სანიოლის ახალმა ტაქტიკამ არ გაამართლა - „ჯვაროსნები“ ალბანეთთან დამარცხდნენ და ჯგუფში ლიდერობა დაკარგეს

სანიოლის ახალმა ტაქტიკამ არ გაამართლა - „ჯვაროსნები“ ალბანეთთან დამარცხდნენ და ჯგუფში ლიდერობა დაკარგეს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია. უკრაინასთან წაგების შემდეგ, „ჯვაროსანთა“ თავკაცმა, ვილი სანიოლმა საამაშო ტაქტიკა შეცვალა და შემტევი ტაქტიკით გაიყვანა გუნდი ალბანეთთან. თუმცა, ამ ტაქტიკამ არ გაამართლა - ნაკრებს, რომელსაც გამარჯვება წყალივით სჭირდებოდა, ალბანელებთან მინიმალური ანგარიშით წააგო. ჩვენს ჯგუფში ფაქტობრივად ახლა ყველაფერი თავიდან იწყეა და სანიოლის შეგირდებმა, დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოიგონ.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მატჩის დასაწყისი თანაბარი გამოდგა, თუმცა პირველი რეალური მომენტი საქართველომ შექმნა. მე-5 წუთზე ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას კარის წინ ბუდუ ზივზივაძე გამოეხმაურა, რომელმაც ვარდანში დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. მე-11 წუთზეც გადაურჩა ალბანეთი გოლს, როცა დავითაშვილი-მიქაუტაძის შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ კარში ზურიკომ დაარტყა და ტომაშ სტრაკოშამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტუმრებმაც შექმნეს საგოლე მომენტი, მე-14 წუთზე ინდრიტ ტუჩის დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა მოიგირია, ამის შემდეგ მეტოქემ საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენჯერმე შეუტია, თუმცა, მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო და დავისაჯეთ კიდეც - საჯარიმოს მისადგომებიდან კრისტიან ასლანის დარტყმული მამარდაშვლმა ვეღარ მოიგერია და ალბანელებმა გოლი გაგვიტანეს. როგორც აღმოჩნდა, გაამრჯვების გოლი იყო ეს და ალბანელებმა საქართველოში პირველად მოგვიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევარში პირველი რეალური საგოლე მომენტი 71-ე წუთზე შექმნა - მიქაუტაძემ დაარტყა და მეკარემ აიღო, დამატებაზე უკვე მცველებმა დაუბლოკეს. კიდევ რამდენჯერმე სცადეს ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კარის დალაშქვრა, მაგრამ უშედეგოდ.

მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ზოგჯერ, მარცხის შემდეგ, ყველაფრის უარყოფითად დანახვა და ნეგატიურად გაანალიზება გვჩვევია. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით და მეტოქეზე მეტი შანსიც გვქონდა. მათ 2 მომენტი ჰქონდათ და გოლი გაიტანეს კიდეც. სავარაუდოდ, მარცხის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეტი სწორი გადაწყვეტილება არ მივიღეთ საჯარიმოსთან ახლოს. უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი.

სანიოლმა ტაქტიკურ ექსპერიმეტზეც ისაუბრა: „ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენე, რადგან ვიცოდი, რომ ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ვფიქრობ, რომ ჩვენს მოთამაშეებს არ გასჭირვებიათ ტაქტიკასთან შეგუება, თუმცა ბოლო პასი, ბოლო დარტმა ხშირად არ გამოგვდიოდა და შანსებიც ვერ გამოვიყენეთ. ამის გარეშე კი, სასურველი შედეგის მიღება შუძლებელია. ზოგჯერ მქონდა შეგრძნება, რომ ვჩქარობდით, როცა მეტი სიწყნარე გვმართებდა. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ამას გამოვასწორებთ. დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

კითხვაზე ითამაშებს თუ არა ასეთი ტაქტიკით მომავალშიც, ნაკრების მწვრთნელმა ასე უპასუხა: მომავალში რა იქნება, არ ვიცი, ვნახოთ. წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი გველის და ყოველთვის უნდა გქონდეს ტაქტიკურად მეორე, მესამე გეგმა. მეტოქიდან გამომდინარე შევარჩევ მომავალშიც ტაქტიკასაც და შემადგენლობასაც, ასე რომ, მსგავსი თერთმეტეული შეიძლება სხვა თამაშშიც ვიხილოთ. სასტარტოში საუკეთესო 11 კაცი დავაყენე და სათადარიგო სკამზე არ მქონდა შეტევის გაძლიერების რესურსი. მე არ ვამბობ, რომ სათადარიგო მოთამაშეების ხარისხი დაბალია, უბრალოდ ახლა ასეთი სურათი იყო.

სანიოლმა ქოჩორაშვილზე და მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი: „საქართველოს ნაკრებს ქოჩორაშვილის მსგავსი მეორე ფეხბურთელი არ ჰყავს. სწორედ ამან გამოიწვია ტაქტიკური ცვლილები. ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ და მუდმივად ვცადოთ სხვა შემადგენლობა, სხვა ტაქტიკა და მუდმივად საუკეთესო შედეგი დავდოთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ის ახლა რთულ სიტუაციაშია. ჩვენი მხრიდან მას მუდმივად ექნება მხარდაჭერა და არასდროს დავივიწყებთ, რა აქვს გუნდისთვის გაკეთებული. დღესაც გამოჩნდა, რომ მასზე უთამაშებლობა ცუდად აისახა, თუ თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, ეს მის ნაკრებში თამაშზეც მოახდენს გავლენას“, - თქვა ვილი სანიოლმა.

თამაში შეაფასა ალბანეთის მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს ალბანეთის ჰიმნის დროს დაკრული ტაშისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რომ ქართველების მხრიდან ეს კარგი ჟესტი იყო.

როგორც წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, ამ ჯგუფში ნებისმიერს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. ვილი სანიოლს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მას შეუძლია, სხვადასხვა ტაქტიკით თანაბრად კარგი თამაში აჩვენოს. ისევე, როგორც უკრაინასთან, მატჩის ბედი მისი გუნდის ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა ალბანელთა თავკაცმა.

განცდილი მარცხის შემდეგ, თამაში შეაფასეს ფეხბურთელებმაც. როგორც ბუდუ ზივზივაძემ თქვა, მომენტების რეალიზება გუნდს გაუჭირდა, მეტოქემ კი საკუთარი შანსი გამოიყენა.

მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მწვრთნელისგან მოცემული დავალებები ზუსტად შეგვესრულებინა, თუმცა მომენტების რეალიზაცია დაგვაკლდა - პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე და ვფიქრობ, რომ პირველივე წუთებზე რომ გამეტანა გოლი, დიდ უპირატესობას მოვიპოვებდით. მეტოქეს მცირე მომენტები ჰქონდა, საიდანაც ერთი გოლად გარდასახეს და სამწუხაროდ, დავმარცხდით. რა თქმა უნდა, გვსურდა, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მოგვეგო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ - ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა და ვეცდებით, რომ ნოემბერში სიტუაცია გამოვასწოროთ. - აღნიშნა ზივძივაძემ.

ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ეროვნულ გუნდს ერთი მომენტი გაეპარა, რის გამოც დაისაჯნენ.

„თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეორე ტაიმში მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ერთი მომენტი გაგვეპარა, რის გამოც დავისაჯეთ. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქე მჭიდროდ იცავდა თავს, უკნიდან გვეთამაშებოდა და გაგვიჭირდა გოლის გატანა. მიუხედავად ამისა, გვქონდა არაერთი მომენტი და გოლი მატჩის გარდამტეხი იქნებოდა. ფლანგის მცველის პოზიცია არ არის ჩემთვის კომფორტული, თუმცა ეს ეროვნული ნაკრებია და სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას, იქ ვითამაშებ. დღეს შედარებით გამიადვილდა, რადგან შეტევის დროს 3-მცველიან სქემაზე ვეწყობოდით და ოპტიმალურ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად ვდგებოდი“, - აღნიშნა ლუკა ლოჩოშვილმა.

ლევან შენგელია: სასიხარული იყო იმის ნახვა, რაც ალბანეთის ჰიმნის დროს მოხდა. საუკეთესო თამაში არ გვქონდა, მაგრამ არც ცუდი შეხვედრა გვქონდა. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ანგარიში გაგვეთანაბრებინა და თამაში გადაგვერჩინა, თუმცა არ გამოგვივიდა. შევეცდებით, ჯგუფში პირველი ადგილი დავიბრუნოთ“.

შეხვედრა შეაფასეს მეტოქის ფეხბურთელებმაც.

ინდრიტ ტუჩი: ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ. დიდი მადლობა გუნდს. მწვრთნელმა მატჩის წინ ნდობა გამომიცხადა, მითხრა, რომ ვითამაშებდი და კარგად მოვემზადე. მოვიგეთ, ესაა მთავარი. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს და პასს ვინ გააკეთებს. მატჩის წინ სამი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადეთ, მათ ორი ცენტრალური მცველით ითამაშეს, რაც ცოტა გასაკვირი იყო. მწვრთნელმა მითხრა, რომ ბურთი შემენარჩუნებინა, რათა გუნდს ამოესუნთქა.

კრისტიან ასლანი: ყველამ ვიცოდით, რომ გარდამტეხი თამაში იყო. ჩეხეთთან წაგების შემდეგ კრიტიკა მივიღეთ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ამბობენ სხვები. ტუჩიმ სუპერპასი მომცა და გავიტანე. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივარ, დღეს გუნდურად ვითამაშეთ, თავს ძალიან კარგად ვიცავდით. მართლაც ძალიან რთული იყო ასეთი, გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე თამაში, მაგრამ ალბანეთმა ხასიათი გამოავლინა.

ჩვენს ჯგუფში ჩეხეთის ნაკრები გალიდერდა. ჩეხებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა და 7 ქულა დააგროვა, საქართველოს ნაკრებს კი 6 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ ნოემბერში გამართავენ. 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებენ, 19 ნოემბერს კი სტუმრად ჩეხეთთს შეხვდებიან.