კახეთში თანასოფლელებმა ერთმანეთი დახოცეს - კარდენახში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

კახეთში თანასოფლელებმა ერთმანეთი დახოცეს - კარდენახში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები

კახეთში, სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით for.ge-სთვის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები გამოცემასთან ჰყვებიან, ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი დახოცა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მესამე პირმა მოკლა, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ სროლა ორ ადამიანს შორის მოხდა.

ერთი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. დაუდგენელია მონაწილეობდნენ თუ არა სხვებიც ამ კონფლიქტში. გამომძიებლები მომხდარის დამატებით დეტალებს იკვლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილები არიან გიორგი ჩანყოშვილი და მამუკა გულიაშვილი. დაპირიპირების მოტივად შურისძიება სახელდება.

სოფელ კარდენახში ყვებიან, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება გარდაცვლილებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა, ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც.

მომხდარი მკვლელობის შემდეგ კრიმინალური პოლიცია მუშაობდა არა მხოლოდ შემთხვევის ადგილზე, არამედ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც. ჯერჯერობით უცნობია, რას სახის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და დგინდება არიან თუ არა ამ დანაშაულში ჩართული სხვა პირებიც.

„ორივე ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. რა მოხდა, რატომ იყვნენ ერთმანეთზე გადაკიდებულები ზუსტად არაფერი ვიცით. არის რაღაცა ვერსიები, მაგრამ რთულია ამაზე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი. ორივე თანასოფლელია და ერთი ასაკის ბიჭები არიან. იქნებიან ასე, 35 წლმადე. თავდაპირველად, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ, რაც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ ანაგრიშსწორებაში.

როგორც ჩანს, ორივე შეიარაღებული იყო და დაიწყეს სროლა. მოკლედ ორმხრივი სროლა იყო. ერთი ადგილზევე იყო დაღუპული. მეორე კი მძიმედ დაჭრილი. ადგილობრივებმა საკუთარი ავტომობილით წაიყავნეს და გზაში სისხლისგან დაიცალა. საავადმყოფომდე ცოცხალი ვეღარ მიიყვანეს. ეს კონფლიქტი ვიცით, რომ წლებია რაც აქვთ. ახლა კი უფრო გამწვავდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი ადრეც ჰქონდა. იყო თუ არა პოლიცია საქმის კურსში, არ ვიცით. ახლა კი ერთმანეთს შეხვედრიან და ეს ძველი წყენა ერთმანეთს ისევ გაუხსენეს“, - ყვება ადგილობრივი for.ge-სთან.

კიდევ ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საღამოს საათებში რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებმა კი ორი ადამიანი დაინახეს მიწაზე მწოლიარე. მათ მესამე პიროვნება არ დაუნახავთ. ამიტომ მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ მათ ერთმანეთს ესროლეს. ორივე მათგანს იარაღი ჰქონდა.

„რამდენჯერმე სროლის ხმა გავიგეთ და გინება. ერთმანეთს ესროდნენ, ვინც დაინახა. ავტომობილებს ეფარებოდნენ და გარბოდნენ. როგორც ჩანს, ჯერ ერთმა ესროლა, მეორემ კი თავდაცვის მიზნით გაისროლა. ანუ ერთმანეთი დახოცეს. სხვა პირები იყვნენ თუ არა ადგილზე, არ ვიცით. ხალხი რომ მივიდა, ორნი იყვნენ. ერთი უკვე გარდაცვლილი და მეორე დაჭრილი იყო. ორივე მათგანს იარაღი ჰქონდა. ჩვენივე სოფლელი ბიჭები ამოვიცანით. ადრეც ჰქონდათ უთანხმოება თუმცა აქამდე თუ იყო სიტუაცია მისული, არ ვიცოდით“,-გვეუბნება კიდევ ერთი ადგილობრივი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ika-ika ვახ რატომ ხოცავს ეს ხახლი ერთმანეთს, გაგიჟდება კაცი. :(
1 თვის უკან