"17 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაცია ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების გამო "დაკითხეს". რა ხდებოდა ევროპარლამენტში და მის კულუარებში? ამის შესახებ "ალიას" ევროპაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "გიორგი ფოფხაძე: "დავით უსუფაშვილს ჩვენ ვუთხარით ჟურნალისტებმა, რაც მოხდა".
"ასეთი მოსმენები პერიოდულად იმართება ევროპარლამენტში, მოვუსმინეთ სომხებს, აზერბაიჯანელებს და ახლა საქართველოს რიგიც დადგა. როგორც იცით, გასულ კვირას საქართველოში ჩამოსული იყო ევროპარლამენტის დელეგაცია, "სახალხო პარტიის" წევრი ლიზეკი ვანო მერაბიშვილთანაც იყო შესული ციხეში. დავით უსუფაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში და 18 ივნისს შეხვდება ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე შეხვდება ევროპარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებს. 17 ივნისს ძირითადად ვანო მერაბიშვილზე იყო საუბარი, ძირითადად აქტიურობდნენ კრიშტოფ ლიზეკი, გიორგი სარიუშ ვორსკი, ეს ორივე ადამიანი ცნობილია, როგორც მიშას აქტიური მხარდამჭერი, მიშას ლობირებდნენ და დღესაც ლობირებენ, სწორედ ამ ორმა ადამიანმა მოაწერინა ხელი იმ 23 დეპუტატს, როცა წერილი გააკეთეს, ანუ მოკლედ ვთქვათ, ესენი არიან პირწავარდნილი მიშისტები. როდესაც დავით უსიფაშვილი გამოდიოდა, ისინი ძალიან ნერვიულობდნენ და სვამდნენ პროვოკაციულ შეკითხვებს, იმ ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრს იჭერენ, დემოკრატია მთავრდებაო. ესენი წარმოშობით პოლონელები არიან და ავიწყდებათ, რომ რამდენიმე წლის წინათ, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს ლეხ ვალენსას, კორუფციაში დაადანაშაულეს, მაგრამ ვალენსას ეს არ დაუდასტურდა. ამის შემდეგ კვასნევსკის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე", - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
"ძირითადად ევროპარლამენტში "სახალხო პარტიას" ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით აქვს გართულება და ძალიან ხშირად ახსენებენ შერჩევით სამართალს. სხვათა შორის, ასეთი ცნება ევროპაში არ არსებობს, ესეც მიშას მიერ შეგდებული ფრაზებია და ესენიც თუთიყუშებივით იმეორებენ. ფაქტობრივად, ეს ორი ადამიანი ურევდა ევროპარლამენტში სიტუაციას, დანარჩენებს ჰქონდათ საინტერესო შეკითხვები და აღნიშნავდნენ, რომ საქართველო, როგორც იქნა, ევროპულ გზას დაადგა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს კი აქვს დაკარგული ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ მაინც ახერხებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. როცა ჩვენ ევროპარლამენტი ყოველთვის გვთხოვდა რუსეთთან პრობლემების მოგვარებას, ლიზეკი გამოხტა და დაიწყო, - თქვენ რუსეთის ორბიტაზე გადადიხართო. შე მამაცხონებულო, გუშინ თავად არ ეუბნებოდი სააკაშვილს, რუსეთთან როგორმე ურთიერთობა დაალაგეო? ახლა ესენი ქოთანს ყურს საითაც უნდათ, იქით აბამენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ფოფხაძე.
"აქ საქმე გვაქვს "სახალხო პარტიის" რამდენიმე წარმომადგენელთან, რომელიც მოსყიდულია. სხვათა შორის, "სახალხო პარტიის" წევრები არიან იგივე სარკოზიც, ანგელა მერკელიც, ბაროზოც, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ასეთ მხარდაჭერას სააკაშვილის მიმართ. ახლა გავარკვიოთ, სააკაშვილის მხარდამჭერები ძირითადად ვინ არიან, ლიტველები, პოლონელები, ესტონელები. წარმოიდგინეთ, ჩეხები საერთოდ არ უჭერენ მხარს, არც რუმინელები, არც უნგრელები. ძირითადად აქტიურობენ ლანდსბერგისი, ლიზეკი და ვიღაცები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ამერიკის კონგრესს არ მიუღია არანაირი რეზოლუცია, ეს იყო ერთი კონგრესმენის მიერ დაწერილი ტექსტი და წარმოიდგინეთ, ამერიკის ელჩიც კი შეიყვანეს შეცდომაში. მეტსაც გეტყვით, როცა ამაზე ერთი ამბავი ატყდა, თეთრმა სახლმაც კი გააკეთა განცხადება, - ამ ფორმის ტექსტს მხარს არ ვუჭერთო. სხვათა შორის, ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მიშას ლობისტები ძალიან ფუსფუსებენ, ვაშინგტონშიც ფუთფუთი მიდიოდა, როცა ევროპარლამენტში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ამერიკაში გადაინაცვლეს. მაგათ უნდათ, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხი გაიტანონ ევრონესტის სამიტზე, მაგრამ სოციალისტებმაც კი არ დაუჭირეს მხარი. აქ ერთი პრობლემაა, ახალ მთავრობას პიარში ძალიან უჭირს. ამ კუთხით, ფაქტობრივად, არავინ მუშაობს არც ევროპაში და არც ამერიკაში. არადა, როგორც საკუთარი თვალით ვხედავ, ვიღაც ლობისტები ჰყავთ დაქირავებული, ფულს უხდიან, მაგრამ ისინი ბაიბურში არ არიან და არც არანაირ სამუშაოს არ ასრულებენ. ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება და მაგათი ლობისტი ჩემი თვალით მაინც ხომ უნდა დამენახა ევროპარლამენტში შემოსული?" - დასძენს გიორგი ფოფხაძე.