„აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება, მაგრამ ამერიკელები ასე ადვილად არ დაივიწყებენ წერილის შინაარსს და მას თავის მეხსიერებაში შეინახავენ“

„აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება, მაგრამ ამერიკელები ასე ადვილად არ დაივიწყებენ წერილის შინაარსს და მას თავის მეხსიერებაში შეინახავენ“

მიხეილ ყაველაშვილისთვის გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს აშშ-ის ელჩი. უპარტიო დეპუტატი დარწმუნებულია, კელი დეგნანს წერილი ბოლომდე რომ წაეკითხა, ცრუ ბრალდებას არ წაუყენებდა. როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, ყურადღებით გაეცნო ელჩის პასუხს და გაოცებული დარჩა მისი დაუფარავი გაღიზიანებით.

„პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემ მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფეესბეს მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს, რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. მოგვიანებით, წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად აშშ-ის ელჩმა. დეგნანის თქმით, წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. დეგნანი ყველას რჩევას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ საქმე და 12 რეკომენდაციის შესრულება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ კელი დეგნანის პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და ემსახურებოდა პოლარიზაციის გაღრმავებას ქვეყანაში.

„მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ. როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მით უმეტეს, შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

აშშ-ის ელჩს ტაქტიკას უწუნებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ.

„როდესაც გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველ გუნდს ანტიამერიკული რიტორიკის გაღვივებაში ადანაშაულებს გიორგი ბარამიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ უნდათ საქართველო ომში ჩაერთოს, თუმცა მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვის შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ჯარმა, რომელსაც ბარამიძის შეფასებით, „მკვდარის ფუნქცია“ აქვს. მისივე თქმით, უმაღლესი მხედართმთავარი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა.

„სამეული რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ცხადია, აქაც ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ. ვინ ტყუვდება, ძალიან მაინტერესებს. ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი? რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან... ვის რაში სჭირდება, რა უნდა გააკეთოს ამათ ხელში, მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? რა უნდა გააკეთოს, ცხინვალის ბაზა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას, მით უმეტეს იმ მოტივაციით“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ თავდასხმები საერთაშორისო პარტნიორებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა დასავლეთს დავშორდეთ. „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რეალური ტესტი და პოლიტიკური ნების გამოვლენა პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნა იქნება და სესიაზე ისეთი საკითხების განხილვა, დაყენება და მიღება, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები.

„სამწუხაროდ, გვაქვს მოლოდინი, რომ თავდასხმები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან, კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც ვნახეთ ივნისამდე, რომ მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს და ნეგატიური პასუხი იყოს სტატუსთან დაკავშირებით. ამისკენ არიან მოწოდებულები და სამწუხაროდ, ეს პროცესი გაძლიერდება“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ის ელჩი ვალდებულია ღიად დააფიქსიროს პოზიცია „ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, თუ დიპლომატი „ტექნიკურ მთავრობაზე“ კითხვას ისევ აარიდებს თავს, ის დააზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც წარმოადგენს და რისი სურვილიც ქართველებს არ აქვთ.

„რომელ 22 ორგანიზაციაზე საუბრობს ქალბატონი ელჩი? იმ ორგანიზაციებზე ხომ არა, ვინც ბაკურიანში შეიკრიბა და რადიკალური პოლარიზაციის გეგმა დაწერა? ვინც მანამდე საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა და ვისაც „ტექნიკური მთავრობის“ გეგმა ჩაუფლავდა? იმის ნაცვლად, რომ მათ ნარატივს გაემიჯნოს ქალბატონი ელჩი, ამ ორგანიზაციების ნაწერს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტთან აკავშირებს. ეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხებას ხომ არ ისახავს მიზნად? ჩვენ ვიცით, სინამდვილეში, მათ ერთი გეგმა აქვთ, რომელსაც აღსრულება არ უწერია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ყაველაშვილის ადგილზე არ დაწერდა ამ წერილს ელჩის მისამართით, ან თუ დაწერდა სხვა პათოსით. თუმცა, მისი თქმით, ელჩის მხრიდან საკმაოდ შეურაცხმყოფელი ტონით პასუხიც, არაფერს მატებს მას როგორც დიპლომატს.

„მათი გადასაწყეტია, მათ შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე მე, თუ რა პოზიცია აქვს დასავლეთს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჯობდა ყოველგავრი წერილის გარეშე ჩვეულებრივი განცხადება გაეკეთებინათ. მათ ხომ განაცხადეს, რომ პარტიიდან იმიტომ გამოვედით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებასო. მე, მგონია, რომ წინასწარ უნდა განჭვრიტო, რა კონკრეტულ ნაბიჯს დგამ. ეს ხომ არაა, უბრალო მოქალაქის წერილი? პარლამენტის დეპუტატი წერს წერილს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩს, რომელსაც თავისი პოლიტიკური დატვირთვა და წონა აქვს. სავსებით გასაგებია, რომ ოპოზიცია ამას აუცილებლად გამოიყენებდა ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის და კიდევ ერთ „არგუმენტად“, რომ თითქოსდა ხელისუფლებამ გადაუხვია პროევროპულ კურსს“, - აცხადებს ანაჯაფარიძე.

ამიტომაც, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, როდესაც რაღაცას გეგმავ, აუცილებლად უნდა გათვალო ყველა მოსალოდნელი შედეგი და თუ იცი ეს შედეგი, უნდა გქონდეს სამოქმედო გეგმა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება, მაგრამ ამერიკელები ასე ადვილად არ დაივიწყებენ წერილის შინაარსს და მას თავის მეხსიერებაში შეინახავენ.

„მათ იციან, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო დროს განსხვავებულად ესმის მხარეებს. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სადაც წესით, არ უნდა ერეოდეს ელჩი, რადგან ეს ქვეყნის სუვერენული საქმეა. მათ შორის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება, სასამართლოს რეფორმა, გასაგებია, რომ მათ ფული ჩადეს ამაში და თვლიან, რომ აქვთ უფლება, მაგრამ მათი რიტორიკა და მათ შორის ელჩის რიტორიკა, ისე გამოიყურება, რომ ისინი დირექტივებს გვაძლევენ.

ეს მერე საზოგადოების ნაწილში იმ პერიოდთან ქმნის ასოციაციას, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ასევე იძლეოდა დირექტივებს კრემლი. ამიტომაც, მგონია, რომ საჭიროა ბალანსის პოვნა და იმიტომ ვთქვი, რომ სხვა ელჩებსაც ჰქონიათ პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა გვარდებოდა დიპლომატიის ფარგლებში და არ ხდებოდა საჯარო განხილვის საგანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, თავმოყვარე ადამიანს არ შეიძლება მოეწონოს კელი დეგნანის მოქმედება. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ელჩი არღვევს ყველანაირ თამაშის წესებს და მათ შორის დიპლომატიური ქცევის ეთიკას.

„ღია და დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს ქვეყნის ხელისუფლებაზე, ხალხზე, ახვევს მას თავის მოსაზრებებს და ეს მოსაზრებები არის „ნაცონალური მოძრაობის“ ღია და დაუფარავი მხარდაჭერა, სახალხო დამცველის და მისი მოკავშირე ა-ო-ების გამოცხადება ქართველ ხალხად, „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული მედიის ღია და დაუფარავი მხარდაჭერა და ზოგადად, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს - „რატომ არ ხდება ამერიკაში გადატრიალებები? იმიტომ, რომ აშშ-ის საელჩო არ არის ამერიკაში“. ამ გამოთქმას გვახსენებს ქალბატონი კელი დეგნანის ქცევა. ვისაც ეს მოსწონს, ისინი უნდა გაესინჯონ. მე მგონია, რომ თავმოყვარეობის და კერპთაყვანისმცემლობის ნაზავით შეპყრობილი უცნაური ხალხია, შეუძლებელია ეს ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

trampi ცივი წყალი დალიონ
1 წლის უკან
amo „სამეული რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ცხადია, აქაც ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ. ვინ ტყუვდება, ძალიან მაინტერესებს. ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი? რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან... ვის რაში სჭირდება, რა უნდა გააკეთოს ამათ ხელში, მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? რა უნდა გააკეთოს, ცხინვალის ბაზა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას, მით უმეტეს იმ მოტივაციით“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე. გ ა ი გ ე თ რამე? თვითონ ჭრის და თვითონ კერავს. ამ კაცის დონე პლინტუსია.
1 წლის უკან
amo მგონია, რომ საჭიროა ბალანსის პოვნა და იმიტომ ვთქვი, რომ სხვა ელჩებსაც ჰქონიათ პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა გვარდებოდა დიპლომატიის ფარგლებში და არ ხდებოდა საჯარო განხილვის საგანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ. ბ-ნო ზ ა ა ლ მერე მაგ ჩუმმა დიალოგმა შედეგი გამოიღო? ვერ დაგეთანხმები, სათქმელი, როგორც ჩანს, ხმამაღლა უნდა ითქვას.
1 წლის უკან
amo ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს - „რატომ არ ხდება ამერიკაში გადატრიალებები? იმიტომ, რომ აშშ-ის საელჩო არ არის ამერიკაში“. ამ გამოთქმას გვახსენებს ქალბატონი კელი დეგნანის ქცევა. ვისაც ეს მოსწონს, ისინი უნდა გაესინჯონ. მე მგონია, რომ თავმოყვარეობის და კერპთაყვანისმცემლობის ნაზავით შეპყრობილი უცნაური ხალხია, შეუძლებელია ეს ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე. ჭ ი რ ი მ ე შ ე ნ ი!
1 წლის უკან