, ოპოზიციურ-პოლიტიკური ლიდერებით დამთავრებული ყველას გაანადგურებდნენ და დატოვებდნენ მხოლოდ მათ სატელიტ პარტიებს, რომლებიც ვითომ გააკრიტიკებდნენ. ასე რომ, ნებისმიერისთვის გასაგებია, რისთვის სჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ამდენი გადამალული იარაღი. ასევე, აღმოჩენილია კასეტები, სადაც აღბეჭდილია პატიმრების წამება და მათი გაუპატიურება და არა მხოლოდ პატიმრების. ახლა მეტს არ ვიტყვი, ყველაფერი გამოჩნდება და გამოძიება დაადგენს. თუ კონკრეტულად რა ჯუფი იყო ამ ვიდეოჩანაწერების შეგროვებით დაკავებული, რა ახალ მტკიცებულებასთან გვაქვს საქმე, ასევე აღმოჩენილი იყო ნარკოტიკული ნივთიერებები, რასაც წინა ხელისუფლება აქტიურად მოიხმარდა, კერძოდ, პოლიტიკურ ოპოზიციასთან და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთებდნენ ნარკოტიკს, უდებდნენ ჯიბეში, არსებობდა ბანდები, რომლებიც არსად არ იყვნენ გაფორმებულები და ისე სჩადიოდნენ გარკვეულ ბოროტებებს, ცხადია, ასეთი ბანდებისთვის იარაღის, ნარკოტიკების მიწოდება, რათა ყველანაირი საშინელება გაეკეთებინათ, ძალიან გამოცდილი მეთოდია მსოფლიოს დიქტატორულ ქვეყნებში, მათ შორის, ასე იყო საქართველოშიც.