Honda-ს სპორტული და ნოვატორული სამყარო

Honda-ს სპორტული და ნოვატორული სამყარო

განთქმულ ავტომწარმოებელთა შორის Honda Motor ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კომპანია გახლავთ. მიუხედავად ამისა, იგი აღნიშნული სფეროს ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც თვითმყოფადი, განუმეორებელი სტილი, მუდმივი ნოვაცია და დიდი პოპულარობა გამოარჩევს.

 

ნოვატორი დამაარსებელი

კომპანია Honda 1946 წელს იაპონელმა ინჟინერმა, გამომგონებელმა და ავტომრბოლელმა სოიჩირო ჰონდამ დააარსა. სწორედ მისი არაორდინალური, ნოვატორული და რაციონალური აზროვნების წყალობითაა, რომ კომპანია თავისი ისტორიის განმავლობაში ფაქტობრივად პირვანდელი სახით არსებობს. 1906 წელს ღარიბ ოჯახში დაბადებულ ჰონდას სკოლაც არ დაუმთავრებია, უკვე 16

წლის ასაკში ტოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში შეგირდად მოეწყო. ავტოტრანსპორტისადმი ადრეული სიყვარული მამის პროფესიამ განაპირობა, რომელიც მჭედელი იყო, ველოსიპედებს არემონტებდა და ხშირად შვილს იხმარდა.

 

1928 წელს ჰონდა ტოკიოდან მშობლიურ პროვინცია ჰამამაცუში დაბრუნდა და სარემონტო სახელოსნო გახსნა. ამავე წელს მან თავისი ასზე მეტი პატენტიდან პირველი მიიღო, როცა ველოსიპედის თვლის ხის მანა ლითონისათი შეცვალა. საერთოდ, ჰონდას თავისმა გამოგონებებმა მომავალში რთული საკითხების იოლი გზით გადამჭრელი ადამიანის იმიჯი შეუქმნა. 1938 წელს მან სარქვლიანი დგუშები

გამოიგონა, რაც მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. თავის გამოგონებებს ჰონდა მის მიერ 1937 წელს დაარსებულ კომპანია Tokai Seiki Heavy Industry-ში აწარმოებდა.

    მეორე მსოფლიო ომისაგან და მწისძვრისაგან ქარხნების ძლიერ დაზიანების შემდეგ ჰონდამ Tokai Seiki კომპანია Toyota-ს 450 ათას იენად მიჰყიდა. მაგრამ ეს დასასრული კი არა, დასაწყისი იყო. ერთხელ თავის ველოსიპედზე მოტორის მიმაგრების და ამგვარად მოპედის შექმნის და მეგობრებისათვის რამდენიმე ამგვარი მოპედის აწყობის შემდეგ ჰონდამ მსგავსი მანქანების წარმოებისათვის ხელის მოკიდება გადაწყვიტა.

 

1946 წელს მან დააარსა კომპანია Honda Technical Research Institute (ჰონნდას ტექნიკური კვლევის ინსტიტუტი) და ძრავების წარმოებას დაიწყო. 1948 წელს კომპანიას სახელი გადაერქვა, Honda Motor Company ეწოდა და მოტოციკლების წარმოებას შეუდგა. პირველი მოდელი Dream 1949 წელს გამოუშვეს.

 

მოტოგიგანტის მეორე მამა

ამავე პერიოდში კომპანიაში სამუშაოდ მოვიდა ტაკეო ფუჯისავა, რომელიც კომპანიის მეორე მამა-დამაარსებლად სრულიად სამართლიანად ითვლება. მას და ჰონდას შორის მოვალეობათა გადანაწილება მოხდა: ჰონდა წარმოების ტექნოლოგიების დახვეწაზე მუშაობდა, ფუჯისავა კი კორპორაციულ მართვასა და გაყიდვებს განაგებდა.

 

1950 წელს კომპანიამ ტოკიოში წარმომადგენლობა გახსნა და საქსოვი ფაბრიკა შეიძინა, რომელიც მოტოციკლების მწარმოებელ ქარხნად გადააკეთა, სადაც Dream-ის ახალი მოდელების გამოშვებას შეუდგნენ. 2 წლის შემდეგ ტოკიოში უკვე Honda-ს სათავო ოფისიც გადაბარგდა, კიდევ ორი ქარხანა გაიხსნა და პროფკავშირებიც შეიქმნა.

 

1954 წელს Honda Motor სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და მისი აქციებით ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო. ამავე წელს კომპანიამ მოტოციკლების აშშ-ში ექსპორტი დაიწყო, ხოლო ჰონდა Isle of Man-ს ეწვია და ევროპულ ავტომშენებლობას გაეცნო.

 

1955 წელს Honda მოტოციკლების წარმოების მხრივ იაპონიაში ლიდერი გახდა. ამ დროისათვის კომპანიას არაერთი ახალი მოდელი ჰქონდა გამოშვებული, რომლებსაც სხვადასხვა მოტორბოლებში გაემარჯვათ. 1956 წელს შემუშავდა კორპორაციული პრინციპები, რომელთა ერთგული კომპანია დღემდე რჩება. კერძოდ, სწორედ Honda-მ პირველსა შექმნა სერვის-ცენტრები და თავის პროდუქციაზე ერთწლიანი გარანტია შემოიღო.

 

შემდგომ წლებში Honda-ს მოტოციკლებმა კიდევ არაერთი გამარჯვება მოიპოვა. 1961 წელს კომპანიამ პირველმა მსოფლიოში შეძლო თვეში 100 ათასი მოტოციკლის გამოშვება. გაიხსნა ქარხნები ტაივანში, გერმანიაში და ბელგიაში. ამასთან, კომპანიამ ააშენა საკუთარი დანადგარების მწარმოებელი ქარხანა, რასაც Honda-ს კორპორაციული მოდელისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

აღსანიშნავია, რომ მოტოციკლების მსოფლიო ბაზარზე Honda-ს ეგზომ დიდი წარმატება ერთობ მსხვილ სარეკლამო, 5 მილიონი დოლარის ბიუჯეტის მქონე სარეკლამო კამპანიამ განაპირობა. სწორედ მაშინ გაჩნდა სლოგანი «საუკეთესო ადამიანები «ჰონდათი» დადიან». ამ კამპანიამ დიდად შეუწყო ხელი მთელს მსოფლიოში მოტოციკლების პოპულარიზაციას.

 

სპორტული და ეკონომიური

მოტოციკლების მსოფლიო ბაზარზე ლიდერობის მოპოვებისთანავე, 1963 წელს Honda-მ ავტომობილების გამოშვება დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პირველი მოდელი პატარა სპორტული ავტომობილი S500 გახლდათ. აღსანიშნავია, რომ იაპონიის მრეწველობის სამინისტრო აცხადებდა, რომ ქვეყანას კიდევ ერთი ავტომშენებელი არ სჭირდებოდა, მაგრამ სოიჩირო ჰონდამ თავისი ხასიათი კვლავ

გამოავლინა და დასახული მიზნისაკენ სვლა არ შეწყვიტა. S500-ს უმალ მოჰყვა პატარა სატვირთო ავტომობილი T360.

 

ავტოწარმოების სპორტული ავტომობილით დაწყება შემთხვევითი არ ყოფილა. 1964 წელს Honda-მ ფორმულა 1-ში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ერთი წლის შემდეგ კი კომპანიის ბოლიდმა მექსიკის გრან-პრი მოიგო. მომდევნო წელს Honda-მ ფორმულა 2-ში ზედიზედ 11-ჯერ გაიმარჯვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ამასთან, აამოქმედა თავისი წარმომადგენლობა ლონდონში და შექმნა მსოფლიოში ყველაზე პატარა გენერატორი.

 

კომპანია წინსვლას კვლავაც აგრძელებდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი 1972 წელი იყო, როცა კონვეიერიდან ჩამოვიდა განთქმული Civic-ის პირველი მოდელი. სწორედ ამ მომენტიდან მოიპოვა Honda-მ იაფი და ხარისხიანი ავტომობილების მწარმოებლის იმიჯი. 1973 წელს პენსიაზე გავიდნენ სოიჩირო ჰონდა და ტაკეო ფუჯისავა, თუმცა ისინი კომპანიის ახალი პრეზიდენტის კიიოსი

კავასიმას მთავარ მრჩეველებად რჩებოდნენ.

 

1974 წელს, როცა იაპონიას თავს სანავთობე კრიზისი დაატყდა, რამაც თითქმის ყველა ავტომწარმოებელზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, Honda-მ პირიქით, წარმოების გაორმაგებისა და ფასების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 1975 წელს პირველმა სწორედ Honda-მ შემოიღო ავტომობილების კრედიტით გაყიდვის სისტემა, ერთი წლის შემდეგ კი გამოუშვა კიდევ ერთი წარმატებული მოდელი Accord, რომელსაც Prelude მოჰყვა. ამასთან, აშენდა ტოჩიგის საცდელი პოლიგონი და დაარსდა საზოგადოებრივი ფონდი.

 

გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში Honda იაპონიის სამ უმსხვილეს ავტომშენებელს შორის შევიდა. გარდა ამისა, კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. Honda-ს ავტომობილები სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. 1983 წელს გამოვიდა კიდევ ერთი განთქმული მოდელი Ballade Sport CRX. 1986 წელს Honda-ს ავტომობილებმა პარიჟი-დაკარის ავტორბოლაზე პირველი სამი ადგილი დაიკავა.

 

1987 წელს კომპანიამ მსოფლიო 4WS სისტემის და უსაფრთხოების ბალიშების გამოგონებით გააოგნა. ამან Honda-ს ავტომობილები კიდევ უფრო პოპულარული გახადა და იგი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზად კომპანიად აღიარეს. გარდა ამისა, 80-იანი წლების ბოლოს სოიჩირო ჰონდა, რომელიც 1991 წელს გარდაიცვალა, პირველი აზიელი გახდა, რომელსაც აშშ-ს საავტომობილო დიდების დარბაზში აღნიშვნის პატივი ერგო.

 

90-იანი წლები Civic-ის მეორე თაობის და იმ პერიოდის ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი NSX-ის მოდელების გამოშვებით დაიწყო. ამ პერიოდში მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარული Civic-ის ბაზაზე შექმნილი კაბრიოლეტი CRX Del Sol გახლდათ. 1996 წელს გამოვიდა ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიცაა Logo და Stepwagon და Honda-მ მსოფლიო კვლავ სიახლეებით, ამჯერად ATTS-ის სისტემით და ადამიანის მსგავსი რობოტით გააოცა.

 

21-ე საუკუნეში კომპანიამ HR-V-ს უნივერსალური მოდელის გამოშვებით შეაბიჯა. Honda კვლავ ადრინდელი სტრატეგიის ერთგული რჩება და აქცენტს სპორტული და ეკონომიური ავტომობილების და მოტოციკლების გამოშვებაზე აკეთებს. გარდა ამისა, ძალზე პოპულარულია მისი სპეცტექნიკა, ძრავები და სხვა. ამ დროისათვის მსოფლიოს 35 ქვეყანაში Honda-ს 127 საწარმო მუშაობს. კომპანია მოტოციკლების წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერი გახლავთ და ავტომშენებელთა პირველ ხუთეულში შედის. ამასთან, ბევრი სხვა ავტოკონცერნისაგან განსხვავებით, სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს, რადგან სამომავლოდ განვითარების, წინსვლისა და სახის შენარჩუნებისათვის სრულიად საკმარისი პოტენციალი აქვს.