„სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა, რომ კეტუკიას კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდებოდა იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“

„სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა, რომ კეტუკიას კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდებოდა იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად კატუკია ასახელებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან, მუდმივ რეჟიმში ზეწოლა ხორციელდებოდა. აღნიშნულს უკვე მოჰყვა „ქართული ოცნების“ წარმომადგებლების მხრიდან შეფასებები. მათი თქმით, თეა კატუკია ელჩის თანამდებობას არ შეესაბამებოდა და ამიტომ გაიწვიეს. ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი ელჩი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეგობარი იყო და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე სწორედ მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ერთგვარი დაპირისპირება არა თუ ნელდება, იზრდება და ღრმავდება. ეს ღია და აშკარა პროცესი აჩენს ეჭვს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დადგომა, რომელიც ერთი პერიოდი აქტუალური იყო, შესაძლოა კვლავ „გაცოცხლდეს“ და საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგად იქცეს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია მსგავს ნაბიჯზე არ წავა, რადგან ამით „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავის თავს გაინადგურებს. მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა, რომ პრეზიდენტის იმიჯი შელახოს, სრულდება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი იზრდება.

„მთლად ასე ნუ „გაიბანძებენ“ თავს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდ შარში ჩაიგდებენ თავს და განადგურდებიან. ამიტომ, იმპიჩმენტზე წასვლა „ქართული ოცნების“ განადგურებას ნიშნავს. ელჩის ასე დემონსტრაციულად წასვლა, აშკარად აჩვენებს იმ ტენდენციას, რაც „ქართულ ოცნებაშია“, - ყველას და ყველაფერს აკონტროლებენ. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია სალომე ზურაბიშვილის გაძლიერების. ამიტომ, ასეთი „ჩქმეტებით“ უნდათ, რომ ზურაბიშვილის რეპუტაცია შეასუსტონ, თუმცა, პირიქით, ზრდიან. ეს არის უგნურება, „ქართული ოცნებისთვის“ გამანადგურებელი მოქმედება. „ოცნებას“ არ ჰყავს რეალური მოწინააღმდეგე, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებაზე უფრო უდღეურია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ იმპიჩმენტი ძალიან ხმაურიანი მოვლენაა და პროცესი აქამდე არ მივა. როგორც მან For.ge-სთან საუბარში თქვა, თუ როგორ განვითარებდება მოვლენები, დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაქციას ექნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დასავლეთს.

„იმპიჩმენტი მეტისმეტად ხმაურიანი მოვლენაა და დაძაბულობა იმ სიმძლავრის არ ჩანს, რომ იმპიჩმენტამდე მივიდეს საკითხი. ამასთან, იმპიჩმენტის დადგომას საფუძველი უნდა, დანაშაული უნდა იყოს ჩადენილი და არ მგონია, რომ ზურაბიშვილთან რაიმე დანაშაულის ნიშნები იყოს. ამ მხრივ, ზურაბიშვილი არ იმსახურებს კრიტიკას.

განცხადება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ზეწოლას ახორციელებდა მასზე, ცოტა ოდიოზურად გამოიყურება.

როგორ განვითარებდება მოვლენები, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ რეაქციას მისცემს საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი. თუ „ოცნების“ ჯგუფსა დასავლეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ვვარაუდობ, რომ ზურაბიშვილი დასავლეთის მხარეს დაიჭერს, მაშინ მასსა და დასავლეთს შორისაც გამწვავდება ურთიერთობა. თუკი ურთიერთობა ჰარმონიულად წავიდა ჩვენსა და დასავლეთს შორის, ალბათ, ზურაბიშვილსაც არ ექნება სიტუაციის გამწვავების საბაბი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტი თეა კატუკიას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა.

„მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს ყოფილ ელჩზე. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მასზე. მაინც და მაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, მათ შორის, თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც სრულიად უკმაყოფილო იყო მის მიერ გაწეული საქმიანობით, არ ელაპარაკებოდა საერთოდ მას გარკვეული მიზეზების გამო“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩ თეა კატუკიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია და ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა.

ვოლსკის ინფორმაციით, თავად სალომე ზურაბიშვილიც აღიარებდა, რომ „მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდებოდა იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მიშა ბუნებაში არ არსებობს მოვლენა, რომელიც ზურაბიშვილის რეიტინგს აწევს მოსახლეობის თვალში.
პიროვნული მახასიათებლები აქვს არათავსებადი პოზიტიურად რომ განგაწყოს მის მიმართ.
1 წლის უკან