რადიკალები ევროპაშიც გაიშიფრნენ - ევროპარლამენტარები არანაირი ტექნიკური მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ

რადიკალები ევროპაშიც გაიშიფრნენ - ევროპარლამენტარები არანაირი ტექნიკური მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ

ევროპარლამენტარები, რომლებიც 20 ივნისის აქციის დროს და მანამდეც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მოულოდნელად რიტორიკას ცვლიან და აცხადებენ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ერთად უნდა დაჯდეს და 12-პუნქტიან გეგმაზე, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ უნდა შეასრულოს, ერთად შეიმუშაონ. უფორ მეტიც, მათ პირდაპირ თქვეს, რომ არანაირი ტექნიკურ მთავრობას მხარს არ უჭერენ, რადგან ქვეყანას ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება ჰყავს.

რა შეიცვალა 20 ივნისიდან 3 ივლისამდე და რატომ განეწყო დასავლეთი ასე მოულოდნელად ოპოზიციის მიმართ სკეპტიკურად? არ არის გამორიცხული, ქართველი ხალხის მსგავსად მათაც იმედი გაუცრუვდათ და აღმოაჩინეს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაკავშირებით მათ ატყუებდა.

ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ ოპოზიცია, რომელიც ამ რთულ მომენტში, საკუთარ ხალხს ბრალს სდებდა, თითქოს რუსულ ხელისუფლებას ირჩევს, ამ ნარატივის გატანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე მის გარეთ ცდილობდა. 3 ივლისს კი აღმოჩნდა, რომ ეს ნარატივი აღარავინ დაიჯერა. დღეს დასავლეთში სუბიექტურად კრიტიკული ადამიანებიც კი სხვანაირად ფიქრობენ, რისი მიზეზიც, შესაძლოა, მცირერიცხოვანი აქციები იყო და მიხვდნენ, რომ ოპოზიციისთვის ევროკავშირი მხოლოდ შირმა იყო, რომლის უკან რევოლუციით ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი იმალებოდა.

ამასობაში საკანონმდებლო ორგანო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას იწყებს. პირველ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა საპროცედურო კომიტეტზე დაიწყება, მოგვიანებით კი დეპოლარიზაციის თემაზე შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს, რომელშიც მონაწილეობას ოპოზიციის ნაწილიც მიიღებს. შალვა პაპუაშვილი ოპონენტებთან პოლარიზაციის აღმოფხვრის გეგმას განიხილავს. მისი თქმით, პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესასრულებლად წამოიწყო, ინკლუზიურია და საჭიროა მასში ყველა პოლიტიკური ჯგუფი ჩაერთოს.

დეპოლარიზაციაზე სასაუბროდ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პარტიებში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ დროის გაჭიანურებას ცდილობს. ისინი მმართველ პარტიას უნდობლობას უცხადებენ და საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ. თითქმის 2-საათიანი შიდა კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლებას კვლავ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა მოსთხოვეს.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და გიორგი გახარიას პარტიას. სამივე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი დეპოლარიზაციის საკითხზე, პირველ შეხვედრაში მონაწილეობას აპირებს.

ოპოზიციას თანამშრომლობისკენ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის ეს კიდევ ერთი გზავნილი იქნება - თუ რა სურს რეალურად ოპოზიციას.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროპარლამენტარების შეცვლილი რიტორიკის მიზეზი ბევრი მდგენელი და ფაქტორი შესაძლოა იყოს. აბაშიძე მიიჩნევს, რომ თავად რადიკალური ოპოზიცია დაქსაქსულია და ამის თქმას ორგანიზატორებიც არ ერიდებიან. აბაშიძე აცახდებს, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას სრულიად არასერიოზული გეგმა შესთავაზა, რაც ტექნიკური მთავრობის შექმნას გულისმხობს. ძირშივე ამ არალეგიტიმურმა მოთხოვნამ საზოგადოებაშიც და ევროპარლამეტარებშიც გაურკვევლობა გამოიწვია. ამიტომაც მათ ოპოზიციას მოუწოდეს, რომ უფრო ადეკვატური მოთხოვნები წამოაყენონ და ხელისუფლებასთან ერთად 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა დაიწყონ.

„როდესაც ქვეყანაში კრიზისია, ვერ ყალიბდება მთავრობა, ვერ მტკიცდება სახელმწიფო ბიუჯეტი ან მასობრივ მღელვარებასთან  გვაქვს საქმე, ბუნებრივია, მთავრობა უნდა გადადგებს, რაც რეალურად არ ყოფილა. ევროპარლამენტარებმა დაინახეს, რომ საპროტესტო მუხტი იყო, სადაც ევროკავშირში რაც შეიძლება მალე გაწევრიანების მოთხოვნა წამოაყენეს, ხოლო როგორც კი ამ სურვილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება გადაწყვიტეს, ხალხი სახლებში წავიდა.

ევროპელებმა დაინახეს, რომ ეს არ იყო კრიზისი და ქვეყანაშიც ისეთი არაფერი ხდება, როგორც ამას ოპოზიცია ამბობდა. ამის პარალელურად, ხელისუფლებამ საქმიანი გეგმა წარმოადგინა, როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ზუსტად აი, ამ მდგენელებმა განაპირობეს ის, რომ მმართველი გუნდის ყველაზე აქტიური კრიტიკოსებიც კი ბრიუსელში მიხვდნენ, რომ არანაირ ანტიევროპულობას ადგილი არა აქვს და უბრალოდ, სააკაშვილის განშტოება ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს“, - აცხადებს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, სიტუაცია მეორდება - თავის დროზე ამერიკიდან და ევროპიდან ოპოზიციას კატეგორიულად სთხოვდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ჩიხში არ შესულიყო. აბაშიძე ვარაუდობს, რომ დასავლეთიდან ოპოზიციაზე ისევ იგივე ზეწოლა დაიწყება, რათა მათ ხელისუფლებასთან ერთად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყონ და რაღაცა კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმება მოხდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ამ პროცესში ჩართულობაზე მზადყოფნა გამოხატა. ვნახოთ, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ მოიქცევა. თუმცა ეს ხალხი რომ პოლიტიკაში სანდო პარტნიორი არ არის, ეს თავად არაერთხელ დაამტკიცეს. არაერთხელ ვნახეთ გიორგი ვაშაძის, „ლელოს“ ვიზიტები ევროპაში, რომლებიც საზოგადოებაში ცრუ მოლოდინს ქმნიდნენ. გვიმტკიცებდნენ, თითქოს „ოცნების“ ხელისუფლებაზე დღე-დღეზე სანქციები დაწესდებოდა. ვაშაძის შეხვედრების შინაარსი როგორიც იყო, კარგად გამოჩნდა ევროპარლამენტარების პასუხებიდან. მათ რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობა ნდომოდათ, არ იტყოდნენ, რომ საქართველოს ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება მართავს. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ატყუებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი არ გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტარების უცბად შეცვლილი რიტორიკა 3 ივლისის დაშლილი აქციის შედეგი იყოს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დასავლეთშიც ოპოზიციის დამსახურებით, გადამეტებული და ცრუ მოლოდინი ჰქონდათ. მათ ოპოზიცია არწმუნებდა, რომ ხალხში ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან დიდი მუხტი არსებობს და მათი ხელისუფლებიდან გაშვება სურდათ. თუმცა დაინახეს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება, ამიტომაც მხარდაჭერა ისევ ხელისუფლებას გამოუცხადეს.

„აქციის გავლენა ევროპარლამენტარებზე სავარაუდოა. მართალია, აქციები არ უხსენებიათ, მაგრამ მათი რიტორიკის ცვლილება ამ მოვლენებს საეჭვოდ დაემთხვა. ამიტომაც ამის ვარაუდის უფლება ნამდვილად გვაქვს. მესამე აქციაში უკვე გამოიკვეთა, რომ ეს პროცესი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში გადაიზარდა. შეცვლას მარტო ვინ ჩივის, გამოდიოდა, რომ ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლება უნდა დაბრუნებულიყო. მე მგონი ამან ევროპარლამენტარებზე გავლენა იქონია. ძნელია ამ პერიოდში გამართლება მოუძებნო იმ პოზიციას, რომ ახლა ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოში არეულობა დაიწყოს.

დასავლეთს ახლა ნამდვილად არ აწყობს, რომ ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს, რაც გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი „ნაციოანლების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები გაიზრდება. ეს ხალხი აქ ყველაფერს აკვირდება და ანალიზის უნარიც ძალიან კარგი აქვთ. კი ბატონო, თითქოს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის გარედან საპროტესტო მუხტის აგორებისთვის დახმარება გაწეულიყო, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ საქმე ისე არაა, როგორც ამას ოპოზიცია ამბობდა, ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირეს“, - აცხადებს საყვარელიძე.

 

მიშა ჰოდა, რადიკალები კი არა (მაგათ რა გაშიფრვა უნდათ?), ევროპარლამენტარები გაიშიფრნენ.
1 წლის უკან