"კონგრესმენები უნდა ჩამოიყვანო საქართველოში და აჩვენო ის ბინძური უკანონო ფარული ჩანაწერები, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში ამზადებდა. მაგრამ რად გინდა - ამ ფარული ჩანაწერების განადგურებას აპირებენ მანამდე, სანამ არ დადგება მათი ავტორების პასუხისმგებლობის საკითხი. შესაძლოა, სადღაც ერთ წელიწადში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადოს, რომ ყველაფერი ტყუილი იყო და არანაირი უკანონო არქივი არ არსებობდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ უკანონო მასალების დადგენა და ამოღება, რომელიც შსს-ს არქივიდან ხელისუფლების გადაბარების პროცესში გაიტანეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, ვინც გაიტანა ეს მასალა, არ ურეკავენ მთავრობის წევრებს და ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით, არ აიძულებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, როგორიც სურთ.… დავუბრუნდეთ კონგრესის განცხადებას - მაინტერესებს, სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ, როდესაც საქართველოში 9 წლის განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები?! მეორეც - საკვირველია, რატომ საუბრობენ კონგრესმენები პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, როდესაც ჯერ კონკრეტული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოუტანია განაჩენი?! საზოგადოებაში ასეთი განცხადებები გაკვირვებას იწვევს და დიდ დარტყმას აყენებს დასავლელი პოლიტიკოსებისადმი ნდობას. კონგრესმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - აცხადებს ექსპერტი კახა კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სად იყვნენ კონგრესმენები მაშინ?!".
"კონგრესის განცხადება "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ლობისტების მუშაობის შედეგი მგონია. შემთხვევითი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ხშირად ჩადის აშშ-ში, ახლახან იქ იმყოფებოდა გიგა ბოკერიაც. ახალი ხელისუფლება კი ამ მიმართულებით ვერ მუშაობს. ალბათ, დროულად უნდა გამოიტანონ დასკვნა, თორემ ასეთი განცხადებები გაგრძელდება. ასევე, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სისტემური დანაშაულები უნდა გახსნას, რომ დასავლეთში დარწმუნდნენ - ლამის პრეზიდენტით დაწყებული და კუდ-ის სამმართველოს უფროსით დამთავრებული, - ჩაბმული იყო უკანონო ქმედებებში. 26 მაისის საქმეზე მარტო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი კი არ უნდა დადგეს, არამედ იმ პროკურორის, მოსამართლისა თუ მაღალჩინოსნის, რომელთაც შსს-ს ხალხის დარბევა "გაუპრავეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიშვილი.
"თუ დადასტურდა ვერსია ტერაქტებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი -სად იგეგმებოდა ტერაქტი, ვისი დავალებით, ვისი დაკვეთით. მათი დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ 2011 წლიდან ინტერპოლი ეძებდა, კადიევი და ომაროვი კი თავს საქართველოს აფარებდნენ. 2011 წელს "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი იყო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აკონტროლებდა უამრავი ადამიანის გადაადგილებას და მიმოწერას. ჩნდება კითხვა - თუ ინტერპოლის მიერ ძებნილები საქართველოში იმყოფებოდნენ, ვინ მფარველობდა მათ? რეალურად, უმაღლესი თანამდებობის პირების მფარველობის გარეშე შეუძლებელი იყო ძებნილების საქართველოში ისე ყოფნა, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს არ დაეკავებინათ", - ამბობს რესპონდენტი.
"ეს ვიდეორგოლი ერთი დიდი ჯაჭვის რგოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ბევრი რამ ემთხვევა ერთმანეთს - 26 მაისს სააკაშვილის ჩასვლა ავღანეთში, უცნაური საუბარი ჯარისკაცებთან, ვიდეოს გავრცელება და ა.შ. ბევრი კითხვა ჩნდება. გამოძიებამ უნდა იმუშაოს შემდეგი კუთხითაც - რა განზრახვით ჩავიდა პრეზიდენტი ავღანეთში, რატომ შედგა ჯარისკაცთან ასეთი საუბარი და რატომ გავრცელდა ეს საუბარი მასმედიის საშუალებით. თუ გამოძიება მივა იმ დასკვნამდე, რომ ზემოხსენებულ ცალკეულ ფაქტებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. საქართველოში ქაოსისა და დაძაბულობის შექმნა შედის როგორც უცხოური სპეცსამსახურების, ისე ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტიის ინტერესში. ქაოსი და დაძაბულობა აზიანებს ქვეყანას, სახელმწიფოს იმიჯს და ინვესტიციას უქმნის პრობლემას. ვიცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის სტილია ქვეყნის იმიჯის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და შემდეგ ხელისუფლების უზურპაცია. მთავარია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა, ამიტომაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ დავასახელებ", - განაგრძობს კახა კახიშვილი.
"იუსტიციის საბჭოს არჩევნები მართლაც კუბლაშვილის კლანის გამარჯვებაა. ყველანი ველოდით, რომ 9 ივნისს ჩაეყრებოდა საფუძველი დამოუკიდებელ სასამართლოს. იუსტიციის სამინისტრო და საპარლამენტო უმრავლესობა გვარწმუნებდა - ისეთი ცვლილებები შეგვაქვს კანონში "სასამართლოების შესახებ", რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმის შედეგად თავისუფალ სასამართლოს მივიღებთო. ამ პროცესში პრაქტიკოს იურისტებთან კონსულტაციის სურვილიც კი არ გასჩენიათ. არადა, თეორიულად შეიძლება კანონი ეფექტიანი და ქმედითი გეჩვენებოდეს, მაგრამ პრაქტიკოსი იურისტების გარეშე ვერ გათვლი, კანონი როგორ იმუშავებს და შესაძლებელია თუ არა მისი მუხლების ინტერპრეტაცია. საერთოდ, როდესაც კეთილსინდისიერად კითხულობ კანონს, მისი ინტერპრეტაციის სურვილი არ გაგიჩნდება, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას ხომ უნდა გაეთვალა, ვისთან ჰქონდა საქმე?!. მიხეილ სააკაშვილის ბოლო მნიშვნელოვანი ბერკეტი სწორედ სასამართლო იყო. ამიტომ, როდესაც იცი, ვისთან გაქვს საქმე, ყველაფერი ისე უნდა გათვალო, რომ მას არ მისცე თვითშემოქმედების საშუალება. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შოუს დადგმით, კანონის ბუნდოვანი მუხლების ინტერპრეტაციით კოტე კუბლაშვილმა ახალი ვადით გაიყვანა საკუთარი მხარდამჭერები იუსტიციის საბჭოში. ეს მოხდა ტაშფანდურით და ვითომდა დემოკრატიის დემონსტრირებით. სერიოზული სპექტაკლიც კი გაითამაშეს უმცირესობამ და კუბლაშვილმა - ვითომ "ნაცმოძრაობა" კანონის მიღების წინააღმდეგი იყო, კუბლაშვილი კი აცხადებდა: მხარს ვუჭერ ასეთი ტიპის რეფორმასო. ახალმა ხელისუფლებამ მოადუნა ყურადღება, იფიქრა, რომ ვიღაცები დაადგნენ გამოსწორების გზას და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საერთოდ, მოსამართლეთა კონფერენციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ისე, თითქოს მართლა მოსამართლეთა კონფერენციასთან გვაქვს საქმე. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდნენ დაკვეთილი მძიმე გადაწყვეტილებების გამოტანით", - განმარტავს რესპონდენტი.
"მოსამართლეთა ნაწილმა იცოდა, რომ თუ კუბლაშვილის გარშემო არ გაერთიანდებოდნენ, საზოგადოებასა და პრინციპულ მოსამართლეებს ხელებს არ გადაუგრეხდნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. პრინციპულმა და შედარებით სამართლიანმა მოსამართლეებმაც დაუშვეს შეცდომა იმით, რომ ბოლომდე დარჩნენ კონფერენციაზე. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოახდინა კანონის ინტერპრეტაცია, დღის წესრიგის შედგენაში არ ჩართო კონფერენციის მონაწილეები, მოსამართლეებს არ მისცა საშუალება, კითხვები დაესვათ იუსტიციის საბჭოს კანდიდატებისთვის, დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინათ კონფერენცია და დაესვათ წერტილი იმისთვის, თითქოს ღონისძიება დემოკრატიულად ჩატარდა", - დასძენს კახა კახიშვილი.