ჯონსონის გარეშე

ჯონსონის გარეშე

ექსცენტრული და ქარიზმატული ბორის ჯონსონი მძიმე განცდებშია. ის არ მალავს, რომ უმძიმს „მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს დატოვება“.

როგორც წესი, ინგლისის პრემიერ-მინისტრები დროს უძლებენ. მარგარეტ ტეტჩერი ისტორიაში „რკინის ლედის“ სახელით შევიდა, ბორის ჯონსონი კი არაფრით ჰგავს „რკინის მარგარეტს“, ვერც მასავით ხანგრძლივად გაძლო პრემიერის პოსტზე.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჯონსონი არ ჰგავდა ინგლისელ ჯენტლმენს, ის ცნობილი იყო არაკორექტული გამოსვლებით, ლეგენდარული არაპუნქტუალობით, გაცვეთილი ფეხსაცმელებით, გაცრეცილი პიჯაკებით, აჩეჩილი ქერა თმებით… და ამ შეუფერებელი ნიუანსების მიუხედავად, თავისი ინდივიდუალურობითა და თავისუფლებით კლიშეებში მოქცეული პოლიტიკოსის იმიჯს ანგრევდა, ჯონსონი ყოველთვის ზუსტად ამბობდა სათქმელს, განსაკუთრებით, პუტინს არ სწყალობდა:

„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, არა მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო“... „პუტინი ტოქსიკური მასკულინობის კარგი მაგალითია“.

ბოჯო, როგორც ბორის ჯონსონს ინგლისელები ეძახდნენ, რაღაცით ტრამპის ტიპაჟს წააგავდა. ალბათ, ამიტომაც იყო, ბრიტანეთის პრემიერად მის დანიშვნას ყველაზე დიდი სიხარულით დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მასში თავისნაირი ამოიცნო.

ბორის ჯონსონს ნამდვილად უწია მარია ზახაროვას წყევლამ, რომელიც ჯონსონს და ზელენსკის ღვთის სასჯელით დაემუქრა და ასე გააპროტესტა კიევში მოულოდნელად ჩასული ბორის ჯონსონის ქმედება, რომელმაც კიევის ტაძარში სანთელი ზელენსკისთან ერთად დაანთო.

რუსებისთვის ბორის ჯონსონი „უსახელო სულელი კლოუნი“ იყო, რომელსაც არ უყვარდა რუსები და თავად რუსებიც ასეთივე უსიყვარულობით პასუხობდნენ. თუმცა თვითონ ბორის ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ მას რუსული ფესვები ჰქონდა, უბრალოდ, აკონკრეტებდა, რომ მას კრემლის პოლიტიკა არ მოსწონდა. არ მოსწონდა რუსეთის სამხედრო სიმხეცე სირიაში, ყირიმში, უკრაინაში.

ჯონსონს მხოლოდ რუსული ფესვები არ აღმოაჩნდა. მისი დიდი ბებია ჩერქეზი იყო, დიდი ბაბუა ალი ქემალი კი - თურქი, რომლის სახელსაც უკავშირდება ოპოზიციის ლიდერ ქემალ ათათურქის დაკავება. მოგვიანებით, ქემალ ათათურქის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქემალმა ბორის ჯონსონის დიდი ბაბუა დააპატიმრებინა და სიკვდილით დაასჯევინა. ასე აღმოჩნდნენ ჯონსონის წინაპრები ემიგრაციაში აშშ-ში.

რაგბისტობა, ჟურნალისტობა (მარგარეტ ტეტჩერი თავის საყვარელ ჟურნალისტად მოიხსენიებდა ჯონსონს), დეპუტატობა, ლონდონის მერობა, პრემიერობა, რა პროფესია არ მოსინჯა მგზნებარე ევროსკეპტიკოსმა ჯონსონმა და საბოლოოდ მის პრემიერობას ასე უცებ დაესვა წერტილი. თუ შარშან ლოკდაუნის მსვლელობისას საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა შერჩა და თანამდებობის დაკარგვას გადაურჩა, წელს მოძალადის თანამდებობაზე დანიშვნას შეეწირა მისი კარიერა, რამაც სახელისუფლებო კრიზისი გამოიწვია და ჯონსონის მთავრობა პროტესტის ნიშნად ათეულობით მინისტრმა დატოვა.

რუსებს უხარიათ მისი წასვლა თანამდებობიდან, სამაგიეროდ, სიხარულის მიზეზი არ აქვთ უკრაინელებს, ჯონსონი ყველაზე მეტად უჭერდა მხარს ომში ჩართულ ამ ქვეყანას. ამდენად, გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა უკრაინის მიმართ ჯონსონის მიერ დატოვებული კურსი.

რა კვალი დატოვა ბორის ჯონსონმა და დაკარგა თუ არა უკრაინამ მისი სახით დიდი გულშემატკივარი?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი საკმაოდ კოლორიტული ფიგურა იყო. მას თავისებური ქარიზმა ჰქონდა. ამ უნარის პარალელურად ის იყო დასავლური ფრონტის ერთგვარი ლიდერი, რაც, რა თქმა უნდა, დიდ რისკებს უკავშირდებოდა. კერძოდ, პოლიტიკა, რომელსაც ჯონსონი უკრაინის მიმართ ატარებდა, ერთი მხრივ, დიდ მოწონებას იმსახურებდა, მეორე მხრივ, ჯონსონს ამის გამო მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მთავრობის არაერთმა წევრმა და სახელმწიფო მოხელემ მის მიმართ ნდობა დაკარგა.

„სამომავლოდ რა მოხდება, პარტია რა არჩევანს გააკეთებს, აისახება თუ არა ჯონსონის დანაკარგი უკრაინაზე, ეს ზაფხულის ბოლოს გამოჩნდება. შესაძლებელია, უკრაინასთან მიმართებით ჯონსონის კურსი შენარჩუნდეს, გააჩნია, რომელი ლიდერი დაიკავებს ინგლისის პრემიერის პოსტს. შეიძლება, ახალი პრემიერიც ისეთივე ხისტი იყოს რუსეთის მიმართ, როგორც წინამორბედი ჯონსონი. თუმცა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას საფუძველი იმ შემთხვევაში ექნება, თუკი უკრაინის არმია სამხედრო წარმატებას მოახერხებს, ჯერჯერობით ეს არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ჭარბი მხარდაჭერის მიუხედავად, რაც უკრაინას აქვს, დახმარება დახმარებად რჩება, მაგრამ ხელშესახები შედეგი არაა. დღეს ამაზე უკვე ხშირად მსჯელობენ ამერიკაშიც, ბრიტანეთშიც“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბორის ჯონსონმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც უკრაინის ძლიერმა მხარდამჭერმა. ამ კუთხით მან გავლენა იქონია ბრიტანეთის პარლამენტზეც, ბრიტანეთის მთავრობაზეც და მთლიანად სახელმწიფოზეც, რათა აღმოეჩინათ უკრაინისთვის ქმედითი დახმარება. ჯონსონი პროცესების ავანგარდში ყოფნას ცდილობდა. ერთობლივი გადაწყვეტილებების შედეგად კი არ აკეთებდა საქმეს, არამედ პირველი იყო, ვინც ყველანაირ დახმარებას უწევდა უკრაინას. შეერთებული შტატების შემდეგ პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას.

„ოქტომბრამდე ბორის ჯონსონი ისევ იქნება პრემიერად, მაგრამ ვინც არ უნდა მოვიდეს ახლა დიდ ბრიტანეთში ამ თანამდებობაზე, მაინც ყველა გააგრძელებს ჯონსონის პოლიტიკას. უბრალოდ, შეიძლება ისეთი ქარიზმა არ ჰქონდეთ. ჯონსონის გარეგნულ მხარესაც მნიშვნელობა ჰქონდა, მის ექსპრესიულობას. მომავალი პრემიერ-მინისტრი ბენ უოლესი თუ იქნება, რომელიც პრემიერობის ყველაზე ძლიერი კანდიდატია, ის მთლიანად ჩაბმულია უკრაინის დახმარების საქმეში. მოგეხსენებათ, იგი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრია, ხანდახან მისი ინიციატივითაც ხდებოდა უკრაინელი სამხედროების გაწვრთვნა, ჰაუბიცების მიწოდება. ასე რომ, ჯონსონის გადადგომამ შესაძლოა არანაირად არ დააზიანოს უკრაინის დახმარების პროცესი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.