გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!

გიორგი შენგელაია: უბედური სახელმწიფო ვართ!

"მიშა მაჭავარიანს თქვენ არ იცნობთ, რა "ჟულიკიც" არის, გიგი წერეთელიც, ბოკერიაც და სხვებიც ყველაფერზე ხელის მომწერები არიან..."

"ჩადიან ეს საწყლები, მართავენ კონცერტებს, ცოტა რაღაც ფულს იღებენ და ეს არც ვნებს საქმეს და არც წინ წევს..."

"რუსეთს ვერც გაამტყუნებ. დიდი სახელმწიფოა, თავის ამბიციები აქვს და თვლის, რომ საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი მისი ინტერესების სფეროში შედიან."

განვლილი 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას განსაკუთრებულად დაამახსოვრდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას უმკაცრესი გამოსვლები და ხელისუფლების კრიტიკა... ამჯერად გიორგი შენგელაია ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებსა და მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა... როგორც ირკვევა, მისი განწყობა ქვეყნის მომავალზე უკიდურესად პესიმისტურია...

გიორგი შენგელაია:

- რაც შეეხება მკაცრ ტონს, მე ეგეთი კაცი ვარ - კატეგორიულად ვაზროვნებ. განვლილი 9 წელი ყოვლად მიუღებელი იყო მორალის თვალსაზისით. მორალი კი მოეკითხება სწორედ რეჟისორს, მწერალს... მორალზე საუბარს შესწირა თავი საწყალმა ილია ჭავჭავაძემ. ჩემს ფილმებშიც ყველგან არის მორალი - სიყვარული ვენახშიც კი მორალია... 9 წელი გვატყუებდნენ, თვალში ნაცარს გვაყრიდნენ... არ ვმალავ, თავიდან მხარს ვუჭერდი მიშას, რადგან შევარდნაძის დამყაყებული ეპოქა იყო და ახალგაზრდების იმედი მქონდა. სააკაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი ზურაბ ჟვანიას და პროგრესულ პიროვნებად მივიჩნევდი. ისეთ სისულელეებსა და სიბრიყვეებს არ მოგვახვევდა თავზე, რასაც სააკაშვილი შემდეგ სჩადიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟვანია გაქრა და დღესაც არ ვიცით, რა მოხდა...

- მისი გაზით გაგუდვა თქვენც საეჭვოდ გეჩვენებათ?

- რა თქმა უნდა!... ყველა ჭკუათმყოფელ კაცს ეჭვი ეპარება... სააკაშვილს ამ ტრაგედიამდე მხარს ვუჭერდი, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მოქმედებებში ეჭვი შემეპარა... ვანო მერაბიშვილი და მისი მსგავსი ხალხი რომ ქვეყნის სათავეში ვნახე, რა განწყობა მექნებოდა!?.. მე რომ ახლა ვინმემ მთხოვოს, ვანო მერაბიშვილი კინოში დადებითი პერსონაჟის როლში გადაიღეო, ხომ აბსურდი და სისულელე იქნება!?.. იგი ყველანაირად უარყოფითი ვინმეა... ასევე არიან სხვებიც: მიშა მაჭავარიანს თქვენ არ იცნობთ, რა "ჟულიკიც" არის, გიგი წერეთელიც, გიგა ბოკერიაც და სხვებიც ყველაფერზე ხელის მომწერები არიან... ახლა გამოჩნდა გიგა ბოკერიას მეუღლე, რომელიც საერთოდ არც ვიცი, ვინ არის, მაგრამ ხარი ხართან რომ დააბაო - ხომ გაგიგიათ?!...

- ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა. მათ მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ძალიან დიდი საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამისთვის მას დიდი მადლობაც გადავუხადეთ. თუმცა, ახლახან შევიტყვე, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ძალიან დაეცა. ალბათ, ძნელია იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც წინა ხელისუფლებამ უანდერძათ... თუ ადევნებთ ნოდარ ხადურის გამოსვლას თვალყურს, მიხვდებით, რაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ინვესტიციები აღარ შემოსულა. მიზეზი კი ის არის, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დიდი ინვესტიციების ჩადება დღეს მხოლოდ ჩინეთს შეუძლია და ხომ გესმით, ეს რა საშიშროებაა?!... არადა, ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა და უცებ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა. ივანიშვილის მოსვლა კი ეკონომიკის აშკარა დაღმავლობას დაემთხვა...

- ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევამ...

- აი, ზუსტად ეგ არის ყველაზე დიდი საშიშროება. ჯერ ჩვენ არც კი ვიცით, რა გველის. ევროკავშირი რომ არ მიგვიღებს, ამაში უკვე ეჭვიც აღარ მეპარება. თავის წევრ ქვეყნებსაც ვეღარ უვლიან და ჩვენთვის მოიცლის ევროპა?! ჩვენც იმედი გვაქვს, ევროკავშირი მიგვიღებს, მაგრამ როდის?! - არც არასდროს! ამიტომაც იქცევა რუსეთი ჩვენთან ძალისმიერი პოზიციიდან და ვერც გაამტყუნებ. დიდი სახელმწიფოა, თავისი ამბიციები აქვს და თვლის, რომ საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი მისი ინტერესების სფეროში შედიან. რუსები იმაგრებენ თავიანთ საზღვრებს, ისე შემოღობეს მავთულხლართებით ოსეთი, ჩიტი რომ არ შეფრინდეს. ოსები და აფხაზები რომ დავაინტერესოთ, ჩვენსკენ გადმოვიდნენ და არა რუსეთისკენ, ესეც ზღაპარია. უბედური სახელმწიფო ვართ. რა ინტერესებიც ჰქონდა საქართველოს მიმართ ოსმალებსა და სპარსებს, ახლა იგივე აქვს რუსეთს.

- ქართველ ხელოვანებს იმედი ჰქონდათ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობის და ამ მიზნით კონცერტებიც გამართეს მოსკოვში...

- რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა. ეს არის ყველაზე სუსტი პოზიცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამავე დროს არც გაჯინება და ჩაუსვლელობა შეიძლება. კულტურული ურთიერთობა სულ სხვა რამეა. ზოგიერთი ჩვენი ნაციონალისტები ყვირიან, არ უნდა წავიდნენო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა, შედეგს არ უნდა ველოდოთ. ჩადიან ეს საწყლები, ცოტა რაღაც ფულს იღებენ და ეს არც ვნებს საქმეს და არც წინ წევს... აი, პოლიტიკა და ეკონომიკა კი სულ სხვა რამეა. რუსეთი გვთავაზობს მათ სივრცეში შევიდეთ და პირობები გაგიუმჯობესდებათო, შეიძლება მართლა ასე მოხდეს, მაგრამ უნდა დახუჭო თვალი, საკუთარი ტერიტორიები ძალით რომ წაგართვეს... ამიტომაც ახალ ხელისუფლებას იგივე პოლიტიკა აქვს, რაც წინას - დასავლეთი, დასავლეთი, დასავლეთი!.. ამ დროს ევროპა იმდენად დასუსტებელია, ალბათ ევროკავშირი დაიშლება კიდეც მალე.

- ავღანეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ათი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა...

- არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩვენები ვხოცოთ ავღანეთში. ახლა გამოდიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ინერციით ამბობენ, მსოფლიო საქმეს ვაკეთებთო... - არაფერ საქმეს ჩვენ არ ვაკეთებთ. პირდაპირ, კაცურად გეტყვით - რა მეტიჩრობა იყო, ჩვენ რომ ავღანეთში საფრანგეთზე და გერმანელებზე მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ?!... ეს იყო სააკაშვილის საზიზღარი ხასიათის კიდევ ერთი წახნაგის გამოვლენა. აი, რამდენი წელია გრძელდება ნატოს საკითხი, საბოლოოდ კი არაფერი გაკეთდა. სულ გამოდიან ავღანეთიდან და იქაურობა ისეთივე არეული რჩება, როგორც იყო... ავღანეთიდან საშინელი ნაკადი წამოვა, როცა იქიდან ამერიკელები გავლენ. ნარკოტიკების წამოსვლის საშიშროება კი არ არის მხოლოდ, არამედ ისლამი შევა მოსაზღვრე ქვეყნებში და ექსტრემისტები... ჩვენც არ ვართ შორს მათგან, რადგან შეიძლება აზერბაიჯანშიც შემოაღწიონ. კარგად ვხედავთ, რას აკეთებენ მთელ მსოფლიოში ისლამისტები და ვაჰაბიტები....

- შეუძლებელია, თქვენთან ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობაზე არ ვისაუბროთ...

- როგორც სხვა ყველაფერი, ასევე ქართული კინოც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია საქართველოში. ჩვენ ბაზარი დავკარგეთ და იმიტომ. ძირითადად რუსეთში გადიოდა ფილმები გასაქირავებლად და ევროპას ტყუილად ნურავინ დაიტრაბახებს... კინოცენტრში რაღაც ფილმები დღესაც იქმნება, ჩვენი საცოდავი ახალგაზრდების მიერ, მაგრამ ვეღარსად ყიდიან... ჩვენი ქვეყანა რომ გაძლიერდება, კინოს ხალხმა უნდა ვთხოვოთ მთავრობას კინოსტუდია სახელმწიფო დაფინანსებაზე იყოს. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რომ ვუყურებთ, ჩვენმა იმედმა გაურკვეველი დროით გადაიწია.