ადვოკატის განცხადებით, „სანის“ დირექტორის დაკავებით ზაზა გოროზია იყო დაინტერესებული

ადვოკატის განცხადებით, „სანის“ დირექტორის დაკავებით ზაზა გოროზია იყო დაინტერესებული

სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 ივნისს სხდომა გაიმართა. პროკურატურა კომპანიის დირექტორს, სერგო გვარამიას და ორ ბუღალტერს - ეკატერინე გოგოხიას და ეკა ჯაბუას ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისებაში ადანაშაულებს, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ბუღალტრებმა ეკა ჯაბუამ და ეკატერინა გოგოხიამ დირექტორის, სერგო გვარამიას დავალებით თანამშრომლების, თორნიკე ცხადაიას და მამუკა ყურაშვილის სახელზე სხვადასხვა დროს, ჯამში 7 მილიონ 254 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ყალბი სალარო გასავლის ორდერი გამოწერეს. პროკურორის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხა რეალურად დირექტორმა აიღო და არა თანამშრომლებმა.

თავის მხრივ, სერგო გვარამიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასამართლოს განუცხადა, რომ პროკურატურის ბრალდება უსაფუძვლოა. მისივე თქმით, სერგო გვარამიას დაკავებით დაინტერესებული იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან კაკავა და ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია.

„პროკურატურის მხრიდან გადმოგვეცა სატელეფონო საუბრების და ფარული მიყურადების ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ლევან კაკავა ზაზა გოროზიასთან დაახლოებული პირი იყო და თუ ამ მტკიცებულებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ გამოდის, რომ ლევან კაკავა მფარველობდა სერგო გვარამიას კონკურენტ სამშენებლო კომპანია „დაგს“ , რომელსაც თავის მხრივ, გოროზია ლობირებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა.

მოსამართლე დავით გელაშვილმა მტკიცებულებების გამოკვლევა 21 ივნისამდე გადადო.

სამართალდამცავებმა შპს „სანის“ დირექტორი სერგო გვარამია შარშან 8 დეკემბერს დააკავეს. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს დაკისრებით შეცვალა.

შპს „სანი“ სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მას 2010-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 52 მილიონი ლარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა საამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად.

 

კერძოდ, ჩხოროწყუ-ტალერის გზის მონაკვეთის, ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის, ზუგდიდის შიდა ქუჩების, ფოთში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თვრამეტი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის და ანაკლიის და განმუხურის ბულვარის და სხვა ობიექტების მშენებლობისთვის.

 

კომპანია „სანის“ საკუთრებაშია ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ და იახტკლუბი.