საქართველოს ნაკრები დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მაინც პირველია - „ჯვაროსნებმა“ უკრაინასთან ნავსი ვერ გატეხეს

საქართველოს ნაკრები დამარცხდა, მაგრამ ჯგუფში მაინც პირველია - „ჯვაროსნებმა“ უკრაინასთან ნავსი ვერ გატეხეს

ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. „ჯვაროსნებმა“ უკრაინასთან ნავსი ვერ გატეხეს - პოზნანში გამართულ შეხვედრაში, უკრაინამ 1:0 მოიგო.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა - საქართველოს ნაკრებმა ბოლო ხუთი თამაშია იდენტური შემადგენლობით ითამაშა.

მატჩის დაწყებიდან მე-12 წუთზე სტადიონზე განათების პრობლემა შეიქმნა და თამაში 8 წუთით გაჩერდა, თუმცა შეხვედრის დელეგატებმა გადაწყვიტეს, რომ თამაშის ჩატარება შესაძლებელი იყო და შეხვედრაც გაგრძელდა.

თამაშის პირველი ტაიმი საკმაოდ ნელ ტემპში წარიმართა. უკრაინა ფლობდა სათამაშო უპირატესობას, რამაც შედეგი გამოიღო - 35-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილს ფეხი დაუცდა და ბურთი დაკარგა, მიხაილო მუდრიკმა საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავად დაარტყა, გიორგი მამარდაშვილი ბურთს ვერ შესწვდა და მასპინძლებმა გოლიც გაიტანეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, თამაშის ერთადერთი გოლი იყო.

გაშვებული გოლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს ბურთის კონტროლი უჭირდა. ამის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს - ჯერ იყო და გიორგი ჩაკვეტაძემ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა, ორჯერ ოთარ კიტეიშვილმაც სახიფათო ზონაში კარგი პასი გააკეთა, თუმცა ყველაზე კარგი მომენტი შესვენებამდე ქოჩორაშვილს ჰქონდა, როცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევრის სტარტზე გუნდებმა საგოლე მომენტები გაცვალეს: ჯერ გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა შესანიშნავად, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა უკრაინელთა კარს.

მეორე ტაიმის შუაში, სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, მცველები მოხხსნა და ნახევარდაცვა და შეტევა გააძლიერა. ჯერ ლევან შენგელია ჩაერთო თამაშში ლოჩოშვილის ნაცვლად, მერე ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ქოჩორაშვილი შეცვალა. 82-ე წუთზე გველესიანის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძე შევიდა მოედანზე. ვა-ბანკზე წასვლის შემდეგ, მე-8 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა კვარაცხელია პასის შემდეგ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა კვარაცხელიაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლიც არ ჩაითვალა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ასე რომ, სანიოლის გუნდმა მიმდინარე ერთა ლიგაზე პირველი მარცხი განიცადა.

თუმცა ეროვნული გუნდს სამი ტურის შემდეგ ერთა ლიგის B1 ჯგუფში 6 ქულა აქვს და ლიდერობას ჩეხეთთან ერთად იყოფს, რომელმაც ალბანეთი 2:0 დაამარცხა და ასევე 6 ქულა აქვს. მოგების მიუხედავად უკრაინა კი 3 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილას არის.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ უკრაინასთან ეროვნული გუნდის მაისურით 120-ე მატჩი ჩაატარა.

ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. ამ შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილი ვერ ითამაშებს, რომელმაც დღეს ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო.

რთული თამაში გამოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო, რადგან ამ სტადიონზე თამაში შეუძლებელია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა და გამოვასწოროთ დღევანდელი თამაში. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იყო, სამწუხაროდ, გოლი მეტოქემ გაიტანა და გაიმარჯვა“, - თქვა ქართველმა გოლკიპერმა.

ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, მარცხის ერთ-ერთ მიზეზად თამაშის ცუდი სტარტი დაასახელა.

საკმაოდ რთული თამაში იყო და მძიმე სტარტი გვქონდა, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. თამაშში მაღალი ინტენსივობით ვერ ჩავერთეთ და ბურთს მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. გაშვებული გოლის შემდეგ, თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით, რაზეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას მოედნის საფარიც ახდენდა. ახლა ძალების აღდგენა გვჭირდება და მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის. მოედანზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იყო და ძალიან სასიხარულოა გასვლით თამაშებში ამდენი ქომაგის ნახვა, რომლებიც ბოლომდე გვიჭერდნენ მხარს. სამწუხაროა, რომ ის შედეგი ვერ მივიღეთ, რასაც ველოდით და იმედია 3 დღეში, ალბანეთის წინააღმდეგ გამოვასწორებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ოთარ კიტეიშვილმა.

მარცხის მიზეზებზე ისაუბრა ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემაც და წაგების გამო გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

ძალიან დასანანი მარცხი იყო. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ უკრაინას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თამაშით გვაჯობეს. მატჩის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. რამდენიმე მომენტი ჩვენც გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. თბილისში, ალბანეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე უნდა გადავერთოთ.

ამ სტადიონზე ასეთი ცუდი მინდორი პირველად იყო. რა თქმა უნდა, მარცხს ამას არ დავაბრალებთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა საფარმა ჩვენზე მეტად იქონია გავლენა, ვიდრე მოწინააღმდეგეზე. ფეხბურთის თამაში გუშინ არ დაგვიწყია. გუნდში ყველა პროფესიონალია და ვიცით, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ, ჩვენთან სახლში, კარგ მინდორზე სხვა თამაშს ვაჩვენებთ. ყველაფერი წინ არის. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით, რომ ამ ეტაპზე ვერ გავახარეთ. ვეცდებით, რომ ეს წაგება მალე დავავიწყოთ. თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელებმა თამაში შეაფასა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა აღნიშნა, შეხვედრის კატასტროფულმა სტარტმა თამაშის ბედი გადაწყვიტა.

საწყისი 30 წუთი ნამდვილი კატასტროფა იყო. აგრესიულობა და ინტენსივობა გვაკლდა, უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა გვქონდა და იმედგაცრუება მაინც არსებობს, თუმცა, როდესაც მატჩს ისე იწყებ, როგორც ჩვენ დავიწყეთ, წაგება მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა იყოს. ეს, შეიძლება კარგიცაა იმისთვის, რომ ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ.

წარმატებული 8-10 თვის შემდეგ, ალბათ, მცირე მოდუნებაც იყო. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იოლი თამაშები არ არსებობს და თუკი წარმატების მიღწევა გსურს, ყველა მატჩი ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ზოგჯერ სირთულეებს უნდა შეეჯახო, რომ უკეთესი გახდე. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მატჩის ორი მესამედი ბურთი ჩვენ გვქონდა და უკეთესები ვიყავით და გოლის გაშვების მერე კარგი რეაგირებაც მოვახდინეთ.

სხვათა შორის, თუ გახსოვთ, ჩეხეთთან მატჩის საწყისი 15-20 წუთიც კარგი არ გვქონია და დასაფიქრებელია, რა არის ამის მიზეზი, რომ თამაშის სტარტი გვიჭირს. დღეს მხოლოდ გოლის მერე გამოვხიზლდით. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ არ ვართ გერმანია, ესპანეთი ან სხვა ტოპ-ნაკრები, რომლებსაც მაღალი კლასის ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ყველაფერს რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, გუნდური სულისა და თავდადების ხარჯზე იყო. შესაძლოა, დღეს, საწყის 30 წუთში ამის ნიშნები ნაკლებად იყო.

გიორგი მამარდაშილის მსგავსად, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც მოედნის ცუდი მდგომარეობა აღნიშნა და მას საშინელი უწოდა. სერჰიი რებროვმა საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.

„ძალიან ცუდი საფარი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მოედანი, რაც ოდესმე უნახავთ. თუმცა, მათ ხასიათი გამოავლინეს და 3 ქულა მოიპოვეს. 2-3 კვირის წინ არსებობდა შეკითხვა, თუ სად უნდა გვეთამაშა, მაგრამ მაშინ ამ სტადიონის არჩევა სწორი იყო, რადგან მოედნის საფარი ასეთ მდგომარეობაში არ იყო. 

საქართველოს ნაკრებს ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით, საჯარიმოსთან ახლოს ბურთით ხშირად არ დაგვეტოვებინა ისინი. ამიტომ, უფრო ახლოს ვეთამაშეთ. როგორც ნახეთ, მეორე ტაიმში კვარაცხელია უფრო სიღრმეში თამაშობდა, ჩვენთვის ეს უკეთესი იყო. ის შესანიშნავი ინდივიდუალური თვისებების მქონე მოთამაშეა“, - თქვა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთვნელმა.