რეპრესირებული ოჯახიდან რეჟისორობამდე

რეპრესირებული ოჯახიდან რეჟისორობამდე

86 წლის ასაკში ცნობილი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, რომლის სახელიც ქართულ კინემატოგრაფიაში უდიდესი მნიშვნელობის შედევრის „დათა თუთაშხიას“ შექმნას უკავშირდება, რომ არაფერი ვთქვათ მის მიერ გადაღებულ სხვა ფილმებსა თუ სპექტაკლებზე.

რეჟისორის ბავშვობა მძიმე პერიოდს დაემთხვა. მით უფრო, იმ წლებში მისი ოჯახის დევნის მიზეზი არსებობდა, იგი ხომ თავადების შთამომავალი გახლდათ, გენერალ მიქელაძის ქალიშვილის, პიანისტ ნინო მიქელაძისა და მეტყევე-ინჟინერ დავით ლორთქიფანიძის შვილი.

ჩვენთან საუბრისას განსაკუთრებული აღელვებით იხსენებდა რეპრესიების პერიოდში საავადმყოფოში მამასთან შეხვედრის სცენას და ამაყობდა, რომ ეს მონათხრობი იმდროინდელი ქართული საზოგადოების რჩეული ნაწილის სახეს წარმოაჩენდა.

რეპრესიების დროს მამამისის გარშემო წრე შეიკრა. დავით ლორთქიფანიძეს ახლობელი, მეგობარი აღარ დაუტოვეს, რომ არ გადაესახლებინათ, ან არ დაეხვრიტათ. თუმცა მამამისი დიდხანს დაუსხლტა ჯალათებს, განაცხადა, მათ ციხეში არ ჩავჯდებიო და წავიდა. დიდხანს იმალებოდა, ხან შუა აზიაში იყო, მოსკოვშიც ჩავიდა, იქ ისეთი არეული მდგომარეობა დაუხვდა, რომ დამალვა თავისუფლად შეიძლებოდა.

12 წლის ასაკი გიგა ლორთქიფანიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იგი თუთის ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და ღია ჭრილობის გამო განგრენა დაემართა. ათარბეგოვის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში იწვა და არავინ იცოდა, კიდევ განვითარდებოდა თუ არა განგრენა. თუ დაავადება ზევით წავიდოდა, ეს იმ დროს უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა.

„მახსოვს, დედა ჩემს ლოგინთან იჯდა, ფანჯარასთან კი შესანიშნავი ქირურგი, პროფესორი ჭეიშვილი იდგა, რომელმაც გამსინჯა და, როგორც ჩანს, ფანჯარასთან ფიქრობდა, რა ზომები მიეღო. ამ დროს კარი გაიღო და მამაჩემი შემოვიდა. ასეთ დროს მას საქართველოში არავინ ელოდა, რადგან იმალებოდა. როგორც გაირკვა, ჩემს შესახებ მეგობრებმა შეატყობინეს, ბაქოში ყოფილა და ჩემს გამო ჩამოსულა. დაჯდა ლოგინზე, ფეხზე ხელი მომისვა და მითხრა, მაგრად იყავი, ვაჟკაცი ხარ, უნდა გაუძლოო. მთელი ამ ხნის მანძილზე პროფესორი ჭეიშვილი არ მობრუნებულა, კვლავ ფანჯარაში იყურებოდა. დედაჩემმა მამას ჩხუბი დაუწყო, ახლავე წადიო, რადგან შეუძლებელი იყო, ვინმეს არ დაენახა. ძალით გააგდო ოთახიდან. მამას მანქანაში მეგობრები ელოდებოდნენ. როგორც ჩანს, მამას ნერვებმა უმტყუნა და ყვირილი დაიწყო, მეგობრებმა ძალით ჩატენეს მანქანაში. წავიდა თუ არა, რამდენიმე წუთში კარი გაიღო და კგბ-ს სამი თანამშრომელი, ჩეკისტი შემოვიდა. დედაჩემს ჰკითხეს, თქვენი ქმარი აქ იყოო? დედამ - არავინ ყოფილაო. ერთ-ერთი, ოქროს კბილებიანი ჩეკისტი ლოგინზე ჩამომიჯდა, ბიძიკო, მამაშენი აქ იყოო? ამ დროს პროფესორი ჭეიშვილი მიუბრუნდა და უთხრა, მე თქვენ გიკრძალავთ ბავშვთან ლაპარაკს, რადგან მძიმე მდგომარეობაშია. ჩეკისტი უცებ წამოდგა და კითხვები დააყარა, პროფესორი ბრძანდებით? აქ არავინ ყოფილაო? ჭეიშვილმა უთხრა, ბავშვი მძიმედ არის, ორი საათი აქ ვარ და არავინ ყოფილაო“.

პროფესორი ჭეიშვილი გიგა ლორთქიფანიძისთვის ბოლომდე საოცარ პიროვნებად დარჩა, რომელმაც უცხო ადამიანებისთვის თავი გაწირა. მისი თავდადების გამო ჩეკისტებმა ლორთქიფანიძეებს ბოდიში მოუხადეს, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ პროფესორი ამისთანა ტყუილს იკადრებდა და გავიდნენ. ამასობაში გიგას დედა მივარდა და ხელზე აკოცა პროფესორს, მან კი გამოგლიჯა ხელი, არ გინდათ, დამანებეთ თავიო, გატრიალდა და გავიდა.

რეჟისორი მოგვიანებით ფიქრობდა, რომ ასეთი საქციელით, ალბათ, პროფესორმა ჭეიშვილმა უკანასკნელი შანსი დაიტოვა, რომ თითქოს, არაფერი დაუნახავს. მადლობა რომ მიეღო, ეს იმას დაადასტურებდა, რომ გიგას მამის მოსვლა მართლაც დაინახა და  დამალა.

სხვათა შორის, რეჟისორმა ისიც გაგვანდო, რომ ნოდარ დუმბაძესაც დაუწერია ერთ-ერთ მოთხრობაში, ჩეკისტს ოქროს კბილები ჰქონდაო, დარწმუნებით ვერ გვითხრა, მისი მონაყოლი გამოიყენა თუ არა ნოდარ დუმბაძემ იმ მოთხრობაში, თუმცა ეს საკითხი ღიად დატოვა. თანაც, დაამატა, რეპრესიების წლები არა მარტო ბოროტების, გმირობის წლებიც იყოო.

ნოდარ დუმბაძესთან არაერთი სახალისო ისტორია აკავშირებდა. ერთხელ ქართლის დედის მახლობლად, სოლოლაკის გორაზე ფეხით მოსეირნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ლორთქიფანიძეს ცალი ფეხის ნაცვლად უკვე პროთეზი ჰქონდა, იგი გზაზე დაწინაურებულა. ეს ნოდარ დუმბაძეს არ გამოპარვია და ხუმრობით უთქვამს, რა გენაღვლება, გიგა, ძამა, ეგ ბილიკი კია საცალფეხო.

გიგა ლორთქიფანიძე იმასაც ამბობდა, ფეხი რომ არ დამეკარგა, შეიძლება, სხვა კაცი გამოვსულიყავი, რადგან ქუჩა, ავარდნილი ცხოვრება მიზიდავდა, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ერთი ფეხით უნდა გამეტარებინაო. 

საბოლოოდ, მართალია, მამამისმა ექვსი წლის მანძილზე მოახერხა ჩეკისტებისგან დამალვა, მაგრამ მოსკოვში მაინც  დააპატიმრეს. ისევ ქართველმა დაასმინა, გვარად მესხმა.

„მამას პასპორტი სჭირდებოდა, რადგან ვადა გაუვიდა მის პასპორტს. მესხმა უთხრა, მე გაგიგრძელებ ვადასო, გამოართვა პასპორტი, მეორე დღეს კი თავზე დაადგნენ და დააპატიმრეს მამაჩემი და არკადი ქუთათელაძე, შესანიშნავი პიროვნება, მოსკოველი ქართველი. მამასთან ერთად ისიც შეეწირა რეპრესიებს. მამაჩემი პროფესიით მეტყევე-ინჟინერი იყო, იმიტომაც დაისაჯა, რომ გვარად ლორთქიფანიძე გახლდათ“.

უფრო ადრე, მისი ოჯახი გადაურჩა რეპრესიებს. 1924 წლის  აჯანყების შემდეგ რეპრესიები რომ დაიწყო, იმ დროს გიგას მამა, დედა და ორი წლის მარიკა ლორთქიფანიძე სოფელ ქვიტირში მამის ძმასთან იყვნენ ჩასულნი. უკვე თბილისში წამოსვლას აპირებდნენ და მატარებელში ასვლის მიზნით სამტრედიის სადგურის ქუჩასთან იდგნენ. ამ დროს დაიწყო უბედურება, ხალხს ვაგონებში ტენიდნენ, ვაგონები ქალაქგარეთ გაჰყავდათ, ძირითადად ჭიათურის რაიონში, და ტყვიამფრქვევებით პირდაპირ ვაგონებს ცხრილავდნენ. ამის შემსწრე ხალხი ყვებოდა, დახვრეტილთა სისხლი ნატყვიარებიდან შადრევანივით მოდიოდაო, რადგან ვაგონები გადაჭედილი იყო.

გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, რომ მამამისსაც მოსთხოვეს საბუთების წარდგენა, მანაც პასპორტი გაუწოდა, თუმცა გვარი ლორთქიფანიძე ამოიკითხეს და უთხრეს, წამობრძანდითო. ეს ნიშნავდა, თავადიშვილს ამ დროს აქ რა გინდაო. უეცრად დედამისმა ლევან ღოღობერიძე დაინახა, რომელიც ამ საშინელ ოპერაციას ატარებდა იმერეთში, მას რამდენიმე ჩეკისტი მოჰყვებოდა. ლევანი მათი ოჯახის ახლობელი იყო და ნათესავადაც ერგებოდა.

„დედაჩემი ყვებოდა, ისეთ დღეში ვიყავი, პირი გავაღე, უნდა დამეძახა - ლევან, მაგრამ ვერ დავიყვირეო. საბედნიეროდ, ლევანმა თავად დაინახა, მოტრიალდა, აქ რა გინდაო? დედაჩემმა უთხრა, დათიკო წაიყვანესო. ლევანი დედას დიდ პატივს სცემდა, მოწყდა ადგილიდან, გავარდა და 15-20 წუთში მამა გამოუშვა. მოგვიანებით უკვე თბილისში უთხრა დედაჩემს, შენი იღბალი, რომ ვერ დამიძახე, თორემ ვერ დაგეხმარებოდი, რადგან ვინც მახლდნენ, გაიგებდნენ, რომ ჩემი ახლობელი ხარო“.

გიგა ლორთქიფანიძე იმასაც იხსენებდა, რომ 6-7 წლის ასაკში სახლში ფარულად მიიყვანეს მღვდელი და მონათლეს. ბიძის, ევგენი მიქელაძის ხათრით მუსიკაზე ანასტასია ვირსალაძესთან, ელისო ვირსალაძის ბებიასთან, დადიოდა, უკრავდა როიალზე და მღეროდა. ევგენი მიქელაძე მისი ფანტასტიური სმენით აღტაცებული იყო. მიაჩნდა, ევგენი მიქელაძე რომ გადარჩენილიყო, აუცილებლად მუსიკოსი გამოვიდოდა. მოგვიანებით ომი დაიწყო, შიმშილი, მატერიალური გაჭირვება გადაიტანა მისმა ოჯახმა, თანაც ვერაზე გაიზარდა, ქუჩის ბიჭებს შორის და მუსიკას გულს ვერ დაუდებდა. როგორც გამოგვიტყდა, ვინც მუსიკას სწავლობდა, ასეთ ბიჭებს მის დროს „სირისტიანებს“ ეძახდნენ.    

მისი პირველი შთაბეჭდილება საოპერო სპექტაკლებს უკავშირდება. პირველად პუშკინის „ევგენი ონეგინი“ ნახა და ლენსკი დუელში რომ მოკლეს, ტირილი აუტყდა. მოქმედების დასრულების შემდეგ ონეგინი და ლენსკი ხელჩაკიდებულები რომ გამოვიდნენ თავის დასაკრავად, თავი მოტყუებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო და თეატრიდან გაიქცა. მარიკა უკან გაჰყვა და მთელი გზა აწყნარებდა. ამის მერე დიდხანს ოპერაში აღარ შედიოდა.

იმასაც იხსენებდა, რომ ოპერის თეატრის წინ ბიჭების ბირჟა იყო. ომის დროს თბილისი გაივსო ინვალიდებით და ხშირად აგრესიულობით გამორჩეული ეს ადამიანები ჩხუბობდნენ. ერთ ასეთ ჩხუბს გიგა ძლივს გადაურჩა. ერთ საღამოსაც გამოაცხადა, თბილისში აღარ გავჩერდები, სოფელში უნდა წავიდეო. მართლაც, ბიძასთან სოფელში წავიდა. დიდი ხნის შემდეგ გამოტყდა, რომ თურმე მაშინ მილიციასთან თანამშრომლობა  შეუთავაზებიათ და თბილისიდან ამიტომაც გაიქცა...

***

მოგვიანებით გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს და, ასაკის სხვაობის მიუხედავად, ერთ თვეში დაქორწინდნენ. სხვათა შორის, ქეთევან კიკნაძეც რეპრესირებულთა ოჯახიდანაა. როგორც გვითხრა, მამამისსაც წიგნში ჩადებული სტალინის სურათი დაფხაჭნილი უპოვეს, რაც მათზე შურისძიების მიზნით ვიღაცამ შეგნებულად გააკეთა.

იმასაც ამბობენ, რომ გიგა ლორთქიფანიძე რეჟისორის მოვალეობას პირადულში არასდროს ურევდა და „სირანო დე ბერჟერაკში“ ცოლს მთელი სიმკაცრით  სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო გაბედულად ეკოცნა, ვიდრე ის ამას აკეთებდა.

რაც შეეხება „დათა თუთაშხიას“, სადაც დათას საყვარელი ქალის, ბეჩუნის როლს თამაშობს, ქეთევან კიკნაძე ამბობს, რომ აქაც არაფერი საუხერხულო არ იყო, რადგან ოთარ მეღვინეთუხუცესი მათი ოჯახის ახლო მეგობარი გახლდათ და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე თავად ურჩევდა დათას, როგორ უნდა მოქცეულიყო. თუმცა ქეთევან კიკნაძე აღიარებს, რომ სახტად დარჩა, როცა ერთ-ერთ სცენაში დათამ ცხენიდან ჩამოსვა და აკოცა. ბოლოს გაარკვია, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესს თავად გიგამ უკარნახა, აკოცეო.