მამაკაცმა ყოფილ ცოლს შვილის თვალწინ ქვით დაუჩეჩქვა თავი, ქალი კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა

მამაკაცმა ყოფილ ცოლს შვილის თვალწინ ქვით დაუჩეჩქვა თავი, ქალი კომიდან გამოუსვლელად გარდაიცვალა

კახეთში, საგარეჯოში, სადაც 42 წლის ქალი ციკო სულიკაშვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა, ახლა გლოვაა. For.ge-სთვის საგარეჯოში დატრიალებული უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ახალგაზდა ქალს ყოფილი ქმარი, შვილის თვალწინ სასატიკად გაუსწორდა. 11 ნოემბერს ციკო სულიკაშვილი ყოფილმა მეუღლემ სასტიკად სცემა და უგონო მდგომარეობაში ეზოში დატოვა, თავად კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ციკო სულიკაშვილი 10 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხადრი მძიმე დანაშაულის დეტალებს გვიყვებიან. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ყოფილი მეუღლემ მიხეილ სუხიშვილმა, რომელსაც მეტსახელად „ტარაკანას“ ეძახიან, ციკო სულიკაშვილს ტელეფონით დაურეკა და მოტყუებით ეზოში გასვლა სთხოვა. გარეთ გასულ მსხვერპლს ფიზიკურად გაუსწორდა და შემდეგ ქალს დაზიანებები ქვითაც მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს შეესწრო ციკო სულიკაშვილის არასრულწლოვანი შვილი.

42 წლის ქალის ამბავი საგარეჯოში ყველამ იცის, ისინი for.ge-სთან ყვებიან, რომ მამაკაცმა ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა და სწორედ ცოლზე ძალადობის გამო იხდიდა სასჯელს. ისინი ვარაუდობენ, რომ კაცმა ცოლზე შური იძია და სამაგიერო ამ ფორმით გადაუხადა. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან საკუთარი თვალით იხილეს, მამა დედას ფიზიკურად როგორ გაუსწორდა. 7 წლის ბიჭია ახლა ის ოქროს მოწმე, რომელმაც მძიმე დანაშაული საკუთარი თვალით ნახა.

„ვფიქრობ მოტივი შურისძიებაა, მოკლულის ყოფილი მეუღლე ოჯახური ძალადობისთვის იყო ნასამართლევი და საპატიმრო რამდენი თვის წინ დატოვა. ოჯახმაც და მეზობლებმაც იცოდნენ, რომ მიხეილ სუხიშვილი ციკო სულიკაშვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მუდმივად ძალადობდა. ამიტომ ოჯახმა ორი შვილის დედა სახლში წამოიყვანა. ქალი ქმარს გაშორდა და მასთან სურვილიც არ ჰქონდა ურთიერთობის. არ ვიცით რა უთხრა ტელეფონზე, რატომ ენდო ამ არაკაცს. ფაქტია, რომ რაღაცა ისეთი უთხრა, რის გამოც ის ეზოში გავიდა. ნეტავ ვინმესთვის დაეძახა და მარტო არ გასულიყო. ჯერ სასტიკად უცემია, შემდეგ კი თავის არეში ქვა რამდენჯერმე ჩაურტყამს. ვინც ნახა გოგო, ამბობენ, რომ თავი ჰქონდა სულ გაჩეჩქვილი. უმძიმესი სანახავი იყო. მეზობლები ბავშვების ყვირილზე და კივილზე შეცვივდნენ, ნახეს, რომ გოგო ეზოში სისხლში ცურავდა. უმძიმესი სანახავი იყო, გოგოც და ბავშვებიც. არ ვიცი ასეთი რამ როგორ უნდა გააკეთო კაცმა. ბავშვებს დედა თვალწინ ასე სასტიკად მოუკლა. ჯერ საგარეჯოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, „ინგოროყვას“ კლინიკაში იწვა. ექიმები ეცადნენ გადარჩენას, 10 დღე აცოცხლეს, მაგრამ კომაში იყო. კომიდან ვერც გამოვიდა ისე დაიღუპა“, - ამბობს ადგილობრივი for.ge-სთან.

მოკლული ქალის კიდევ ერთი მეზობელი გამოცემას უყვება, რომ მამაკაცმა ცოლს შვილის ნახვის მიზეზით დაურეკა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

„ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ამის მიუხედავად გოგოს თავი შეაცოდა და უთქვამს ბიჭის ნახვა მინდაო. ორი შვილი ჰყავთ, 18 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი, ამ მოტივით გაიყვანა ეზოში. გოგოს ფიზიკურად წლინახევრის წინაც გაუსწორდა. მაშინაც სასტიკად უცემია, მაგრამ გადარჩა. თუმცა უჩივლა და ის დაკავებული იყო. ადგა და ორი ბავშვით მამის სახლში საგარეჯოში გადმოვიდა. დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა და ასაკოვანი ბებია ჰყავს. მათთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ამ საზარელი დანაშაულის დღეს კი მათთან ერთად ამ გოგოს მეგობარიც ყოფილა, ყავა უსვიათ. ტელეფონზე რომ დაურეკია ამ არაკაცს, უთქვამს მეგობრისთვის, მე კი დამიშავა, მაგრამ ცოდოა, მაინც მამაა და ბავშვს გავუყვანო.

თურმე ამ უნამუსოს უკვე დაგეგმილი ჰქონია მკვლელობა. ბიჭს წაავლო ხელი და მამის სანახავად გაუყვანა. ბებია ტელევიზორს უყურებდა და მამა, მგონი, სახლში არ ყოფილა. ბავშვს აუტეხია ყვირილი, 7 წლის ბიჭს აყურებინა დედის მკვლელობა. ქვა ურტყია თავში. ზოგი ამბობს, რომ ეჭვიანობის გამოო. თუ გაშორდა და გოგოს ამწარებდა, ვინღა აკითხებდა მის ცხოვრებას. ბავშვის განწირულ ყვირილზე გამოვარდა ეს სტუმარი გოგო და მეზობლები. ეს არაკაცი კი ადგილიდან მიიმალა. აი, ასე გაიმეტა საკუთარი შვილების დედა, ყველა შეძრულები ვართ. ვლოცულობდი რომ გადარჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარაფერი უშველეს. დატოვა ბავშვები დედის გარეშე“, - ყვება for.ge-სთან ადგილობრივი.

მიხეილ სუხიშვილი ახლა პატიმრობაშია და დუმილის უფლებას იყენებს. საქმის დეტალებზე საუბრისგან მისი ადვოკატი ჯერ თავს იკავებს. მიხეილ სუხიშვილი თავდაპირველად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, თუმცა მას ბრალი დაუმძიმდება. გამოძიება მის წინააღმდეგ უკვე დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება. ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული, შემაკავებელი ორდერის დარღვევაშიც არის ბრალდებული.

42 წლის ქალის მკვლელობის საქმე, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულ მიხეილ სუხიშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც - 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.