საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ნავსი ვერ გატეხა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ნავსი ვერ გატეხა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ბათუმში უმასპინძლა. ჯვაროსნებმა უკრაინასთან  ამჯერადაც ნავსი კიდევ ვერ გატეხეს და ფრეს დასჯერდნენ -  უკრაინასთან მოუგებელი სერია გრძელდება - 11-დან 4 ფრე და 7 მარცხი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, წვიმიან ბათუმში ყველაფერი ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ დაიწყო - მატჩის საწყის წუთებზე მოედნის ცენტრში შეცდომა და კვირკველიას ავტოგოლი - მეტოქე ასე დაწინაურდა.

ვილი სანიოლმა დისკვალიფიცირებული ლაშა დვალის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, ხოლო მის მიერ გამოთავისუფლებულ ფლანგზე ლევან შენგელია ვიხილეთ. შეტევაში ფრანგმა სპეციალისტმა გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად ბუდუ ზივზივაძე არჩია. დისკვალიფიკაცია მოიხადა და გუნდს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი.

მე-7 წუთზე ქოჩორაშვილმა ბურთი ცენტრში დაკარგა, რასაც მოჰყვა უკრაინელების კონტრშეტევა, მუდრიკი ჩაწოდება და კვერკველიას ავტოგოლი - 0:1.

პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, თუმცა ის სახიფათო მომენტებს საერთოდ ვერ ქმნიდა, რასაც ვერ ვიტყოდით მეორე ტაიმზე.

შესვენებაზე სანიოლ ჩაკვეტაძის ნაცვლად ლიგა 1-ისთვის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გამოიყვანა და მას მალევე შეეძლო გატანა, კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, მაგრამ ძალიან არაზუსტად დაარტყა.

62-ე წუთზე ხვიჩამ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ უკრაინა ხარიხამ გადაარჩინა. ნაკრებმა 77-ე წუთზე გაათანაბრა - კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ქოჩორაშვილმა თავით დაარტყა, ტრუბინმა კი მოიგერია, მაგრამ იქვე მიქაუტაძემ დაამატა - 1:1. ამის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები უტევდნენ, თუმცა მათ შეტევას გოლი აღარ მოჰყოლია. ეგ კი არადა, მატჩის მიწურულს უკრაინამ აქეთ შეგვიტია და რომ არა მამარდაშვილი, შეიძლებოდა მეტოქეს გასახდელში გოლიც კი გაეყოლებინათ - გიორგი მამარდაშვილმა ზედიზედ ორი დარტყმა მოიგერია.

ამ ფრის შემდეგ ნაკრებს 7 ქულა აქვს და ვიდრე ჩეხეთი-ალბანეთის მატჩის შედეგი გახება ცნობილი, პირველ ადგილზეა. ყველაფერი კი, 19 ნოემბერს  ოლომოუცში ჩეხეთი-საქართველოს შეხვედრაში გადაწყდება.

თამაშის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში შეაფასა. მან უკრაინელების ბოლო წთებზე განხორციელებულ შეტევაზე გაამახვილა ყურადღება და გიორგი მამარდაშვილი შეაქო.

„მამარდა თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი უქნია, რასაც არ ვხედავთ ხოლმე, მადლობა მამარდას. უკვე ისე ვიყავი, გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გადმოხტა გმირი და გადაგვარჩინა. ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

გიორგი მამარდაშვილის თქმით, ჯგუფში დაძაბული სიტუაციაა და ჩეხეთთან აუცილებლი მოსაგებია.

„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. მგონია, რომ ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდეს არ არის მარტივი. თუმცა, კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“, - თქვა მამარდაშვილმა.

უკრაინასთან გატანილი გოლის ავტორის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის ნაკრებში 100%-ით იხარჯება.

„შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დავიწყე და გოლი ცვლილებიდან გავიტანე - მიხარია, რომ გუნდს ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ჯგუფში ერთი თამაში დაგვრჩა ჩეხეთის წინააღმდეგ, სადაც მოსაგებად უნდა ჩავიდეთ. ვცდილობ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო როგორც ნაკრებში, ასევე ლიონში და ამისთვის 100%-ით ვიხარჯები. ჩეხეთთან თამაში ძნელი იქნება, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქრო და აუცილებლად მოსაგებად გავიდეთ მინდორზე“, - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი ქოჩორაშვილი ავტოგოლში თავს იდანაშაულებს და ამბობს რომ შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, ძალიან სტკივა.

„ჩემს თამაშზე რომ ვთქვა, იყო შეცდომები, რომელსაც მენტალურად კარგად უნდა მივუდგე. თამაშის მომენტში ეს უნდა დაივიწყო და გუნდისთვის ყველაფერი გააკეთო. ეს შეცდომა ძალიან მტკივა, მაგრამ არ ვემალები, უნდა გავაანალიზო და ვიმუშავო. ყველანაირად შევეცდები, ჩეხეთთან ის ქოჩორა იხილოთ, როგორიც გახსოვთ. ძალა ჩვენშია, ჩეხეთთან ფინალს ვთამაშობთ და ამ ფინალისთვის მზად ვართ, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

„ჯვაროანთა“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

„ნამდვილად კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შეცდომის შემდეგ გოლი გავუშვით და გაგვიჭირდა. პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. ახლა, ასე სწრაფად ანალიზის გაკეთება რთულია, მაგრამ მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე ნახევარში შესანიშნავად ვიმუშავეთ, რაც აჩვენებს, რომ ამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, რომელიც გვქონია. შეხვედრის დასკვნითი ნაწილიდან გამომდინარე, ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ შედეგით, მაგრამ ასეთ დონეზე თითოეულ შეცდომას ძალიან დიდი ფასი აქვს.

მიღებული გოლის შემდეგ გუნდისთვის თამაში მენტალურად რთული იყო, დრო დაგვჭირდა რეაგირებისთვის, მაგრამ ეს სწავლის ნაწილია. რთული გზაა, მაგრამ ჩვენი განვითარების ნაწილია. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მიხარია, რომ გუნდმა ეს ყველაფერი მოედანზე ასახა.

ზურიკო განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მეტოქის დაცვას გაწელავდა და ეს შესანიშნავად გააკეთა. რაც შეეხება კვერკველიას, მან გუნდისთვის წარსულში ბევრი გააკეთა და იმსახურებდა თამაშს, თუმცა, შეიძლებოდა, ეს პოზიცია საბა გოგლიჩიძესაც დაეკავებინა, ტრავმა რომ არ ჰქონოდა“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე სანიოლიმ.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა,  სერჰიი რებროვმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თამაში შეაფასა.

„ასეთ მძიმე მოედანზე რთული მატჩი გამოვიდა. საქართველოს გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ძალიან მოტივირებული იყო. მიუხედავად ამისა, შეგვეძლო მატჩის ბოლოს მოგება, როცა კარგი მომენტი გვქონდა. თუმცა, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და ახლა მომდევნო შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ. გადამწყვეტი ფაქტორი, ვფიქრობ, რომ სწრაფი გოლი იყო. შემდეგ შედეგის შენარჩუნებაზე ვზრუნავდით. ამიტომაც იყო, რომ დაცვიდან ვთამაშობდით და ჩვენს მომენტს ველოდით. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ ამ მნიშვნელოვან მომენტში“, - აღნიშნა უკრაინის ნაკრების თავკაცმა.

 

 

Aburjga Tasmanieli იმკაცს სერჰიი არ ქვია!!! სერგეია მისი სახელი. არც უკრაინული ენა არსებობს. უბრალოდ რუსული ენის ერთ ერთი დიალექტია! მოეშვით ამ ძალად ევროპელობას. ისწავლეთ ისტორია, გაეცანით ლიტერატურას, გაიაზრეთ და მიხვდებით, რომ ეევროპა ეს წარმოუდგენელი სიმყრალეა, სირცხვილია კაცობრიობის! ბმული
2 კვირის უკან