რას წარმოადგენს ევრაზიის კავშირი? _ ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით, ალბათ, თავად პუტინსაც არ აქვს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ევრაზიის კავშირი მხოლოდ იდეის დონეზეა და რა გამოვა აქედან, პრაქტიკულად, არავინ იცის.
მიუხედავად ამისა, საქართველოში ამ იდეის მხარდამჭერები უკვე გამოჩნდნენ და ავღანეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, სოციალურ ქსელში სასწრაფოდ “ევრაზიის კავშირის” მხარდამჭერი ჯგუფი დააარსეს. ასე რომ, ევრაზიის კავშირს უკვე ოფიციალური მხარდამჭერები ჰყავს საქართველოში. რა მოხდება შემდეგ? _ ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ზოგადი მონახაზი “ევრაზიის კავშირის” თაობაზე შეგვიძლია, გავაკეთოთ.
“ევრაზიის კავშირის” გეოგრაფიის 80% აღმოსავლეთია _ მუსულმანური სამყარო, სადაც ფუნდამენტალისტ მუსულმანებს მიჰყავთ პოლიტიკური ვექტორი. აგრეთვე, სწორედ აღმოსავლეთში, უშუალოდ ჩვენს სამეზობლოშია ტერორისტების დიდი დაჯგუფებები, რომელთა შორის განსაკუთრებით აგრესიული “თალიბების” დაჯგუფება გახლავთ. ეს ის თალიბებია, რომელთაც ჯიჰადი გამოუცხადეს (ათეული წლების წინ) ქრისტიანულ სამყაროს და გეგმაზომიერად მოქმედებენ.
ცხადია, ჩნდება შეკითხვა _ ქრისტიანულმა პატარა საქართველომ როგორ უნდა იარსებოს ამ სამყაროში? “ევრაზიის კავშირის” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ რუსეთი დაიცავს ყველას და, მათ შორის, საქართველოსაც. კი ბატონო, მაგრამ როგორ? _ ყოველ შემთხვევაში, სანამ ამ ევრაზიის კავშირში, ნებით თუ ძალით, შევალთ, ალბათ, ღირს ამ შეკითხვის დასმა. მივყვეთ ბოლო ორი კვირის ფაქტების ქრონოლოგიას, რომელიც პირობითად, სამ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება დაიყოს:
ეტაპი პირველი: რუსებმა საოკუპაციო საზღვარი რამდენიმე კილომეტრით (ოფიციალური მონაცემები) გადმოსწიეს საქართველოს სიღრმეში და დაიჭირეს საქართველოს რიგითი მოქალაქეები (გლეხები, რომელთაც ამ ტერიტორიაზე სახლები, საძოვრები და ბაღ-ვენახები ჰქონდათ), მავთულხლართები გააბეს და ოფიციალური საზღვრის ფუნდამენტური მშენებლობა დაიწყეს.
ოფიციალური რუსეთი აცხადებს (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინის განცხადება), რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თავის საზღვრებს ავლებს. საქართველო შოკშია, მთავრობა დაბნეულია და ისიც შოკშია. საშველად ისევ დასავლეთს მიმართავს საქართველოს მთავრობა. ევროკავშირისა და ნატო-ს მხრიდან რეაქციამ არ დააგვიანა და რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ცნობილი ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეახსენეს, მაგრამ რად გინდათ?! _ ოფიციალურ რუსეთს დასავლეთის მითითებებზე რეაქცია არ აქვს. მოსკოველი პოლიტოლოგი ვლადიმერ ხომერიკი კი, ამბობს: “საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პუტინს უნდა შეხვდეს. პუტინი მზად არის, მიიღოს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი”. ცხადია, თავად პუტინის სურვილი რომ არ ყოფილიყო ივანიშვილთან შეხვედრა, ხომერიკი თავისი პასუხისმგებლობით ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ბატონი ბიძინა, პუტინის ირიბ გამოწვევას არ აჰყვა _ პუტინს არ შეხვდა, პირიქით, აქცენტი გააკეთა დასავლეთზე _ ევროკავშირზე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ნატო-ზე.
ეტაპი მეორე: კრემლის იდეოლოგი დიუგინი ცხინვალში ჩადის, სადაც იქაური ე.წ. ხელისუფლება “ევრაზიის კავშირის” მრგვალ მაგიდას ხსნის. ერთი სიტყვით, სადაც რუსეთია, იქაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ახალბედა “რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი” სრულ მზადყოფნაშია, “ევრაზიის კავშირის” წევრი ქვეყანა გახდეს. დიუგინი (თავის სტილში) განცხადებებს აკეთებს ცხინვალში და საქართველოს თითს უქნევს, უფრო სწორად, _ მუშტებს და საქართველო, თავისი მთავრობიანად, შოკიდან ვერ გამოდის. თუმც, ჯერ სადა ხართ!
ცხინვალში ვიზიტის შემდეგ, ბატონი დიუგინი ინტერვიუს აძლევს რადიო “გოლოს როსიის” და კარტებს ხსნის.
ალექსანდრე დიუგინი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი: “ჩვენ მზად ვართ, სადავო საკითხები ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ. ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ვურთიერთობთ ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, რომელსაც ბუნებრივია, შეუძლია და საკუთარი საზღვრების დემარკაცია უნდა განახორციელოს. მეორეს მხრივ, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვევარაუდა, რომ ამ ქმედებებს ლეგალურ საქმიანობად მიიღებენ თავად ქართველები, ან საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საზღვრების დემარკაციის საკითხზე ეს კოლიზია გარდაუვალია. ჩვენს გარდა არავინ აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა ჩვენ უნდა გავუძლოთ, რადგან ამ მიმართულებით რუსეთზე პერიოდულად იურიდიული, პოლიტიკური და დიპლომატიური შეტევები იქნება. ჩვენ მივიღეთ, ჩემი აზრით, ძალიან მკვეთრი და ძალიან სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევრაზიულ სივრცეში გადაწყვეტილებების მიმღები არა მხოლოდ ერთი ცენტრი _ ვაშინგტონი და მისი სატელიტები არსებობენ, არამედ, სულ მცირე _ ორი. ჩვენ მზად ვართ, სადავო საკითხები (იგულისხმება საქართველო), აუცილებლობის შემთხვევაში, ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ. ჩემი აზრით, ჩვენ მოკრძალებულად შემოვიფარგლეთ 2008 წლის აგვისტოში. როგორ გადავწყვიტოთ სიტუაცია მარტივად? თუ საქართველო “ევრაზიის კავშირში” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრიანდება, მაშინ “ევრაზიის კავშირის” ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხი, როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცის ტერიტორიაზე, მნიშვნელობას კარგავს ისევე, როგორც მაგალითად, ევროპაში. ერთადერთი საშუალებაა, მოვილაპარაკოთ საქართველოსთან, თუმცა, ჯერჯერობით, ვიღაც კვლავ ცდილობს, ჩვენთან კარტის გათამაშებას ძალისმიერი ზეწოლით, თუმცა თბილისმა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის არჩევის შემდეგ, მკვეთრად შეცვალა თავისი პოზიცია. ამიტომ, ივანიშვილო, მოდით, ააშენეთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიკამათებთ საზღვრების გამო. მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სამხრეთ ოსეთში, დემარკაცია არ იჩქარონ, ანუ ქართველებმა კეთილი ნების დემონსტრირება უნდა მოახდინონ და რუსეთზე ზეწოლას არ უნდა ეცადონ, თუმცა ამერიკელები აგრძელებენ მათ გამოყენებას საკუთარ თამაშში და შესაბამისად, ეს გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება”.
დიუგინის განცხადების შინაარსიდან გამომდინარე (იგი კრემლის რუპორი გახლავთ), “ევრაზიის კავშირში” თუ შევალთ, შევალთ აფხაზეთისა და ოსეთის ჩათვლით, მაგრამ რად გინდათ?! _ “ევრაზიის კავშირში”, როგორც დიუგინი აცხადებს, საზღვრები საერთოდ არ იქნება. სწორედ ეს არის კრემლის ფოკუსი, ფოკუსიც აღარაა, კრემლი პირდაპირ ამბობს, “ველიკაია რასია”-ს შემადგენელი ნაწილი გახდები იმიტომ, რომ “საქართველომ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ვერ შეძლოო” (ფრაზა დიუგინის განცხადებიდან).
ეტაპი მესამე: ინტერნეტში თალიბების ორი ვიდეო ვრცელდება. ნატო-ს ეგიდით ავღანეთში განლაგებულ ქართველ სამხედროებსა და პრეზიდენტს ჯიჰადით ემუქრებიან. მუქარას საქმეც მოჰყვა _ თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო ჰელმუდის ქართულ სამხედრო ბაზაზე და კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქართველი ბიჭების დაღუპვას სრულიად საქართველო გლოვობს.
თალიბების ვიდეოსთან დაკავშირებით (იყო თუ არა იგი ნამდვილად თალიბების?!) დიდი ეჭვი გამოითქვა. მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმეზე და ქართველები ერთმანეთს აბრალებენ. გამოძიებას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ რატომღაც ამ ვიდეოების ამტვირთავის სახელი ჯერ ხმამაღლა არ სახელდება. თავი გავანებოთ გამოძიებას და ვიდეოს ნამდვილი ავტორის ვინაობას, მთავარი ის არის, რომ უბედურება დატრიალდა, ქართველები ერთმანეთისაკენ იშვერენ თითს და ყველაფერი ეს “ვიღაცის” კარგად დაწერილი და გათვლილი სცენარია, რომელიც უკვე მოქმედებაშია გაშვებული.
სწორედ ამ ფონზე, უცბად, საქართველოში იქმნება “ევრაზიის კავშირის” მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც პრესკონფერენციას აწყობს და საქართველოს გადარჩენის გზას მხოლოდ “ევრაზიის კავშირში” ხედავს. იწყება ფართომასშტაბიანი “ევრაზიული კავშირის” შემოტევა სოციალურ ქსელში. რამდენჯერმე გაიჟღერა რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობამ, რათა საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვას ნატო-ზე. ფორსირებულად მიდის ნატო-ს დისკრედიტაცია საზოგადოებაში.
პოლიტკულუარებში ამბობენ, რომ კრემლი ძალიან აქტიურად აჩქარებს საქართველოს მიერთებას რუსეთთან, რადგან 2014 წლის ოლიმპიადას ახალი რეალობით უნდა შეხვდეს.
ნატო _ ჰო თუ არა
როგორც კრემლის პოლიტიკიდან ჩანს, თან ჩანს აშკარად, პუტინი “ევრაზიის კავშირს” ძალიან ჩქარობს. ჩქარობს არა მარტო ოლიმპიადის გამო, არამედ, იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესები სწრაფად უნდა განვითარდეს ევრაზიის ტერიტორიაზე.
ტრანსატლანტიკური ალიანსი, ანუ ნატო არ ჩქარობს, უფრო სწორად, ვერ ჩქარობს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არცთუ ახლო მომავალშია გადაწყვეტილი. ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი მიზეზი ის არის, რომ ნატო დიდი კონგლომერატია, ძალიან ბევრი წევრი სახელმწიფოა მასში და საქართველოს შეყვანას ყველა უნდა დაეთანხმოს. მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის ყველა მოთხოვნას, რაც, ჯერჯერობით, არ გამოგვდის.
რაც შეეხება რუსეთს, იქ ერთი პუტინია და თვითონ როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობა ცალსახად, დეკლარირებულად აცხადებს, რომ პროდასავლური ორიენტაცია აქვს.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ “ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანია” და აქტიურად ხვდება დასავლეთის მაღალჩინოსნებს.
ჯერ კიდევ აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის მეთაურთან, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალ ჯეიმს სტავრიდისთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერმა განაცხადა: “მოხარული ვარ, რომ გვაქვს პროდუქტიული თანამშრომლობა და იდგმება კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად”. თავის მხრივ ჯეიმს სტავრიდისმა კი, ქართველი ჯარისკაცების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას კი, ბატონმა ბიძინამ თქვა: “ნატო-ში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, 2003 წელს, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ეს არის დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი ერთობის მატარებელი ალიანსი და სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანი”.
პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არც ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორისაა აზრთა სხვაობა.
“ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ამ არჩევანს ხორცი შეესხას, რათა შენარჩუნდეს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ყველაფერს იღონებს, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების საქმეში. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერას”, _ განაცხადა ივანიშვილმა.
ყველა ეს განცხადება და შეხვედრა წინ უსწრებდა საოკუპაციო ზოლის გადმოწევასა და ჰელმანდის ტრაგედიას. მართალია, ამ ორმა ფაქტმა თავზარი დაგვცა ყველას, მაგრამ სწორედ ყველაზე რთულ და მძიმე სიტუაციაში საქართველოს მთავრობის არცერთ წევრს არ უთქვამს, რომ ქვეყანამ შესაძლოა, პროდასავლური პოლიტიკური ვექტორი შეცვალოს. იმ მძიმე წუთებში პრემიერმა კიდევ ერთხელ დეკლარირებულად განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური გეზი ნატო-ზეა მიმართული.
ჰელმანდის ტერაქტის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, შეწყვიტა ვიზიტი და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გადაფრინდა. სწორედ იქ ხმამაღლა განაცხადა: “საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებულია!”
საქართველო კრემლის გამოწვევას ღირსეულად შეხვდა _ ოფიციალურმა თბილისმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ნატო საქართველოს არჩევანია.
როგორც იტყვიან, წილი ნაყარია და ახლა ჯერი ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებზეა.
ასე რომ, დიუგინის, ამიტომ და იმიტომ ევრაზიის კავშირში უნდა შემოხვიდეთო, არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ არ გამოვა თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასე არ უნდა მიმართოს: “ივანიშვილო, მოდით, ააშენეთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიკამათებთ საზღვრების გამოო”.
და კიდევ ერთხელ “ევრაზიის კავშირზე” აღმოსავლეთის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსის კონფუცის სიტყვებით ვიტყვი: “თუ ეჭვი გეპარება, არ წახვიდე!”
სად უნდა წავიდეთ და სად უნდა შევიდეთ?! _ აზიაში? აზიელები თვითონ გარბიან დასავლეთსა და აშშ-ში და ჩვენ ჩვენი ნებით (ხაზს ვუსვამ, ჩვენი ნებით, რადგან ვერავინ ვერაფერს დაგვაძალებს თუ ჩვენ ვიქნებით პრინციპულები) მივდივართ ბნელეთში?!