„ოპოზიციამ ამ აქციაზე მიზანს თუ ვერ მიაღწია, იმხელა რეპუტაციულ და პოლიტიკურ ზიანს მიიღებენ, 2024 წლის არჩევნებზე აღარც უნდა იფიქრონ“

„ოპოზიციამ ამ აქციაზე მიზანს თუ ვერ მიაღწია, იმხელა რეპუტაციულ და პოლიტიკურ ზიანს მიიღებენ, 2024 წლის არჩევნებზე აღარც უნდა იფიქრონ“

მოძრაობა „სირცხვილიას“ ულტიმატუმამდე ერთი დღე რჩება - 3 ივლისს გადაწყდება რას მოიმოქმედებს ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა და არც ტექნიკური მთავრობის შექმნას აპირებს ვინმე. პირიქით, „ქართული ოცნების“ სტრატეგიის მიხედვით, ევროკომისიის რეკომენდაციების შემუშავებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებენ. შეიქმნება საკანონმდებლო ინიციატივებიც, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო მიმართულებაზე. საპარლამენტო პარტიებთან ერთად პროცესში ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო სექტორი და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ამიტომ ახლა რთული წარმოსადგენია რა ბერკეტი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ხელში იმის მტკიცებულებად, რომ „ოცნება“ ქვეყნის ევროკავშირში სწრაფვას აფერხებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ ახლა პოლიტიკურად მკვდარი სეზონი იწყება და ოპოზიციას ძალიანაც რომ სურდეს, პერმანენტულ აქციებს ვერ დაიწყებს. ხოლო მოთხოვნები, რომელიც 24 ივნისს მათ მიერ იქნა წამოყენებული, არარეალურია და დაპირისპირება თავად ოპოზიციაშივე გამოიწვია. ამიტომ თუ ახლა მათ ხალხის საპროტესტო მუხტი ვერ გამოიყენეს, მათი დემორალიზება და გაკოტრება საბოლოოდ მოხდება. ხოლო 2024 წლის არჩევნებამდე ვერაფერს ვეღარ შეძლებენ.

ყველა პუნქტის წინაპირობა და ევროკომისიის პირველი მოთხოვნა ქვეყანაში დეპოლარიზაციას ეხება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ კი  ოპონენტებს ამისთვის კონკრეტული ფორმატი შესთავაზა.

პოლიტიკურ შეთავაზებებს მმართველი გუნდის ოპონენტებმა მალევე უარით უპასუხეს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის არგუმენტი ხელისუფლების მიმართ უნდობლობაა. მათი ნაწილი ამბობს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ტექნიკურმა მთავრობამ უნდა შეასრულოს.

ოპონენტების რიტორიკაზე მორატორიუმის გამოცხადების იდეა არ მოსწონთ იმ პარტიებშიც, რომლებიც მმართველი გუნდის დღევანდელ სამოქმედო გეგმას იწონებენ და თანამშრომლობასაც გეგმავენ.

ბურთი ახლა ოპოზიციის მხარესაა - მიაჩნიათ „ქართულ ოცნებაში“ და ამბობენ, რომ რეფორმების განხორციელებაზე უარით მათი ოპონენტები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ევროპული მომავლის წინააღმდეგნი არიან.

როგორ შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები? - კონკრეტული დრო - 6 თვე ევროსტრუქტურამ უკვე გაწერა. 12 პუნქტზე მუშაობის ვადები გაწერა „ქართულმა ოცნებამაც“, თუმცა მმართველ ძალასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს აცხადებს​.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ 3 ივლისის აქციის განვითარების შემდგომი ეტაპები დამოკიდებული იქნება იმაზე, აქციაზე რა რაოდენობის ხალხი მივა, ასევე - მათი მოტივაციის დონე და სურვილი - დადგებიან თუ არა პერმანენტულ აქციებზე. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრი აქცია გვინახია, რომელიც დროთა განმავლობაში იფიტება, შემდეგ კი ხალხი ნელ-ნელა აკლდება და როდესაც აქციის გამოფიტვა ხდება, ის არაფრით სრულდება.

„მე რასაც ვუყურებ, ამ აქციაში ძალიან დიდი რესურსია ჩადებული - ფინანსური, პოლიტიკური, საგარეო და საერთოდ დიდი რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ ორი აქციის განმავლობაში პოლიტიკოსები არ ჩანდნენ, 3 ივლისს მათ გამოჩენა უკვე მოუწევთ. თუ ახლა ოპოზიციამ ამ აქციაზე მიზანს ვერ მიაღწია და ხალხი დაიშალა, შემიძლია გარანტირებულად ვთქვა, რომ ოპოზიცია იმხელა რეპუტაციულ და პოლიტიკურ ზიანს მიიღებს, შეუძლია 2024 წლის არჩევნებზე აღარც იფიქროს, მას დამარცხება გარანტირებული აქვს. ამ ფაქტორების გარდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთი რა პოზიციას დაიჭერს. ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, ვაშინგტონში და ბრიუსელში მხარს უჭერენ.

კუბილიუსი გამოვიდა და ფაქტიურად ამ აქციას მხარდაჭერა აღუთქვა. არ გამიკვირდება, თუ აქცია მასშტაბური აღმოჩნდა, ისე როგორც მაიდანის დროს მოხდა, ევროპარლამენტარები ჩადიოდნენ უკრაინაში და მომიტინგეებს ამხნევებდნენ. თუ დასავლეთის მხარდაჭერა ექნებათ, დასავლეთზე ზეწოლა გაძლიერდება, როგორც ეს ხავერდოვანი რევოლუციის დროს ხდება ხოლმე. აქ კიდევ ერთ გარეომოებას მინდა ხაზი გავუსვა. სოციალურ ქსელებში მოსახლეობის ნაწილის პროტესტი ამ აქციის მიმართ შეიმჩნევა. თუ საზოგადოების მეორე მხარემაც მობილიზება მოახერხა, მაშინ ამ აქციის მსვლელობაზე ზეგავლენა ექნება“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ დასავლეთმა დაინახა, რომ აქცია მიილია, მაშინ ჩათვლის, რომ ხალხის პროტესტი არ არის და იტყვის, რომ ამ სიტუაციაში არ უნდა ჩაერიოს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ რაღაცა ნაწილში მოთხოვნებთან დაკავშირებით მესიჯები შეარბილა. ისინი ახლა ამბობენ, რომ ტექნიკური მთავრობა ხელისუფლებასთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს. როგორც ჩანს, კონსტიტუციონალისტების და იურისტების რეაქციის შემდეგ მიხვდნენ, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო მოთხოვნები წამოაყენეს.

„ახლა ოპოზიცია აცხადებს, რომ თითქოს კონსტიტუციას ხელისუფლება არღვევს, როცა ევროკავშირში გასაწევრიანებლად შესაძლო ძალისხმევას არ სწევს და პირიქით, თავისი ქმედებებით ხელს უშლის. კობახიძემ ეს ბერკეტი ოპოზიციას უკვე ხელიდან გამოაცალა, რადგანაც 12 პუნქტის შესასრულებლად კონკრეტული გეგმა წარადგინა. ოპოზიციას უთხრა - მოდი დავჯდეთ და განვიხილოთ. ამის შემდეგ ოპოზიცია თუ ისევ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს, ეს ცუდი მათთვისვე იქნება. სამწუხაროდ, ევროკავშირის მიერ მოცემული 6 თვე თუნდაც პოლარიზაციის დასასრულებლად, ძალიან ცოტაა. როცა ათწლეულების განმავლობაში ეს პოლარიზაცია არ სრულდება, ასე უცბად ვერ დასრულდება, მით უმეტეს იქ არ არის დაკონკრეტებული პოლარიზაციაში რა იგულისხმება. ამიტომაც მგონია, რომ დასავლეთი მაინც მოვლენების განვითარებას დაელოდება და ეცდება იმედი არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ მისცეს. ორივეს დააკვირდება და მოვლენების დინამიკა როგორც განვითარდება, იმის მიხედვით ან ერთის, ან კიდევ მეორეს მხარეს დაიჭერს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიცია ისევ ძველ შეცდომებს იმეორებს და უახლოესი პერიოდის ანალიზსაც ვერ აკეთებს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ 3 ივლისს ხალხი რუსთაველზე ნამდვილად მივა, მაგრამ ყველაფერი ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. მას არა აქვს იმედი, რომ ისინი ხალხის პროტესტის გამოყენებას შეძლებენ და ქვეყანაში პოლიტიკურად რაიმე შეიცვლება. პირიქით, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ქვეყანა საკმაოდ არასტაბილურ სიტუაციაში შედის, რაც სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს აჩენს.

„ოპოზიციის ამოცანა ისაა, რომ არჩევნებამდე ეს მუხტი რაც საზოგადოებაში 20 ივნისს გაჩნდა, შეინარჩუნოს. მუხტი არსად გაქრება, მაგრამ ოპოზიცია ხალხს დაკარგავს, თუ ამ აბსურდულ მოთხოვნებს არ მოეშვა. ვიქნებით ისევ იმ საფრთხის წინაშე, რომ აღელვებული ხალხი შესაძლოა რაღაცა პატარა ბიძგმაც კი ქუჩაში სპონტანურად გამოიყვანოს. ეს კი სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს ზრდის. „ოცნებას“, რა თქმა უნდა, შეუძლია პროცესები შეცვალოს, მაგრამ ამისთვის პოლიტიკურად მზად არაა. მარტო პოლიტიკის შეცვლა არ შველის. ოპოზიციას თუ უნდა, რომ დასავლეთიდან მხარდაჭერა ჰქონდეს, მაშინ ევროკავშირის მიერ მოცემულ 12 პუნქტს უნდა მიჰყვეს. როდესაც ამ თემების განხილვა პარლამენტში მოხდება, ხალხი ქუჩაში მაშინ უნდა იყოს გამოსული. იმის გამო კი არა, რომ მიტინგზე ვიღაცებმა ხელისუფლება გაინაწილონ და მინისტრობა მოუნდეთ, არა, რეალურ საქმეზე უნდა იყოს ყველა ორიენტირებული. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მათ პორტესტს შედეგი აქვს. ამ პროცესს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნება. თუ ამას შეძლებენ, მაშინ ოპოზიცია ამ მუხტს შეინაჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მუხტი გაილევა და ისევ ქუჩიდან სახლში დაბრუნდება. ოპოზიციას თუ ახლა ჰგონია, რომ თეთრ ცხენზე ზის, მალე ისევ ცხენის გარეშე დარჩება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, რა პროცესებიც ამ კვირაში განვითარდა, ზუსტად მსგავსი საქართველოში 1989 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც „ეროვნული მოძრაობა“ ტენქიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაარბიეს. მას შემდეგ ყველა პოლიტიკური ძალა ამ სამოქალაქო დაპირისპირების ელემენტს იყენებს, რაც ძალიან სახიფათო გზაა. ძაბირაძე ამბობს, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია 2009 წელსაც შეიქმნა, როცა ოპოზიცია ქუჩაში იყო გამოსული და ქვეყანაში პროცესები არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და სამოქალაქო დაპირისპირების რისკი გაქრა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს წვლილი მას არ უნდა დავუკარგოთ.

„ამ შემთხვევაში გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავ. დავუშვათ, ივანიშვილი იძულებული გახდა და პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, სიტუაცია ასე მარტივად არ არის. საგარეო ვითარება ძალიან შეიცვალა. დღეს ის ვითარება არ არის, როგორიც 2012 წელს იყო. ახლა ფაქტიურად მსოფლიო ომი მიდის. შიდა დაპირისპირებას ასევე გარე საფრთხეც ემატება. როცა ივანიშვილზე ვსაუბრობთ და პოლიტიკურ ნების არქონაზე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილზე ჩვენი ჩრდილოელი მეოზობლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდეს. საუბარი მისი სიცოცხლის ხელყოფაზეც შესაძლოა იყოს. არავინ ზუსტად არაფერი იცის, რა ხდება. ამიტომ მარტო მის პოლიტიკურ ნებაზე არ არის საუბარი. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხეც ემუქრება. ამასთანავე, ის რომ უკან დაბრუნდეს, რა გააკეთოს? რიგგარეშე არჩვენებამდე ქვეყნის მიყვანა თუ უნდა, „ოცნებას“ ისედაც დაშლის ამას მისი პოლიტიკაში დაბრუნება არ უნდა“, - ამბობს ძაბირაძე.