"რამდენიმე დღის წინათ თბილისში დაკავებული კადიევი უშუალო კავშირში იყო გასულ წელლს თურქეთში დაპატიმრებულ რუსლან პაპასკირთან, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტობაში სდებენ ბრალს. თურქეთის სპეცსამსახურები, დაზვერვა და ჟანდარმერია ვანო მერაბიშვილის დროინდელი შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი არ არის, რომ ზღაპრები შეთხზას და ადამიანს ტყუილად დააბრალოს ჯაშუშობა. მოკლედ, რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მომუშავე რუსლან პაპასკირი ახლო ურთიერთობაში იყო ვანო მერაბიშვილის უახლოეს გარემოცვასთან, კერძოდ, მის მოადგილე ამირან მესხელთან. სხვათაშორის, ამირან მესხელი, რომელიც საქართველოდან გაიქცა, ბოლო მონაცემებით, ბელორუსში იმალებოდა და დღეს გასარკვევია, ეს კაცი, საერთოდ, ცოცხალია თუ არა?! მესხელი არის სახიფათო მოწმე, რომელმაც იცის, რა კავშირები ჰქონდა მერაბიშვილს ბელარუსის "კაგებეს" შეფთან შეიმანთან და მისი მეშვეობით რუსეთის სპეცსამსახურებთან. საქართველოდან გაქცეული მესხელის კვალი სწორედ ბელარუსში იკარგება და ეს ბევრ კითხვას აჩენს", - აცხადებს სამხედრო ექსპერტი და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ვახტანგ მაისაია გაზეთ"ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მერაბიშვილს მთავარი და ყველაზე რეალური ბრალდება არა აქვს წაყენებული. დიახ, მერაბიშვილს უნდა წაეყენოს ჯაშუშობის ბრალდება, რადგან უკვე, ფაქტობრივად, დამტკიცებულია, რომ იგი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან!".
"რუსეთის სპეცსამსახურების საფარქვეშ მოქმედი პაპასკირის თანამებრძოლი კადიევი 2011 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში და ირკვევა, რომ მას პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მეშვეობით კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილის მფრინავთან ქორთოშიძესთან. ეს ძალიან საინტერესო დეტალია და საინტერესოდ იკვეთება პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახურის როლი. საერთოდ, პრეზიდენტის დაცვის სპეცსამსახური რატომღაც ჩრდილშია მოქცეული და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ჩადენილ სისხლიან დანაშაულებში ამ სპეცსამსახურის როლი საერთოდ შეუსწავლელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
"ჩემი პირადი მოსაზრებაა, შს სამინისტროს მიერ დაკავებული კადიევი და ომაროვი, შესაძლოა, სააკაშვილის დავალებითაც აპირებდნენ ტერორისტული აქტების განხორციელებას. გავიხსენოთ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სააკაშვილმა რა სპექტაკლი დადგა განმუხურში და შეიარაღებულ რუს სამხედროებთან ვითომდა დაპირისპირება როგორ გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის. გავიხსენოთ ე.წ. მუხროვანის ამბოხი, რომელიც სხვას არაფერს ემსახურებოდა, თუ არა სააკაშვილის პიარს. ერთი სიტყვით, სააკაშვილისათვის ძალიან დამახასიათებელია ასეთი წარმოდგენების დადგმა და საკუთარი პიარისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იგი ყველაფერზეა წამსვლელი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მერაბიშვილს მთავარი და ყველაზე რეალური ბრალდება არა აქვს წაყენებული. დიახ, მერაბიშვილს უნდა წაეყენოს ჯაშუშობის ბრალდება, რადგან უკვე, ფაქტობრივად, დამტკიცებულია, რომ იგი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან! როცა ჩემს სისხლის სამართლის საქმეს და განაჩენებს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება, კონკრეტული ფაქტები გამოჩნდება იმისა, რომ მერაბიშვილი უშუალოდ კრემლის დავალებებს ასრულებდა. თუმცა, ჩემს საქმეში მერაბიშვილი არის აისბერგის მწვერვალი და მის გარდა, არსებობს კიდევ არაერთი ჯალათი, რომლებიც კოჰაბიტაციის პირობებში დღესაც ინარჩუნებენ თანამდებობებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. მეტსაც გეტყვით, ლადო დათაშვილი დღეს არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. ეს ის დათაშვილია, რომელმაც ციხეში შემომიყვანა რუსული "ეფესბეს" თანამშრომელი, ვინმე სპარტაკი და იგი აწარმოებდა ჩემს დაკითხვას", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
"მერაბიშვილის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან მტკიცდება იჩქერიის დევნილი მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია მერაბიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან კოორდინაციაში ჩაატარა. იმავე ბრალდებას უყენებს მერაბიშვილს კავკასიის იმარატი და დოკუ უმაროვის ჯგუფი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ რუსლან პაპასკირი თურქეთში სასჯელს იხდის რუსული სამხედრო დაზვერვის აგენტობის ბრალდებით. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და იარაღის ტარების უფლება. ვინ გასცა პაპასკირზე იარაღის ტარების უფლების მოწმობა? ბუნებრივია, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. მეტსაც გეტყვით, მერაბიშვილის დროინდელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი მაზმიშვილს ძალიან საეჭვო კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელთან", - დასძენს რესპონდენტი.