მთავრობის გადაწყვეტილებით და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ადამიანს 4 წელიწადში 4 ბინის ყიდვა-გაყიდვის უფლება ექნება. სხვა შემთხვევაში კი ეს საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობად ჩაითვლება და შესაბამისი გადასახადებით დაიბეგრება. თუმცა, პრობლემად რჩება ის, რომ გაურკვეველია, ეს გადაწყვეტილება ყიდვა-გაყიდვას შეეხება თუ მხოლოდ უკვე არსებული ქონების გაყიდვას. სწორედ ამიტომ, ექსპერტებიც და ოპოზიციაც მიიჩნევს, რომ ამ საკითხს მინისტრის ბრძანება კი არა, კანონი უნდა არეგულირებდეს.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობად ჩათვლის საკითხმა ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებისას დიდი კამათი გამოიწვია და უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხი ბოლომდე ერთ-ერთ შეუთანხმებელ საკითხად რჩებოდა.
თავდაპირველად ეს საკითხი დამოკიდებული იყო სარეალიზაციო თანხის რაოდენობაზე. ახალი საგადასახო კოდექსის პროექტით განსაზღვრული იყო, რომ უძრავი ქონების რეალიზაციისას, თუკი ნამატი აღემატებოდა 30 ათას ლარს, უნდა დაბეგრილიყო საშემოსავლო გადასახადით.
ამ ჩანაწერმა იმთავითვე დიდი კამათი გამოიწვია და ხელისუფლების ოპონენტთა მხრიდან ის არგუმენტი დასახელდა, რომ აღნიშნული ნორმა უძრავი ქონების გაძვირებას გამოიწვევდა და ამასთან, მოხდებოდა შემოსავლის დამალვაც. ამ მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც იზიარებდა და ითხოვდნენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დარჩენილიყო არსებული ნორმა, რომელიც ქონების რეალიზაციის შემოსავლის დაბეგვრას არ ითვალისწინებს, თუკი არ აღემატება 100 ათას ლარს.
მთავრობის არგუმენტი კი იყო, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ხშირ შემთხვევაში, ხორციელდება მაკლერების მიერ და მათთვის აღნიშნული საქმიანობა არის შემოსავლის მომტანი და შესაბამისად ითხოვდნენ, რომ ეს საქმიანობა დაბეგრილიყო. საბოლოოდ კი კანონში ჩაიწერა, რომ აღნიშნული საკითხი ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დარეგულირდებოდა.
დეკემბრის ბოლოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ბრძანების თანახმად, „ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია“.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ ბრძანებიდან არ ჩანს, ეს ეხება ზოგადად, ამ რაოდენობის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას თუ მხოლოდ უკვე არსებული ქონების გაყიდვას.
„ძალიან კარგია, რომ ეს რაოდენობა მაინც განისაზღვრა და პირდაპირ არ ბეგრავენ, მაგრამ ამ ბრძანებას თუ კარგად დაუკვირდებით, ვერაფრით მიხვდებით, ამაში რა იგულისხმება. ეს ეხება 4 წელიწადში 4 ბინის, ანუ 1 წელიწადში 1 ბინის ყიდვა-გაყიდვას, თუ მხოლოდ იმას, რომ თუ ადამიანს უკვე საკუთრებაში აქვს ეს ქონება და გაყიდის, არ დაიბეგრება. ეს ერთი და მეორე – იქნებ ადამიანს 5 ან 6 უძრავი ქონება აქვს და ყიდის, რატომ უნდა ჩაითვალის ეკონომუკურ საქმიანობად? ან, იქნებ, დიდი ბინა აქვს და გაყიდა და გადავიდა უფრო პატარაში, შემდეგ ისევ დასჭირდა ფული და კიდევ გაყიდა და ასე გააკეთა რამდენჯერმე, ამას ხომ გაჭირვების გამო გააკეთებს და ესეც ეკონომიკურ საქმიანობად უნდა ჩაითვალოს?“ - კითხულობს ცაგარეიშვილი.
ამასთან, მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ეს საკითხი რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დ არ გამორიცხავს, რომ „ეს ყველაფერი წელიწადში რამდენჯერმე მინისტრის შეხედულებისამებრ შეიცვალოს“.
აღსანიშნავია, რომ მის ამ შენიშვნას ექსპერტებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ „ზოგადად ნორმები და ფუნქციები კანონით იყოს განსაზღვრული და არა მთავრობის რომელიმე წევრის დადგენილებით“. რაც მთავარია, ამას კონსტიტუციის დარღვევადაც კი აფასებენ.
საქმე ის არის, რომ მოქმედი კონსტიტუციის 94-ე მუხლში სწერია, რომ ყველა გადასახადის დადგენა, ოდენობის განსაზღვრა, გადახდა, გადახდისგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ კანონით.
ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან შენიშვნა საპარლამენტო უმრავლესობასაც ჰქონდა და იმედოვნებდნენ, რომ მთავრობა გაითვალისწინებდა. თუმცა, საბოლოოდ ახალი საგადასახო კოდექსი ისე იქნა მიღებული, რომ ამ შენიშვნის გათვალისწინება არ მომხდარა ისევე, როგორც ბევრი სხვა დაპირებისა.
სწორედ ამიტომ მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ეს კოდექსი კიდევ ბევრ პრობლემას შექმნის და ეს ყველაფერი თანდათანობით სულ უფრო მწვავედ გამოჩნდება. „ამიტომაც მგონია, რომ ძალიან მალე, ბევრი რამის შეცვლა მოუწევთ. ცხადია, თუკი ქვეყნის ნორმალური ფუნქციობა უნდათ“, - ამბობს ტყემალაძე.