სკანდალური წერილი, რომელიც ყველა პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანმა უნდა წაიკითხოს!

სკანდალური წერილი, რომელიც ყველა პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანმა უნდა წაიკითხოს!

იმ ასაკში ვარ, როდესაც გულჩვილობის გამო თვალზე ცრემლი არ უნდა მომადგეს. ცხოვრება იმდენჯერ მომქცევია სასტიკად და ულმობლად (სამართლიანად თუ უსამართლოდ _ ეს ჩემი განსასჯელი არაა), რომ ბევრი ხელს ჩაიქნევდა. სისასტიკე ათასგვარი არსებობს ისევე, როგორც _ სიყვარული... მახსოვს, სამართლიანობისთვის სამართალდამცავთა მიერ დახვრეტილი ჩემი მეგობრის ექსპერტიზაზე მხოლოდ მე შევედი. შევედი და გავძელი. ამ სისასტიკის შემდეგ, რომელიც თავად მოვუწყვე საკუთარ თავს, სხვის მიერ მოყენებული ტკივილი აბა, როგორ უნდა მტკენოდა? ნამდვილად არ მინდა, ვინმეს ტკივილის იარები გავუშიშვლო, მაგრამ ბოლოს, მორგში ექვსი წლის წინ ვიყავი. კართან მდგარი პოლიციელი მემუდარა, არა, არ შეხვიდეო, მაგრამ მაინც შევედი იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა _ უფრო ახლობლისთვის იქ შესვლა უფრო დიდი ტკივილი იქნებოდა. შევედი და ვნახე ახალგაზრდა, რომელსაც საათნახევრის წინ ვესაუბრე _ შეხვედრისას მხოლოდ ხელი გავუწოდე და არ გადავხვევივარ...

კიდევ?

არაერთხელ ვყოფილვარ გვერდიგვერდ სიკვდილთან.... ავარიაშიც მოვყოლილვარ, ინფარქტიც გადავიტანე, სამი ოპერაციაც...

ცრემლი? _ არა, ქვისგან ნათალიც არ ვარ, მიტირია, არაერთხელ მიბღავლია, ყველაფრის დალეწვის სურვილიც მქონია... უმწეოდაც ხშირად ვყოფილვარ. მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩემს რომანტიულობას რეალიზმმა გამოუცხადა ომი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიმიღია. ჰო, მიმიღია, ეს მერე გავაცნობიერე. არც ერთს არ მივეცი ომში გამარჯვების და დამარცხების უფლება. ვერაფერმა წაშალა ჩემში ორი “ბ”-ა _ ბარათაშვილი და ბაირონი. დღემდე ვეუბნები საკუთარ თავს: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება...”

და ბაირონივით დღემდე ვიბრძვი “სხვის ომში” იმიტომ, რომ მართალი, სიმართლე არ დაიჩაგროს, თუმცა რაღა სხვის, ჩემს ომში...

ვიცი და მესმის, რომ იქ, სადაც სიმართლეს კლავენ, თუნდაც სხვისას, თუნდაც ერთისას, ხვალ ჩემსას მოკლავენ, ჩემი შვილების სიმართლეს მოკლავენ, შენს, მის, ჩვენს, თქვენს სიმართლეს მოკლავენ! ჰოდა, ეს ომია სწორედ რეალობის სისასტიკის მსაზღვრელი (ნახეთ, რა კომფორტულად ცხოვრობენ ისინი, ვინც არ ომობენ!).

არც ამ ომს აქვს კანონები, როგორც ზოგადად ომს. მხოლოდ ჩემი ომი ექვემდებარება კანონს, წესს, რომელიც მე შევქმენი. ამ რეალობამ ჩემში ორი “ბ” არ უნდა დაამარცხოს. იცით? _ ყველაზე ძნელია, როდესაც ამ ორ “ბ”-ს და “მე”-ს ყველაზე ახლობელი ადამიანები არ იღებენ.  როდესაც ხვდები, რომ მათ შენ სხვანაირი უნდიხარ და სჭირდები _ პრაგმატული, ყოფითი, ხშირად გმირი, ყოველისშემძლე და ა.შ.

არავის აინტერესებს, რომ გიყვარს “ფიქრი მტკვრის პირას” და არც ის, რომ დამუხრუჭებული გრამაფონივით მუდამ იმეორებ:

“საუბედუროდ, ლხინის დროს ვისმენ

სიტყვებს არცა მტრის და არც მეგობრის,

არამედ მათი, ისევ და ისევ,

ქვეყნისგან ხეირს ვინც გამოელის!”

მერე?

რა, მერე?

მერე, მეც არ ვიცი, რა... ეს ომი ჩემთან ერთად დასრულდება, ალბათ... და კარგია, თუ მას გამარჯვებული არ ეყოლება, რადგან თუ სწორედ ასე დასრულდა, მაშინ გზა უვალი, “ჩემგან” თელილი დარჩება.

.......

რატომ ვთქვი ყველაფერი ეს? იმ სიბინძურემ მათქმევინა, რომელსაც ბოლო სამი დღეა, ვისმენ. სიკვდილით მოვაჭრეების პოლიტიკურმა პათეტიკამ გამაგიჟა, რომლებმაც ორ გროშად გაყიდეს თავიანთი პოლიტიკური გეგმები და ქვეყანა.

...დაკითხვაზე მყოფმა ევგენი მიქელაძემ გამომძიებელს უთხრა, თურმე: “აი, შემოვა ახლა ლავრენტი პავლოვიჩი და ყველაფერი გაირკვევა...” საიდან იციო, მიუგია “დოქსოპულოს”. მე მუსიკოსი ვარ და აბსოლუტური სმენა მაქვს, დერეფანში მიდის ახლაო, _ უპასუხნია ევგენი მიქელაძეს. დაბნეული გამომძიებელი კარს მივარდნია და... ოი, საკვირველებავ! _ მართლაც, მიაბიჯებდა წკვარამითმოსილ, წითელფარდაგმოფენილ დერეფანში ბერია. ამბობენ, ევგენი მიქელაძეს გახურებული სიმი გაუყარეს ყურშიო...

სულ “ბრინკა, ბრინკა”-ს ძახილით აწამეს მიხეილ ჯავახიშვილიო.

სანდრო ახმეტელს, განა, მართლა ცოლის სილამაზე არ აპატიეს? _ “ლამარაში” გაჟღერებულ თავისუფლებას შესწირეს ზვარაკად.

რუსულმა ტყვიამ მოკლა ილია ჭავჭავაძე და არა _ იმ ჭკუანაკლულმა ბერბიჭაშვილმა!

რუსეთის პოლიტიკამ შეიწირა ქართული სამღვდელოება, მოსპო და მიწასთან გაასწორა ქართული ეკლესია-მონასტრები.

მაშინ არ იყო რუსეთი ერთმორწმუნე?

იცით, პრობლემა რაშია? _ რუსეთმა რომ ქართული გონი და ინტელექტი გაანადგურა!

..........................

ნატო?

ევროპა?

ერთიც და მეორეც თავისუფლებაა. იცით, რა იყო და არის ამაზრზენი? _ რას გვიხდის ან ერთი ან მეორეო... თუ ვჭირდებით, რატომ არ გვაძლევენ უფრო მეტსო... ესაა ქართული კრეტინიზმი და ბედოვლათობა. ესაა უღირსობა და სიმდაბლე და სწორედ აქაა კვანძის გახსნაც.

რამდენიმე ხნის წინ ერთმა ქართველმა მოექსპერტო ელემენტმა შეკითხვაზე, რას ეტენებით ამ რუსებსო, ასეთი პასუხი გასცა: ბიზნესი არ გინდათ? ფული და ნორმალური ცხოვრება?

მართლა ჰგონია ვინმეს, რომ თუ რუსეთს დავემონებით, უჯარმელი გლეხი გაიმართება წელში? _ არა, ისევ გათახსირებული საზოგადოების მიერ აღზევებული უგათახსირებულესი ტიპების სოციალური სტატუსებისთვის უნდა ვიცხოვროთ...

იცით, რას იძლევა ნატო და ევროპა? _ თავისუფლებას! იმას, რომ საკუთარი შრომით, ნიჭით, სიბეჯითით აღწევ წარმატებას და შენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა და პირიქით და არა _ მლიქვნელობით. დიახ, მლიქვნელობით, რომელიც გათქმევინებს, მაშინ, ევროპამ გვიყიდოს ძვირადო. მონის ფსიქოლოგიაა ეს!

განა, იმას ვამბობთ, რომ 22 წელი გულარხეინობაში გავატარეთ სხვისი ხელის შემყურედ? 22 წელი იმას ვფიქრობდით მეგობარი, ახლობელი, მეზობელი, მოყვასი, ნაცნობი და უცნობი როგორ დაგვეჩაგრა, რომ “მე” ყოფილიყო კარგად. 22 წელი ერთმანეთთან ქიშპსა და უზნეობას მოვანდომეთ. ქვა ქვაზე არ დაგვიდვია და აგური აგურზე _ ქვეყნისთვის, თითზეჩამოსათვლელთა გარდა, არავის არაფერი გაგვიკეთებია. 22 წლის განმავლობაში უამრავი მოვკალით ტყვიითა და სიტყვით, შიმშილითა და შიშით... 22 წლის განმავლობაში მუდამ “მე”-ს გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და მიზნად გვქონდა, “ჩვენ”  დაგვემარცხებინა. 22 წლის განმავლობაში, ყოველი პოლიტიკური ცვლილების მეორე დღეს, ნაცნობების ძებნას ვიწყებდით, რათა “მე” გადიდგვეკაცებინა და განგვედიდებინა.

კიდევ, რა? რა და, _ ათასი სითახსირე... მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი ბედოვლათობის, უნიათობისა და მერკანტილიზმის გასამართლებლად, “კარგი ცხოვრების” უზრუნველსაყოფად იქით “მიგვიწევს” გული, სადაც თავისუფალ სიტყვას, სმენას და სანახაობას ისტორიულად კლავენ.

რატომ არ გინდათ ევროპა? _ იმიტომ, რომ ბევრი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად, განათლებაა აუცილებელი და არა _ სერთიფიკატი. ჩვენ კი, არც შრომა გვიყვარს და განათლებასთანაც ხომ მწყრალად ვართ. ჩვენ, ძირითადად, განათლებულების პოზას ვიყენებთ, მარიფათს ვიქებთ და სერთიფიკატებსაც ვშოულობთ და ვყიდულობთ!

........

ისევ მორიგი სისასტიკის თანამონაწილე ვხდები... ისევ პროზექტურაში მგონია თავი...  გლოვის დღეს, მთაწმინდის პარკის თავზე, ლაზერშოუ მოაწყვეს ქართველებმა! ქართული რადიოები მთელი დღე გემოვნებიან და უგემოვნო მუსიკას სთავაზობდნენ მსმენელს...

საქართველოში გლოვის დღე იყო, ქართველებო! გლოვის, მაგრამ თავისუფლების და არა _ გლოვა-მონობის, თუმცა გლოვა-მონობაა ლაზერშოუ, გადაჭედილი რესტორნები და იმაზე სჯა-ბაასი, რუსეთი თუ ნატო.

ისევ ბაირონის სიტყვებს მოვიხმობ:

“ბედო! ამას გთხოვ, წაიღე უკან

სიმდიდრე მთელი, რაც რამ მომეცი,

რჩეული გვარიც წაიღე უკან,

მძულს ყველა მონა, ყველა მომთმენი!”