"ეს ორი პიროვნება - მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი საქართველოში შემოვიდნენ 2011 წელს, მანამდე ისინი იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით. საოცარი ფაქტია, 2003 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილმა 30-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელი ჩუმად დააკავა და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა. ამის შემდეგ, მოქალაქეობას ანიჭებს იმ ორ ადამიანს, ვინც შსს-მ გუშინ დააკავა. ეს მოხდა 2011 წელს, მათ სახელსა და გვარს უცვლის და შემოჰყავს საქართველოში", - აცხადებს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "საქმე იმდენად სერიოზულია, მე ვფრთხილობ…" / "აქ ლაპარაკი იყო არა მარტო ივანიშვილის ლიკვიდაციაზე".
"ორივე დაკავებული დაღესტნელია, ამას ნამდვილად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია, თანამშრომლობს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის სპეცსამსახურებთან მათი ინტერესების სასარგებლოდ. სააკაშვილი, პოზიციების დაკარგვასთან ერთად, ბუნებრივია, ამ კავშირების გამოყენებას მოინდომებს. თუმცა ჩვენ ვთვლით და ვფიქრობთ, ის, რაც უნდა მომხდარიყო საქართველოში, მარტო სააკაშვილისა და ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ინტერესი არ არის. ყველა იმ არეულობის უკან, რაც საქართველოში შეიძლება მოხდეს ტერაქტების სახით, ეთნიკური, რელიგიური დაპირისპირების სახით, ამ ყველაფრის უკან დგას ერთ-ერთი დიდი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
"სააკაშვილმა ამ ადამიანების შემოყვანაზე ზრუნვა დაიწყო 2009 წლის შემოდგომაზე და 2009 წლიდან ინტენსიურად მოქმედებენ ჩვენს ტერიტორიაზე. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებიდან მომისმენია, სააკაშვილი ახდენდა ჩრდილოკავკასიელთა დისლოკაციას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთთან სავარაუდო შეტევისთვის. რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში ის აპირებდა, ერთიანი კავკასიური ფრონტი დაეპირისპირებინა რუსეთისთვის, მაგრამ, თუ ეს ასე იყო, რატომ დახოცეს ლაფანყურში ეს ბიჭები რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელების ინტერესების სასარგებლოდ?! ჩვენ თავის დროზე გავშიფრეთ სიტუაცია, როდესაც კავკასიური ერთობის მომხრე და მხარდამჭერი დაღესტნელი შეიხი ააფეთქეს დაღესტანში, ეს იყო შარშან 15 აგვისტოს. 16 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმი და დაღესტანი-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთზე განლაგდა, სადაც ისინი უნდა გადასულიყვნენ, ანუ მათ იცოდნენ მარშრუტი, რადგანაც წინასწარ "ჩაშვებული" იყო, საიდანაც ესენი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყვნენ. 17 აგვისტოს კი მიშა სააკაშვილმა და მისმა მარკვენა ხელმა ვანო მერაბიშვილმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ამ ჯგუფის ლიკვიდაციისთვის", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მაშინ ლაპარაკი იყო არა მარტო ივანიშვილის ლიკვიდაციაზე, არამედ იმაზე, რომ ეს ადამიანები გამოეყენებინათ შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ოპოზიციის მაშინდელ ლიდერებზე ზეწოლისთვის. ამის პარალელურად მათ სურდათ, ისინი გამოეყენებინათ ფსევდო-ინციდენტისთვის, რომელიც შემდგომ მიხეილ სააკაშვილს საშუალებას მისცემდა, გმირად ქცეულიყო, ან არჩევნები გადაედო, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნების გადადება ამ სკანდალით არ მოხერხდებოდა, რადგან შეიძლება სისხლისღვრა გრძელვადიანი ყოფილიყო. ამიტომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, თემა მთლიანად დახურა და მოწმეების ლიკვიდაცია მოეხდინა", - განმარტავს ზაალ კასრელიშვილი.
"საქმე იმდენად სერიოზულია, მე ვფრთხილობ, ძალიან სერიოზული საქმეები გაიხსნება და ამიტომაც ვარ ფრთხილი. არ მინდა, გამოძიებას ხელი შევუშალო. ჩვენ ორი მიმართულებით გვჭირს უბედურება, ერთი ავღანეთში ქართველ მებრძოლებზე თავდასხმა, რომლის უკანაც თალიბები დგანან, მეორე კი - შიდა სამზარეულო, რომლის მიზანია მართვადი ქაოსი იყოს. ეს არის ერთი იდეის ორი ხელი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავი ერთია, მიზანია კავკასიაში მართვადი ქაოსის შექმნა. საპრეზიდენტო არჩევნების ბოლომდე საქართველოში იქნება მცდელობა ქაოსის, რადგან სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საარსებო გარემოა ქაოსი, არეულობა. მათი მიზანია, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა, ან სიბინძურით და ქვეყნის ინტერესების გაყიდვით, ქართველი ხალხის ღალატის ხარჯზე ისევ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, თუნდაც ძალის გამოყენებით. სააკაშვილის მიზანია ივანიშვილის მოცილება, რასაც დალაგებულ სიტუაციაში ვერ გააკეთებს, ამიტომ ესაჭიროება ქაოსი", - დასძენს რესპონდენტი.