რადიკალები 12 პუნქტში მხოლოდ ერთ პუნქტს ხედავენ - მთავარია, ივანიშვილი გაქრეს

რადიკალები 12 პუნქტში მხოლოდ ერთ პუნქტს ხედავენ - მთავარია, ივანიშვილი გაქრეს

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს. მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შეთავაზება ოპონენტებისთვის ერთგვარი ტესტია. მმართველი გუნდის სტრატეგიას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს და საკუთარი გეგმა გაასაჯაროვეს - „გადადგეს მთავრობა!“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს რეალურად უნდა გააკეთოს ის, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყანას, ამის ერთადერთი გზა საპარლამენტო მუშაობაა.

„ვინც ამ გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვითლუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის, ევროკავშირთან დაკავშირებული ეს ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად იმ მიზნით, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას. მათთვის მთავარი იყო რაიმე საბაბი მოძებნილიყო, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა, ქაოსი და ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში - განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, აქ უკვე არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეთავაზება, რომელიც გაკეთდა, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ შესრულდეს ის პრიორიტეტები, რაც ევროკომისიის მიერ დასახელდა საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი კვლავ რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი.

„ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე; ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება.

ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. არჩევანი დღეს არის მარტივი, ის, ვისაც უნდა ევროპა, უნდა შემოგვიერთდეს ჩვენ ამ წამოწყებაში, ვინც ჩვენ არ გვიერთდება, თავისთავად ის ამ ევროკომისიის წინადადებებზე, როგორც ჩანს, უარს აცხადებს. ამიტომ, პლატფორმა არის პარლამენტი, თემები არის განსაზღვრული, ვადები არის განსაზღვრული, ვისაც სურს ევროპა, მოვიდეს და იმუშაოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ხელისუფლების შეთავაზებას ოპოზიცია ქუჩის აქციებით პასუხობს. ცნობილია ულტიმატუმიც - სანამ მთავრობა არ გადადგება, ოპოზიცია არ აპირებს ჩაერთოს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში. ოპოზიციაში თვლიან, რომ მნიშვნელოვანია შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა და შესრულდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ დეპუტატს პაატა მანჯგალაძეს ირაკლი კობახიძის შეთავაზებამ სულხან-საბას იგავი „მელა მოძღვრად“ გაახსენა. იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინც იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი. როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, თუ განაცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა, რაც თავის მხრივ, ძალაუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ არ გვჯერა - ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ პირველ პუნქტად დეპოლარიზება დაასახელა. მე ჩემის მხრიდან ვფიქრობ, რომ თუ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა და ამასთან დაკავშირებით აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოცილდეს, საუბარს ამის შემდეგ აზრი აქვს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ხელს არ შეუწყობენ ფიქციური პროცესების შექმნას და უფლებას არ მისცემენ ოპოზიციას დააბრალოს 12 პუნქტის შეუსრულებლობა.

„იმისთვის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, საჭიროა, პუნქტების სწორი აღქმა. ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს რეალური რეფორმების განხორციელებას, სასამართლოს რეალურ დამოუკიდებლობას, დეოლიგარქიზაციას არა კანონის მიღებით, რომლითაც „ოცნება“ პუნქტს დააპლიუსებს, არამედ დეოლიგარქიზაციაში გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, კორუფციაში გულისხმობენ დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას.

სასამართლოს რეალურ რეფორმაში პირდაპირ გულისხმობენ, გავლენის ჯგუფების აღმოფხვრას. სამწუხაროდ, რაც „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მე პირადად გამიჩნდა კითხვები. მათ არ უსაუბრიათ დეოლიგარქიზაციაზე, არც ბიძინა ივანიშვილზე, არ უსაუბრიათ გავლენის ჯგუფების აღმოფხვრაზე. ცდილობენ, ტექნიკურ დონემდე დაიყვანონ და 12 პუნქტი ფართო პოლიტიკური შეთანხმების საგნად არ აქციონ“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

„გირჩს“ საკუთარი წარმოდგენა აქვს, როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა. პარტიის წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კომუნიკაცია ექნებათ ყველასთან.

„ჩვენ ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, როგორ უნდა შესრულდეს 12-პუნქტიანი გეგმა. ბუნებრივია, კომუნიკაცია ყველასთან გვექნება - მმართველ გუნდთან და ოპოზიციონერ კოლეგებთან. იმის მიხედვით, თუ რა პოზიციები ექნებათ მათ, გავაკეთებთ საბოლოო არჩევანს, თუ რა ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. მე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ამას შევასრულებთ“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

თავის მხრივ, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12-პუნქტიანი მოთხოვნების გეგმის შესრულება შესაძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტში ძალთა დაბალანსება მოხდეს. კერძოდ, 5 კომიტეტს ოპოზიციის წარმომადგენლები თავმჯდომარეობდნენ.

„ამის განხორციელებას დიდი დრო არ სჭირდება. კერძოდ, ხმათა 76% და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ძალიან მარტივადაა მისაღწევი. ასვე, ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომელიც ერთი მოსმენით უკვე გაიმართა და კიდევ 2 მოსმენაა საჭირო, რათა დამტკიცდეს.

ამასთან, როდესაც არჩევნებზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომელიც ეხება ცესკოს დამოუკიდებლობას, თავმჯდომარისა და მისი წევრების კონსენსუსის საფუძველზე დამტკიცებას. ეს იქნება მნიშვნელოვანი არჩევნებისადმი ნდობის ასამაღლებლად“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არის უნდობლობის უმაღლესი დონე. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცას შესთავაზებს ოპოზიციას და მას ბოლოს დათანხმდება, ამის ნდობა არ არსებობს.

„ხელი მოაწერეს იგივე მიშელის დოკუმენტს, რომელზეც მერე ხელისუფლებამ თქვა, რომ არ მინდაო. შეთანხმება იყო ნულპროცენტიან ბარიერზე, პროპორციულ სიაზე და მერე აჯანყდა ხუნდაძე და ჩაიშალა. უნდობლობის მიზეზი აქვს ოპოზიციას. ამიტომ, ხელისუფლებას რიტორიკა კი არ სჭირდება, სჭირდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ოპოზიციას სათქმელი არ ჰქონდეს“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისი თქმით, სხვა თემაა რამდენად სწორია საერთოდ ოპოზიციის გათვლები და პროცესი, რომელიც მას მიჰყავს. თუ, ამ პროცესს თავს დავანებებთ და პირდაპირ პრობლემაზე ვილაპარაკებთ, მთავარ პრობლემად რჩება უნდობლობა. ძაბირაძის განცხადებით, ამ უნდობლობის აღმოფხვრა ჯერჯერობით შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ჰქონდეს სათქმელი.

„ისევ შარლ მიშელის დოკუმენტზე ლაპარაკობს ოპოზიცია. ხომ შეუძლია ხელისუფლებას დაიწყოს ლაპარაკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და თქვას, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ გზას დაადგეს ნაბიჯ-ნაბიჯ?! ერთიანად ასეთი წამალი, რომ რაღაცას ხელისუფლება იტყვის და უცებ ეს უნდობლობა და პოლარიზაცია დასრულდეს, ასეთი რამე არ არსეობს.

მეორე მხარეა, რომ შეიძლება არც ერთ მხარს არ აწყობდეს ამ გზით სიარული, მაგრამ ჯერჯერობით არგუმენტები უფრო მეტი აქვს ოპოზიციას, ვიდრე ხელისუფლებას. ქალბატონმა დეგნანმა თქვა, რომ ხელისუფლებას აქვს დაჩქარებული წესით კანონის მიღების გამოცდილებაო - კი ბატონო, ასეა, მაგრამ ერთი კვირის წინ ისევ ჩინჩალაძეს რომ ნიშნავ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ და თან სასამართლო რეფორმებზე ლაპარაკობ, ამის რომ არ სჯეროდეს ოპოზიციას, ეს ხომ გასაგებია. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

 

Maverick ბატ. ვახტანგი ორმაგი სტანდარტების ლაბირინთში ჩაიკარგა!
ბატ. ვახტანგ! არამარტო მთავრობა, არამედ ქოც-ების ამაორჩეველიც არ ენდობა, რადგან, მარტო "გადადექი", "დაახვიე", "ოლიგარო დატოვე საქართველო" არ მოქმედებს; რადგან ამ ათი წლის მანძილზე მეტი უკეთესი შემოთავაზება არ დაუყენებიათ დღის წესრიგში!

გააქციეთ ოცნება, ჩვენ მოვალთ და ავაშენებთ "ძლევამოსილ" საქართველოს (სინამდვილეში ძლევამოსილად დედებს, ცოლებს, ქალიშვილებს გაგიბახებთ!), არ მოქმედებს!

ამ ათი წლის მანძილზე ერთი ჭკვიანი, ბრძენი ადამიანი, თუნდაც მდიდარი, ვერ მოძებნა ძალა-უფლების ხელში ჩაგდების სურვილით დაბრმავებულმა ნაბიჭვრებმა, რომელიც გამონახავდა საერთო ენას, დაიმსახურებდა ამომრჩეველის ნდობას და ამომრჩეველის ნდობით მიაღწევდა სულ მცირე 35-45%-ს მის მიერ შემოთავაზებული გუნდის წევრებით; მაგრამ სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული! პროჭჭჭოპოზიციის ბელადი, მისი "მოციქულები" არ ენდობიან ასეთ ადამიანს, რადგან მიშმაკურად შესაძლოა ხელისუფლებაში მოსულმა საფერფლით დაუხეთქოს თავები ამ ოპპროჭჭჭოპპპოზიციონერებს!!!
1 წლის უკან